ქართულ კულტურასა და საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებზე ცნობილი რეჟისორი, რუსთაველისა და მარჯანიშვილის სახელობის პრემიების ლაურეატი გიგა ლორთქიფანიძე გვესაუბრება:
- არა მარტო ქართული თეატრის, ქართული კულტურის საქმეა ცუდად.. ფაქტობრივად, განადგურების პირას არის ქართული კინო, რომელიც ევროპელებმა ასე შეაფასეს: "ქართული კინოს ფენომენი", და ეს მაშინ, როცა არაერთ ჩვენზე დიდ ქვეყანას კინემატოგრაფია არა აქვს. თეატრები ჯერ კიდევ არსებობს, მაგრამ როცა ქართული თეატრის ყველაზე მნიშვნელოვან პიროვნებას - რობერტ სტურუას ასე უდიერად მოექცევიან, რაზეა ლაპარაკი? სასიხარულოა, რომ რობერტ სტურუა მაინც რჩება თეატრში, ეს ვაჟკაცური გადაწყვეტილებაა.
რაც არ უნდა დაარქვან რობერტ სტურუას რუსთაველის თეატრში, ის მაინც ფაქტობრივი ხელმძღვანელი იქნება.. სამწუხაროდ, ავადმყოფობის გამო ვერ ვნახე მისი სპექტაკლი "ნადირობის სეზონი", მაგრამ კოლეგები მეუბნებიან, რომ ძალზე საინტერესო ნამუშევარია.. ისე, რატომ უნდა უწევდეს სახელმწიფო პროპაგანდას ისეთ უგემოვნო სპექტაკლს, როგორიც "ქეთო და კოტეა"? როცა ამ დადგმიდან საკმაოდ დიდი ნაწყვეტები ვნახე, გავოგნდი, როგორ კადრულობს ამას ისეთი ნიჭიერი კაცი, როგორიც დათო დოიაშვილია? ვფიქრობ, იგი ცუდ გზას დაადგა.
არც მარჯანიშვილის თეატრში ჩანს შემოქმედებითი გამარჯვებები, რთული ვითარებაა ნოდარ დუმბაძის სახელობის ცენტრალურ საბავშვო თეატრში, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი ვიყავი და საიდანაც მმართველმა, ჩემს დაუკითხავად, საუკეთესო მსახიობები გაათავისუფლა..
- დღეს კამათობენ, საჭიროა თუ არა რეპერტუარული თეატრი, მუდმივი დასები, ბიზნესმენმა და ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა კახა ბენდუქიძემ განაცხადა, თეატრები ანტრეპრიზის, მსახიობთა მოწვევის პრინციპით უნდა მუშაობდნენ, ასეა დასავლეთშიო..
- ევროპაში ასე ნამდვილად არ არის: ინგლისში არსებობს შექსპირის თეატრი, საფრანგეთში - მოლიერის მუდმივმოქმედი დასები და კიდევ - ქართულმა თეატრებმა ეს ეტაპი უკვე გაიარეს და ყველა მიხვდა, რომ თეატრის დასი თანამოაზრეთა გუნდი უნდა იყოს. ბენდუქიძემ კი სჯობს, დანგრეულ ეკონომიკას მიხედოს.
- რას იტყვით თეატრალურ მოღვაწეთა კავშირში შექმნილ სიტუაციაზე, რომლის საპატიო თავმჯდომარეც ხართ, ახერხებს კი ის რეჟისორებისა და მსახიობების უფლებათა დაცვას?
- ამ კავშირის თავმჯდომარე 25 წლის განმავლობაში ვიყავი, რომლიდანაც 10-12 წელიწადი, ვფიქრობ, საუკეთესო იყო, - ვეხმარებოდით მსახიობებს, რეჟისორებს. შემდეგ კი სახელმწიფომ რატომღაც, არა მარტო თეატრალური, სხვა შემოქმედებითი კავშირებიც მტრად გამოაცხადა და ცდილობს, მათ ფუნქცია დაუკარგოს. თუმცა, სურვილის მიუხედავად, ვერც მის შიდა საქმეებში ერევა. ახლა თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარე გოგი ქავთარაძეს თანამოაზრეებთან ერთად სურს შექმნას ახალი თეატრი, სადაც მოწვეული რეჟისორები დადგამენ სპექტაკლებს, ვფიქრობთ, ამით თეატრალურ ცხოვრებას გამოვაცოცხლებთ.
- თქვენ თუ აპირებთ ამ თეატრის სცენაზე სპექტაკლის დადგმას?
- 157 სპექტაკლი მაქვს დადგმული, ამ მხრივ რეკორდსმენი ვარ და იდეების ნაკლებობას არც ახლა განვიცდი, მთავარია, დაბრკოლებები გადავლახო. მინდა, დავდგა სპექტაკლი ორი ცნობილი პიესის მიხედვით - "ეზოში ავი ძაღლია", რომელიც თავის დროზე მარჯანიშვილის თეატრში დადგა გოგი თოდაძემ ჩემი ხელმძღვანელობით და "მეტეხის ჩრდილში", რომლის დადგმაც რუსთაველის თეატრში განვახორციელე. ვფიქრობ, საინტერესო ჩანაფიქრია. მაგრამ მიჭირს როლების განაწილება, თუმცა, მიიჩნევდნენ, რომ ამ საქმის ოსტატი ვიყავი. ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ის სიტყვებია, რომელიც ფილმ "დათა თუთაშხიაზე" ჭაბუა ამირეჯიბმა თქვა:
"ასამდე როლია და ერთზე ვერ ვთქვი, რომ ამას სხვა მსახიობი უკეთესად შეასრულებდა"... დღეს კი გაძნელდა გადაწყვეტილების მიღება, ამის მიზეზი ის არის, რომ ძალზე დაეცა სამსახიობო ოსტატობის დონე, არტისტის როლი გაუფასურდა. გარდა ამისა, მსახიობები გაფანტულები, ლუკმაპურისთვის ღობე-ყორეს მოდებულები არიან - ტელევიზია, გახმოვანება, კონცერტი... სერიოზული მუშაობისთვის ნაკლებად არიან მზად, დღეს მსახიობის პროფესია გალაზღანდარებულია. ქართველებს ნიჭი არ გვაკლია, მაგრამ მართალი გითხრათ, დღეს ძალზე გამიჭირდებოდა დათა თუთაშხიას, მუშნი ზარანდიასა თუ ასინეთას როლებზე მსახიობების შერჩევა.
- გავრცელებული ინფორმაციით, კულტურის მინისტრი ნიკა რურუა რუსთაველის თეატრიდან რობერტ სტურუას გათავისუფლების წინააღმდეგი იყო...
- ისეთ რთულ დროსაც კი, როგორიც საბჭოთა პერიოდი იყო, მაგალითად, კულტურის მინისტრი ოთარ თაქთაქიშვილი ახერხებდა, დამოუკიდებელი ფიგურა ყოფილიყო. მეც ასე ვიცი, რომ რურუა ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგი იყო. ის საკმაოდ გონიერი ადამიანია და ხელისუფლების წარმომადგენლებს არწმუნებდა, რომ ამას უარყოფითი რეზონანსი მოჰყვებოდა. თუმცა მას შემდეგ ყოველნაირად ცდილობს ამ ნაბიჯის გამართლებას. როცა ნიკა რურუასთვის უთქვამთ, სტურუა საქართველოდან წასვლას აპირებსო, უპასუხა: წავიდეს, და საერთოდ, ვისაც უნდა, ყველა წავიდესო... ვერც კი ხვდებიან, რომ ამგვარი დამოკიდებულება დიდი ხელოვნებისადმი, ავტორიტეტებისადმი, ქვეყნისთვის დამღუპველია.
- როგორ შეაფასებთ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ სარბიელზე გამოსვლას? ვრცელდება ინფორმაცია, რომ თქვენ, ოთარ მეღვინეთუხუცესი და სხვა ხელოვანები მისი პოლიტიკური გუნდის წევრები იქნებით...
- გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ადამიანი გადაარჩინა შიმშილს, უმძიმესი ყოფა შეუმსუბუქა. მე, ჩემი ოჯახი მათ შორის ვართ, ვისაც ის ეხმარება. ის უდიდესი ქველმოქმედია. რაც შეეხება მის პოლიტიკურ გაერთიანებაში გაწევრებას, ჯერ ერთი, არც ერთ პარტიაში არ ვაპირებ შესვლას, თავისუფალი ხელოვანი ვარ და კიდევ - ბიძინა ივანიშვილი თვალით არასოდეს მინახავს, პირველად ახლა ვიხილე, რაც ტელევიზიით მისი ჩვენება დაიწყეს. იმის საშუალებასაც არ გვაძლევდა, იმისთვის, რასაც გვიკეთებდა, მადლობა გვეთქვა.
როგორ შეიძლება არ დავუფასოთ თუნდაც ის, რომ დანგრევას გადაარჩინა რუსთაველის თეატრი, მარჯანიშვილის თეატრი, კინომსახიობთა თეატრი, მოზარდ მაყურებელთა თეატრი, და ახლა ოპერისა და ბალეტის თეატრს არემონტებს. რაც მთავარია, ეს ყველაფერი ხდება ყოველგვარი თვითრეკლამისა და პიარის გარეშე. საოცარ ფაქტს გეტყვით: როცა ჩემს მეუღლეს, ქეთევან კიკნაძეს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნა და თურქეთში სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა, არც ვიცი, საიდან შეიტყო ეს ამბავი და მოულოდნელად მისი ოფისიდან დაგვირეკეს, გვითხრეს, რომ მკურნალობის ხარჯებს ბატონი ბიძინა გაიღებდა...
დღეს ლოგიკურად ისმება კითხვა: რამ გამოიწვია ეს პანიკა ხელისუფლების რიგებში? თუ მაგარი ბიჭები არიან, ასე რატომ შეშინდნენ? ხომ აცხადებენ, 52%-იანი რეიტინგი გვაქვსო? თუ მართლა ასეთი მხარდაჭერა აქვთ, რა აშინებთ ასე? რატომ არ უნდა ჰყავდეს ქვეყანას მრავალპარტიული პარლამენტი? ან შეიძლება ბიძინა ივანიშვილს უთხრა, კენჭს ვერ იყრი, რადგან საქართველოს მოქალაქე არა ხარო? ჩემი აზრით, მათ აფრთხობთ ავტორიტეტი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ინტელიგენციის უდიდეს ნაწილში აქვს.
- რას იტყვით მოქანდაკე ზურაბ წერეთლის ნამუშევარზე, რომელიც ახლახან გაიხსნა და როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, სომეხი და ქართველი ხალხების მეგობრობას ეძღვნება..
- ფილმი "მიმინო" გია დანელიას ბრწყინვალე ნამუშევარია, ბუბა კიკაბიძე და ფრუნზიკ მკრტჩიანი მართლაც შესანიშნავად თამაშობენ. თვითონ ძეგლმა, რაც ტელევიზიით ვნახე, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება ვერ დატოვა... საერთოდ კი, ყველაზე მეტი უკულტურობა შოვინიზმია. ჩემთვის რუსეთი მოძალადე პუტინის კი არა, ჩეხოვის, პუშკინის სამშობლოა. რატომ უნდა განვაწყოთ მომავალი თაობა რუსული კულტურის, რუსი ხალხის წინააღმდეგ? რაც შეეხება სომხურ-ქართულ ურთიერთობას, სომხებს მართლაც აქვთ ქართველებისადმი ერთგვარი შეჯიბრების, კონკურენციის განცდა, მითვისების მცდელობაც, რასაც ხშირად იუმორითაც ვუყურებ. თუმცა, ორ მეზობელ მცირერიცხოვან ხალხს უნდა გვახსოვდეს, რომ დაპირისპირება კატასტროფამდე მიგვიყვანს.
ნინო კვიტაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)