ბათუმში პრეზიდენტის რეზიდენცია რუსეთის დუმის წევრმა იყიდა

ბათუმში პრეზიდენტის რეზიდენცია რუსეთის დუმის წევრმა იყიდა

ბათუმის ცენტრში, მემედ აბაშიძისა და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩების კვეთაზე მდებარე საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი ფილიალის შენობა საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია აღარ იქნება. მიხეილ სააკაშვილმა ქალაქის ელიტურ ადგილას დაბინავებაზე უარი თავადვე განაცხადა, თუმცა ამის შესახებ არც ოფიციალური კომენტარი გაკეთებულა და არც რაიმე კონკრეტული, დოკუმენტური მტკიცებულება არსებობს.

სამაგიეროდ, არსებობს ქალაქი და ბათუმელები, სადაც ყველა სიახლე ელვის სისწრაფით ვრცელდება და, როგორც წესი, უტყუარ მტკიცებულებას წარმოადგენს. ეროვნული ბანკის ყოფილ შენობაში საპრეზიდენტო რეზიდენციის განთავსებასთან დაკავშირებით, ინფორმაცია ჯერ კიდევ გასული წლის გაზაფხულიდან გავრცელდა, თუმცა ბათუმის საკრებულო და სხვა უფლებამოსილი პირები მედიასთან საუბარში მიუთითებდნენ, რომ შენობის რეკონსტრუქცია პრეზიდენტის რეზიდენციისათვის არ ხდებოდა და მასშტაბური რემონტი "სახელმწიფო დავალების'' საფუძველზე მიმდინარეობდა, სადაც ერთერთი სახელისუფლებო უწყება უნდა განთავსებულიყო. სადღეისოდ, ფეშენებური რემონტი დასრულებულია, თუმცა ვინ დაიკავებს ოთხსართულიან შენობას, ბოლომდე უცნობი რჩება.

"ვერსიის'' ინფორმაციით, პრეზიდენტმა, თავის თანმხლებ პირებთან ერთად, შენობა დეტალურად დაათვალიერა, თუმცა ადგილდებარეობა ხედისა და სივრცის გამო აღარ მოიწონა. პრეზიდენტის ამ მოსაზრების შესახებ ერთერთ საგაზეთო ინტერვიუში საუბრობს შენობის დარაჯი გიორგი სიორიძეც, რომლის თქმითაც, პრეზიდენტს შენობა "სივრცის გამო არ მოეწონა'', თუმცა გიორგი სიორიძე დასძენს, რომ თავისი მოვალეობის შესრულების დროს, შენობის დასათვალიერებლად მყოფი პრეზიდენტი არასდროს უნახავს, სამაგიეროდ, თამამად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ უშუალოდ ჰქონდა შეხება შენობის ახალ მეპატრონესთან, სიმონ დავიდოვთან, რომელიც გიორგი სიორიძეს სახლის მფლობელად გაეცნო. "დავიდოვი სახლის სანახავად 15 სექტემბერს, მძღოლთან ერთად მოვიდა და მითხრა, ეს სახლი მე ვიყიდეო, თუმცა ამის შემდეგ არც თვითონ და არც მთავრობის რომელიმე წარმომადგენელი აღარ გამოჩენილა'', - აცხადებს სიორიძე.

ბათუმში საუბრობენ, რომ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა რეზიდენცია დაიწუნა, დღის წესრიგში მისი გაყიდვის საკითხიც დადგა. მოარული ხმებით, შენობა გაიყიდა კიდეც, რომლის მფლობელიც, რუსეთის მოქალაქე, რუსეთის სათათბირო დუმის წევრი სიმონ დავიდოვი გახდა, რომელიც ბათუმთან და მოქმედ ხელისუფლებასთან ახლო ურთიერთობაშია. "ვერსია'' ამ ინფორმაციის გადამოწმებას აჭარის მთავრობისა და ბათუმის საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებში შეეცადა, თუმცა მათთან ამ საკითხზე კომენტარის მიღება შეუძლებელი აღმოჩნდა. "ვერსია'' შეეცადა, სიმონ დავიდოვის შესახებ ინფორმაცია რუსეთის დუმის ოფიციალური ვებგვერდიდანაც მიეღო, თუმცა საიტზე ასეთი დეპუტატის შესახებ ცნობები არ მოიძიება. უცნობია, არის თუ არა რეალურად, სიმონ დავიდოვი რუსეთის საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენელი, თუმცა ცალსახაა, დავიდოვის რუსეთის მოქალაქეობის საკითხი. ცნობილია ის გარემოებაც, რომ დავიდოვს საკუთარი ბიზნესინტერესი გააჩნია აჭარის რეგიონში და ბათუმში, უკვე მრავალი წელია, მოქმედებს მის კუთვნილებაში მყოფი სავაჭრო ცენტრი, სახელწოდებით - "მოსკოვი''.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ინფორმაციას ადასტურებს ორგანიზაცია "ემსახურე საქართველოს'' თავმჯდომარე მურმან დუმბაძეც, რომელსაც "ვერსია'' ბათუმში დაუკავშირდა. "გიდასტურებთ, რომ სიმონ დავიდოვის შესახებ მსმენია და მეტსაც გეტყვით, ის არის პიროვნება, რომელიც წარმოშობით ბათუმიდანაა და ეთნიკურად იეზიდია. ვიცი, რომ დავიდოვი ხშირად იმყოფება ბათუმში, რადგანაც მას ამ ქალაქში ახლობლები და ნათესავები ჰყავს. ამასთან, აქვს საკუთარი ბიზნესი და ამჟამად ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე მდებარე ქალაქში ერთერთი მსხვილი სავაჭრო ცენტრის მფლობელია. თქვენი ყურდღება მინდა მივაქციო იმასაც, რომ დღემდე ამ სავაჭრო ცენტრის სახელწოდებაა "მოსკოვი'' და ეს მაშინ, როცა ხელისუფლება ყოველდღიურად გვიმტკიცებს, რომ რუსეთი ოკუპანტია, ჩვენი მტერია და ღიად ებრძვის ქვეყანაში ყოველგვარ რუსულს, ასეთი წარწერების დონეზეც კი. ამიტომაც, ხშირად არ მესმის ხელისუფლების ლოგიკის და ორმაგი სტანდარტების. ასევე, მსმენია გავრცელებული ხმების შესახებაც, რომ თითქოსდა, დავიდოვმა შეიძინა პრეზიდენტისთვის მშენებარე რეზიდენცია.

ამის თაობაზე აუცილებლად უნდა გაკეთდეს ოფიციალური განცხადება, რადგანაც საზოგადოების მაღალი ინტერესი არსებობს. სრულიად წარმოუდგენელია, იყო ქვეყანასთან ომის მდგომარეობაში და ამ ქვეყნის მოქალაქე ყიდულობდეს ასეთ მნიშვნელოვან ობიექტს. როგორც ჩანს, ხელისუფლებას დავიდოვთან მიმართებაში სარგებელი გააჩნია. მეტსაც გეტყვით, როდესაც ხელისუფლებას 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში ძალიან გაუჭირდა, სიმონ დავიდოვი იყო პიროვნება, რომელმაც ხელისუფლებას ფინანსური დახმარება გაუწია. მაშინ აქტიურად ვიყავით ჩართულები საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში და დავიდოვის სახელიც აქედან დამამახსოვრდა. სიმართლე გითხრათ, ამჟამად არ ვიცი, დავიდოვი სად მოღვაწეობს. ვიცი, რომ არის რუსეთის მოქალაქე და გააჩნია ბიზნესინტერესები. რაც შეეხება პრეზიდენტის რეზიდენციის თემას, ყველაფერი ერთი ადამიანის - მიხეილ სააკაშვილის სურვილებზეა დამოკიდებული და მოსახლეობის ხარჯზე, მილიონები არამიზნობრივად იხარჯება. ცალკე შესასწავლია მშენებლობაში მონაწილე კომპანიების საქმიანობაც, გამოცხადებული ტენდერები, რომელსაც ყოველთვის "ნაციონალურ მოძრაობასთან'' დაახლოებული ადამიანები იგებენ'', - განაცახდა მურმან დუმბაძემ.

"ვერსისთვის'' ცნობილი გახდა, რომ აჭარის მთავრობაში მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის ძალითაც, ბათუმში პრეზიდენტის ახალი რეზიდენციის მშენებლობა უნდა დაიწყოს. ამ მიზნით, დაგეგმილია ქალაქის N1 კლინიკური საავადმყოფოს დემონტაჟი და მის ადგილზე პრეზიდენტის რეზიდენციის მშენებლობის დაწყება. გავრცელებული ინფორმაციით, დაგეგმილია ქალაქის საავადმყოფოს გადატანა ორთაბათუმის საჯარო სკოლის ტერიტორიაზე, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბათუმი ძირითადი საავადმყოფოს გარეშე აღმოჩნდება. ასევე, საუბარია იმის თაობაზეც, რომ მოქმედი კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე იგეგმება აჭარის მთავრობის გადასვლაც. როგორც ჩანს, მთავრობის შენობაც იმ დასანგრევი ობიექტების ნუსხაში მოხვდა, რომლის აღებაც შემოდგომაზე ხუთ 12სართულიან და ერთი 5სართულიან შენობასთან ერთად იგეგმება. ცხადია, ჯერჯერობით, არავინ იცის, ვინ მიიღებს ახალი მშენებლობის შესრულებისთვის სახელმწიფო დაკვეთას. ტენდერში გამარჯვებული აღმოჩნდებიან შპს "ხინო'' და შპს "პრიზმა'', რომლებმაც ერთობლივად განახორციელეს პრეზიდენტის მიერ დაწუნებული რეზიდენციის რეაბილიტაცია თუ მათ სხვები ჩაანაცვლებენ. სამწუხაროდ, დღემდე დახურული რჩება საჯარო ინფორმაცია, თუ რა დაჯდა პრეზიდენტის რეზიდენციის მშენებლობა ბათუმში, თუმცა ცნობილია შემსრულებლები და ცალკეული დანახარჯები. ერთადერთი, რაც საზოგადოებამ იცის, ესაა შენობაზე დამონტაჟებული, გერმანიიდან ჩამოტანილი, იშვიათი ასტრონომიული საათის ღირებულება, რაც ბიუჯეტს 1 მილიონ 700 ათასი ლარი დაუჯდა.

ბათუმში დაწუნებული რეზიდენციის მშენებლობის კანონიერება

აჭარაში პრეზიდენტი მხოლოდ ერთი - ბობოყვათის სამთავრობო რეზიდენციით სარგებლობს, თუმცა "ვარდების რევოლუციის'' შემდეგ, აქტიურად დაიწყო ფიქრი ქვეყნის პირველი პირისთვის ახალი რეზიდენციის მშენებლობასთან დაკავშირებით. თავდაპირველად, რეზიდენციისთვის აჭარის ტელევიზიის მახლობლად, ისტორიული ძეგლის სტატუსის მქონე ე.წ. დიპლომატების სახლი შეირჩა, რომელიც რეგიონში საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობით ფუნქციას ასრულებდა. მოხდა შენების დანგრევა, ხარაჩოებში ჩასმა, პირვანდელი იერსახის გადაკეთება, თუმცა მშენებლობა გაურკვეველი მოტივაციით, მალე გაჩერდა. მოგვიანებით, რეზიდენციისთვის ეროვნული ბანკის ყოფილი ფილიალის რეკონსტრუქცია დაიწყო, რომელსაც ასევე, ისტორიული ძეგლის სტატუსი გააჩნდა.

მაშინ აქტიურად დაისვა საკითხი, თუ რამდენად კანინიერი იყო ამ შენობის რეაბილიტაცია. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მაშინდელი პოზიციით, შენობის სარეკონსტრუქციო ნებართვა მათ არ ჰქონდათ გაცემული და საკითხს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო წყვეტდა, თუმცა კითხვაზე: გაცემულია თუ არა ბათუმში, მემედ აბაშიძისა და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩების კვეთაში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სარემონტო სამუშაოებზე შესაბამისი ნებართვა, ავტონომიის სამინისტრომ წერილობით უპასუხა, რომ შენობა ნამდვილად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მატარებელი იყო, თუმცა მშენებლობის ნებართვა არ გაუცია. მოგვიანებით, საზოგადოებამ ბათუმის მერის, რობერტ ჩხაიძის წერილიც იხილა, რომლის თანახმადაც გაირკვა, რომ აღნიშნულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოები "ბათუმის ისტორიული უბნებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის" მუნციპალური პროგრამის ფარგლებში დაიწყო, პროექტს კი ქალაქის ვიცე მერი, ავთანდილ დარჩია კურირებდა, თუმცა "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის'' აჭარის წარმომადგენლობის ინფორმაციით, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საერთოდ არ იყო ჩართული პროცესში.

"საია''სთვის 2010 წლის 25 ოქტომბერს მოწოდებული წერილის საფუძველზე ირკვევა, რომ ბათუმის ისტორიული ქუჩების ისტორიული ძეგლების რეაბილიტაციის დაწყების პროცესში აჭარის სამინისტრო ინფორმირებული არ იყო, რაც გულისხმობს, რომ შესაბამისი თანამდებობის პირები, რომლებიც ვალდებულები იყვნენ, ჩართულიყვნენ ნებართვის გაცემის პროცესში, კანონმიღმა მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. მოგვიანებით, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული შენობა ბათუმის საკრებულომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას უზურფრუქტის წესით გადასცა, დღეს მის კანონიერ მფლობელად კი, საზოგადოებაში ბიზნესმენი სიმონ დავიდოვი მიიჩნევა.

სახელისუფლებო კომპანიები და პარლამენტარის ოჯახის ბიზნესი

ბათუმში საპრეზიდენტო რეზიდენციის მშენებარე კომპანიები შპს "პრიზმა'' და შპს "ხინოა'', რომლებმაც სახელმწიფო ტენდერები მოიგეს. ისინი, ძირითადად, სამთავრობო შეკვეთებს ასრულებენ. როგორც ცნობილია, ბობოყვათისა და ავლაბრის რეზიდენციაზე სამუშაოები სწორედ შპს "პრიზმამ'' ჩაატარა, ხოლო ბათუმის მერიამ მიმდინარე წელს შპს "ხინოსგან" ერთ პირთან მოლაპარაკებისა და გამარტივებული ტენდერების გზით, ჯამში, 3 490 735,56 ლარის სახელმწიფო შესყიდვა განახორციელა. სახელმწიფო შესყიდვის საგანი: ეროვნული ბანკის ყოფილი შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოები, წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის სარეკონსტრუქციო სამუშაოები, ფარნავაზ მეფის ქ. N25ში მდებარე კოშკზე დამატებითი სამუშაოები…და სხვა.

უკვე დასამალი არავისთვის არაა, რომ შპს "ხინო'' საქართველოს პარლამენტის წევრის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიდან დეპუტატის, ასლან თავდგირიძის ოჯახის კუთვნილი კომპანიაა, თუმცა დეპუტატს არც ის დაუმალავს, რომ რეზიდენციის მშენებლობის პროცესში აქტიურად იყო ჩართული და ფიზიკურად, ადგილზე გასცემდა რეკომენდაციებს დაქირავებული მუშახელისთვის. ასევე კარგად ჩანს, დამოუკიდებელი ტელეკომპანია "ტვ 25''ის მიერ გადაღებულ კადრებშიც, სადაც დეპუტატი ჟურნალისტებს მშენებარე ობიექტიდან გაურბის. სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, 2010 წლის 27 აპრილს დაფუძნებული შპს "ხინოს" 100%იანი წილის მფლობელი პარლამენტარ ასლან თავდგირიძის ძმა ედნარ თავდგირიძეა, რომელიც კომპანიის წინაშე იურიდიულად პასუხისმგებელი პირია, თუმცა, თავისთავად, შემთხვევითი არ არის, თუ რატომ ხდება ყველა მსხვილ სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებული შპს "ხინო''.

ასლან თავდგირიძე პარლამენტში 2008 წლის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ხელვაჩაურის გამგებლის თანამდებობიდან, "რესპუბლიკელ'' მურმან დუმბაძესთან მოგებული არჩევნების წყალობით მოხვდა და ამჟამად რეგიონალური პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის წევრია, თუმცა მანამდე ის სამშენებლო კომპანია "ბანას" ედგა სათავეში, რომლის 100%იანი წილის მფლობელი, ასევე თავისი ძმა ედნარ თავდგირიძეა. (მაშინ ოპოზიცია ხელვაჩაურში არჩევნების შედეგების მასობრივ გაყალბებაზე მიუთითებდა) დღემდე ინტერნეტფორუმებზე შემორჩენილია ცნობები, რომელიც თავდგირიძის დეპუტატობამდე ბიზნესსაქმიანობაზე მიუთითებს. საუბარია, ასლან აბაშიძის პერიოდში ბათუმში თავდგირიძის ბიზნესინტერესებზე. ცნობებით, პარლამენტარი დღემდე განკარგავს ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირ N4-ში მდებარე ქართული და ევროპული კერძებით ერთერთ გამორჩეულ ბარ "პრინცესას'', რომელსაც ყოველდღიურად, 7080 ადამიანის მასპინძლობა შეუძლია. ცხადია, ასლან თავდგირიძე პროფესიით მშენებელინჟინერი, თუმცა დღეს პარლამენტის წევრი და კანონმდებელია. ამიტომ უნდა იცოდეს, რომ საქართველოს კონსტიტუცია და კანონი "საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ'' პირდაპირ მიუთითებს შემდეგზე: "დაუშვებელია პარლამენტის წევრის სტატუსთან სამეწარმეო საქმიანობის ან სახელმწიფო სამსახურში რაიმე თანამდებობის შეთავსება'', რაც მისი უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს.

კანონმდებლობა პარლამენტარის ბიზნესში მონაწილეობას რაიმე ფორმით გამორიცხავს, ასლან თავდგირიძემ კი, რთულია, დაამტკიცოს სიმართლე - ოჯახურ ბიზნესთან ან ცნობილ სატელევიზო კადრებთან მიმართებით. "ვერსია'' ამ საკითხით დაინტერესებას პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს ურჩევს. დაბოლოს, ასლან თავდგირიძის მიერ 2011 წლის 13 მაისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, 2010 წელს მისი შემოსავალი 43 500 ლარია, რაც პარლამენტის წევრის წლიური სახელფასო ანაზღაურებადაა მითითებული. დეპუტატს სხვა შემოსავალი დეკლარაციაში მითითებული არ აქვს, თუმცა უკვე ორ სოლიდურ გამოცემასთან ინტერვიუში ის არც უარყოფს, რომ პირდაპირი კავშირი აქვს სამშენებლო კომპანია "ხინო ''სთან, რომელიც ბათუმის მერიისგან არაერთ შეკვეთას იღებს. პარლამენტარი მერიის ნდობას კომპანიაში მომუშავე ადამიანების პროფესიონალიზმით ხსნის და განმარტავს: "კომპანია კარგად მუშაობს, თქვენ თვითონ ნახეთ, ეროვნული ბანკის შენობის კოშკის მშენებლობასთან დაკავშირებით, როგორ დავრბოდი მთელი დღე და ღამე, წვიმაშიც კი ვმუშაობდით", - ამბობს ასლან თავდგირიძე.

კახა არჩვაძე

გაზეთი "ვერსია"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"