უცნაური სათამაშო

უცნაური სათამაშო

გერმანელმა სპეციალისტებმა უნიკალური მფრინავი კამერა-ბურთი (Throwable Panoramic Ball Camera) შექმნეს. ეს გამოგონება საგრძნობლად ამარტივებს მაღალხარისხიანი პანორამული გადაღების განხორციელებას და მას თამაშის ელემენტსაც მატებს. გამოგონების ავტორებმა უკვე გამოსცადეს ის ქალაქის ხალხმრავალ მოედნებსა და ბუნებაშიც.

პანორამული კამერა-ბურთის გამოყენებით, აღარ არის საჭირო შტატივის გამოყენება, პანორამის შესაქმნელად რამდენიმე ცალკეული კადრის გადაღება და შემდეგ მათი კომპიუტერზე გადაბმა.ამის განხორციელება გერმანული "ნოუ-ჰაუს" მეშვეობით საკმაოდ მარტივად შეიძლება. ამისთვის მხოლოდ, ხასხასა მწვანე ფერში შეღებილი "ბურთი" ჰაერში უნდა ააგდოთ. ტრაექტორიის ზედა წეტილში კი ის პანორამულ გადაღებას მომენტალურად თვითონ განახორციელებს. თანაც კადრი არა მხოლოდ ჰორიზონტს, არამედ მიწას და ცასაც მოიცავს. ანუ კამერა-ბურთის გამოყენებით, სრული 360 გრადუსიანი პანორამული გადაღებაა შესაძლებელი.

ეს უნიკალური გამოგონება, რომელმაც თანამედროვე ტექნოლოგიების მიღწევების არაერთი ელემენტი შეითავსა, ბერლინის ტექნიკურ უნივერსიტეტში, იოჰანს პვაილს ეკუთვნის. თანამოაზრეებთან ერთად მან საცდელი პროტოტიპიც შექმნა.

კამერა-ბურთს, მობილური ტელეფონებისგან ნასესხები 36 ცალი CMOS-ის ტიპის შუქმგრძნობიარე მატრიცა გააჩნია. ყოველი მათგანი ორმეგაპიქსელიანი სურათის ფორმირებას ახდენს. "ბურთის" ელექტრონული შიგთავსი კი გადაღებულ კადრებს, ერთიან 72 მეგაპიქსელიან პანორამაში აერთიანებს.

კამერის დიამეტრი დაახლოებით 20 სანტიმეტრია. მიწაზე დაცემისას, დარტყმის ძალის შესამცირებალად, სფერო გარედან პოლიმერული ქაფის ნაჭრებით არის დაფარული. სხვათა შორისმ ეს უკანასკნელნი 3D პრინტერზე არიან "დაბეჭდილნი".

მსგავსი რამ უკვე რამდენიმე წელია ამერიკელი და ებრაელი პოლიციელების შეიარაღებაშია. პენტაგონისა და ისრაელის შეიარაღებულ ძალებს შორის სამხედრო თანამშრომლობა უკვე წლებია მიმდინარეობს. 2001 წლიდან, თელ-ავივში არსებული კომპანია ODF Optronics აქტიურად მუშაობს თვალთვალისა და დაზვერვის სხვადასხვა ელექტრონულ-ოპტიკურ სისტემებზე. მისი პროდუქცია სამხედროებისა და სპეც-სამსახურებისთვის არის განკუთვნილი.

ფირმის ერთ-ერთ უნიკალურ ქმნილებას Eye Ball წარმოადგენს. მისი სახელწოდება ქართულად "თვალის კაკალს" ნიშნავს. მაგრამ ამ გამოგონების წარმატება არა ჯაშუშურ დანიშნულებაში, არამედ მასში გამოყენებულ ტექნოლოგიებშია.

Eye Ball მცირე ზომის ბურთია, რომელიც კამერებითა და მოსასმენი აპარატურით არის გატენილი. პოლიციელებისთვის ეს გამოგონება მისწრებაა. მისი გამოყენებით სამართალდამცველებს აღარ მოუწევთ ოთახში შეხედვა ან შენობაში შესვლა, იმის გასარკვევად თუ რამდენი დამნაშავეა იქ. ამ საქმეს Eye Ball გააკეთებს.

ელექტრონიკა რომ არ დაზიანდეს, ის კაუჩუკის სამ ფენის ქვეშ არის მოთავსებული, რომლებიც ამორტიზატორის როლს ასრულებენ. სხვათა შორის, ამ ბურთის გამოყენება ლულისქვეშა ყუმბარასტყორცნიდანაც შეიძლება. 

ამ უჩვეულო ბურთის შიგნით მოთავსებულ ხელსაწყოებს, ყველაფრის დანახვა და გაგება 25 მ-ის რადიუსში შეუძლიათ. ამისთვის Eye Ball მგრძნობიარე მიკროფონებით, დინამიკებითა და 360 გრადუსიანი პანორამული კამერით არის აღჭურვილი. მის მიერ დანახული და გაგებული ინფორმაციის გადაცემა კი რეალურ დროში ხდება.

მაგრამ თავისი სამხედრო კოლეგისგან განსხვავებით, გერმანულ კამერა-ბურთს, ერთის მაგივრად რამდენიმე ობიექტივი გააჩნია. შესაბამისად, სრულ პანორამას მომენტალურად იღებს.

იმისთვის, რომ კადრი წარმატებული გამოდგეს, კამერას აკსელერომეტრი და რამდენიმე მიკროკონტროლერი გააჩნია, რომლებიც ყველა მატრიცის მუშაობის სინქრონიზაციას ახდენენ. როდესაც ადამიანი ამ "ბურთს" ზევით ააგდებს, აქსელერომეტრი სასტარტო აჩქარებას ზომავს და ავტომატურად თვლის, რა დრო დასჭირდება "ბურთს" ტრაექტორიის მაქსიმალურ წერტილში ასასვლელად. 

ამ უნიკალური გამოგონების მფლობელს, გადაღებული სურათების გადმოწერა USB პორტით შეუძლია. "ბურთში" გამოყენებული კომპონენტების უმეტესობა უკვე დიდი ხანია სერიულად იწარმოება და არც ისე ძვირი ღირს. ასე რომ, მასიური წარმოების შემთხვევაში, კამერა-ბურთს "სასაპნის" დონის ციფრული ფოტოაპარატის ფასი ექნება. მაგრამ ჯერჯერობით მის წარმოებაზე საუბარი არ არის.

შესაძლებელია, რომ გერმანელებმა სამრეწველო პარტნიორები, გამოფენა SIGGRAPH Asia 2011-ზე მონახონ, რომელიც ჰონკონგში წელს 12 დეკემბერს გაიხსნება.

კამერა-ბურთი არ არის სრულყოფილი. მის მიერ გადაღებულ სურათებში, კადრების შეერთების ადგილების ნახვა შეიძლება. მაგრამ საერთო ჯამში შედეგი დამაკმაყოფილებელია. თანაც ეს გამოგონება მნიშვნელოვნად ამცირებს პანორამული კადრის მიღების შრომატევადობას.

ნუკრი მგელაძე

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)