რამდენიმე დღის წინ საკურორტო ქალაქ ანაკლიაში ახალაშენებული ფეშენებელური სასტუმრო "ანაკლია" ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა. ამ ამბავს ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია შეესწო, რომელიც იმ მომენტში სასტუმროს საკონფერენციო დარბაზში იმყოფებოდა.
- 13 ოქტომბერს ჟურნალისტები სასტუმრო "ანაკლიის" საკონფერენციო დარბაზში ვიმყოფებოდით. წვიმდა, უეცრად ძლიერი ქარი ამოვარდა და სასტუმროს დარბაზები და დერეფნები წვიმის წყლით აივსო. წყალმა საკონფერენციო დარბაზშიც შემოასხა. ეს სწორედ ის საკონფერენციო დარბაზია, სადაც მიხეილ სააკაშვილი უცხოელ ინვესტორებს ხვდება და სხდომებს მართავს.
- ქარმა ფანჯრები ჩაამსხვრია?
- არა. ფანჯრები ისე უხეიროდ არის ჩასმული, რომ ნიავის დაბერვაზეც კი თავისით იღება. როდესაც სასტუმრო დაიტბორა, მომსახურე პერსონალი ისე დაიბნა, არ იცოდნენ, რა ექნათ. შეეცადნენ, მომხდარი ჟურნალისტებს არ შეგვემჩნია და ჩვრებით წმენდნენ დატბორილ შენობას. თუმცა წყალი ისე სწრაფად და იმდენი შემოდიოდა, რომ ვერ უმკლავდებოდნენ, ჩვენს შეკითხვებს კი გაღიზიანებული პასუხობდნენ. სასტუმრო "ანაკლიასთან" ახლოს მცხოვრებთაც გავესაუბრე და მითხრეს, ეს წვიმა და ქარი რა არის, ჩვენს მხარეში საშინელი ქარიშხალი და წვიმა იცის, წარმოგვიდგენია, ზამთარში რა მოხდებაო. არადა, ამ სასტუმროს აშენებაზე მილიონები დაიხარჯა, რაც წყალში გადაყრილი ფულია. როგორ შეიძლება ჭაობში, ზღვასთან ახლოს რამის აშენება? ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ორივე სასტუმროს - "ანაკლიისა" და "ოქროს საწმისის" სარდაფები ყოველდღე წყლით ივსება და მომსახურე პერსონალი ყოველდღე ტუმბავს.
დღეს სასტუმრო "ანაკლიაში" კაციშვილის ჭაჭანება არ არის, რადგან არც სეზონია და ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, აქ ასეთ პირობებში დამსვენებელი არ ჩამოვა.
გარდა ამისა, მოსახლეობასთან საუბრისას ისიც გავარკვიე, რომ არც ერთი ანაკლიელი ამ სასტუმროებში დასაქმებული არ არის. მომსახურე პერსონალის უმეტესობა ზუგდიდიდან ჰყავთ ჩამოყვანილი, ხოლო უფრო მაღალი რანგის თანამშრომლები - საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან.
ნინო მაისურაძე
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)