მძღოლები ახალ სამარშრუტო ტაქსებში 5 მგზავრზე მეტს ფეხზე ვეღარ დააყენებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა, აკაკი ჯოხაძემ განუცხადა, კომპანია "თბილლაინი" გაფრთხილებული იყო იმის შესახებ, რომ სამარშრუტო ტაქსებში მძღოლებს ფეხზე 5 მგზავრზე მეტი არ დაეყენებინათ, თუმცა, ჩატარებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ "პიკის საათებში" დაშვებული ნორმა ირღვეოდა და ფეხზე 15-16 მგზავრი იდგა. ჯოხაძის ცნობით, გუშინ კომპანია "თბილლაინი" დაჯარიმდა იმის გამო, რომ N135 და N61 მარშრუტებზე ფეხზე დასაშვებზე მეტი მგზავრი იდგა.
"ინტერპრესნიუსთან" საუბრისას კი, მძღოლებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული მიზეზით არა კომპანია, არამედ უშუალოდ მძღოლი დაჯარიმდა. ამის გამო, გუშინ, გარკვეული პერიოდით N135 და N61-ის მძღოლები გაფიცულები იყვნენ. ვითარების გასარკვევად, მძღოლებმა აკაკი ჯოხაძესთან შეხვედრა ითხოვეს.
შეხვედრაზე ჯოხაძე მძღოლებს არსებული პრობლემების გარკვევას დაჰპირდა და ასევე განუმარტა, რომ მგზავრთა უსაფრთხოებისა და "თბილლაინთან" დადებული ხელშეკრულების თანახმად, 180 სანტიმეტრის სიმაღლის სამარშრუტო ტაქსებში 5 მგზავრზე მეტის ფეხზე დაყენება დაუშვებელია.
მძღოლების განცხადებით კი, მგზავრობის გაძვირების გამო მგზავრთა რაოდენობამ ისედაც იკლო და თუ მერიისა და "თბილლაინის" მიერ რაიმე გამოსავალი არ მოიძებნება, მუშაობას აზრი აღარ ექნება და ისინი სამსახურებიდან წავლენ.