საგანგებო სამსახურების ახალი ფორმატის ნომრები 28 ნოემბრიდან ამოქმედდება.
ეკონომიკისა და მგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, გარდამავალ ეტაპზე, 9 ნოემბრიდან 28 ნოემბრამდე უზრუნველყოფილი იქნება ძველი 0X(X) ფორმატის და ახალი 1XX(XXX) ფორმატის მოკლე ნომრების თანამოქმედება, ხოლო 28 ნოემბრიდან კი იმოქმედებენ მხოლოდ 1XX(XXX) ფორმატის მოკლე ნომრები.
ნოემბრის დასაწყისში დაგეგმილია რეფორმის მე-3 ფაზის განხორციელების დაწყება, კერძოდ, ქვეყნის ფიქსირებულ ადგილობრივ და მობილურ სატელეფონო ქსელებში მოქმედი 0X(X) ფორმატის მოკლე ნომრები შეიცვლება 1XX(XXX) ფორმატის მოკლე ნომრებით.
შეიცვლება ექსტრემალური (საგანგებო) სამსახურების ტელეფონების არსებული მოკლე სპეციალური ნომრები. კერძოდ, სახანძრო - სამაშველო სამსახურის ტელეფონების ნომრები - 01 და 011, შეიცვლება ნომრით - 111; სასწრაფო სამედიცინო დახმარების ტელეფონების ნომრები 03 და 033, შეიცვლება ნომრით - 113; გაზის საავარიო სამსახურის ტელეფონის ნომერი - 04, შეიცვლება ნომრით - 114; საპატრულო პოლიციის ტელეფონის ნომერი - 022, შეიცვლება ნომრით - 122; დაცვის პოლიციის ტელეფონის ნომერი - 025, შეიცვლება ნომრით - 125.
საგანგებო სამსახურების გამოსაძახებლად ფიქსირებული ადგილობრივი და მობილური სატელეფონო ქსელების აბონენტების მიერ იკრიფება მხოლოდ გამოსაძახებელი სამსახურების მოკლე სპეცნომრები (სახანძრო-სამაშველო სამსახური-111, სასწრაფო სამედიცინო დახმარება-113, გაზის საავარიო სამსახური-114, საპატრულო პოლიცია -122, დაცვის პოლიცია-125)
შეიცვლება ყველა სხვა ორგანიზაციების და სამსახურების ტელეფონების მოკლე ნომრები, რომლებიც ციფრი 0-ით ან ციფრი 8-ით იწყება.
იმ შემთხვევაში, თუ გამოსაძახებელი სამსახური და ფიქსირებული ადგილობრივი ან მობილური სატელეფონო ქსელების აბონენტები ერთი და იგივე ქალაქის ან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარეობენ, სატელეფონო ქსელების აბონენტების მიერ იკრიფება მხოლოდ გამოსაძახებელი სამსახურის მოკლე ნომერი; იმ შემთხვევაში, თუ გამოსაძახებელი სამსახური და ფიქსირებული ადგილობრივი ან მობილური სატელეფონო ქსელების აბონენტები სხვადასხვა ქალაქის ან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარეობენ, სატელეფონო ქსელების აბონენტების მიერ იკრიფება პრეფიქსი 8, იმ ქალაქის კოდი, სადაც გამოსაძახებელი სამსახური მდებარეობს და გამოსაძახებელი სამსახურის ნომერი.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში დღეს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებში ნუმერაციის ეროვნული სისტემის დანერგვის სამუშაოთა კოორდინაციის კომისიის გაფართოებული სხდომა გაიმართება.
სამინისტროს ინფორმაციით, სხდომაზე გადაწყვეტილი იქნება კონკრეტული ქმედებები რეფორმის მე-3 ფაზის წარმატებულად განხორციელებისთვის.