აბა კიკეთში დღეს უკვე ცნობილი სკოლის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებლის შემდეგ, წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის ტაძარი აშენდა, რომლის გახსნაზე ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გაიხსენა დრო, როცა სიონის ტაძარში, პატრიარქის წირვაზე სულ 10-15 მლოცველი იდგა.
ეს ტრადიციული, გუმბათოვანი ტაძარი, რომელიც თითქოს ერთი ქვისგან არის გამოთლილი, საოცრად შეხამებულია გარემოსთან და იქაური მცხოვრებლების მიერ კიკეთის გადარჩენის, ახალი სიცოცხლის ერთ-ერთ ქვაკუთხედად მიიჩნევა.
გვესაუბრება ტაძრის ერთ-ერთი არქიტექტორი, სამშენებლო კომპანია "კარკასის" დირექტორი გიორგი მაჭარაშვილი: - ამ ადგილზე წლების განმავლობაში მიტოვებული, უსახური შენობა იდგა. ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ გადაწყვიტა აქ ტაძრის აშენება. ტაძრის პროექტს საპატრიარქოს სამხატვრო საბჭო ამტკიცებს. ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი არქიტექტორი პაატა ნუცუბიძე ამ სამხატვრო საბჭოს წევრიც არის. თავდაპირველი ჩანაფიქრით, წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის ტაძარი სამთავისის ეკლესიის ანალოგი უნდა ყოფილიყო, მაგრამ შემდეგ, პროექტის ცვლილების გამო, მას ორი ეკვდერი მივაშენეთ, ერთი წმინდა ექვთიმე აღმსარებლის სახელობის არის, მეორე - წმინდა დიმიტრი ყიფიანის.
რაც შეეხება მასალას, ნაშენია იმ თეთრი ქვით, რითაც გელათის ტაძარი - გელათის კარიერის ქვით. გვინდოდა, ტაძარი ღია ფერის, თეთრი ყოფილიყო, სიმწვანეში უფრო რომ გამოკვეთილიყო... ამასთანავე, მთელი ტაძარი, მისი სახურავიც კი ერთნაირი ქვით არის ნაშენები. პროექტის მთავარი არქიტექტორია რამაზ დურგლიშვილი, არქიტექტორები - პაატა ნუცუბიძე, ზაზა ჯინჭარაძე, ლევან სალუქვაძე, გიორგი აბუაშვილი, დევი ჯანიაშვილი. ახლა კიკეთში სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსს ვაშენებთ რაგბის მოედნებით, საცხენოსნო მანეჟითა და ჩოგბურთის კორტებით, რომლებიც, ფაქტობრივად, სკოლის გაგრძელებაა. კიკეთის ამ უბანში ინვესტორი ლევან ვასაძეა, ის არაერთ საქველმოქმედო პროექტს ახორციელებს.
- მართლა ელოდება ლევან ვასაძის მეუღლე მეშვიდე შვილს?
- დიახ, დეკემბერში ლევან ვასაძისა და ნინო დურგლიშვილის ოჯახს ახალი წევრი შეემატება.
ნინო კვიტაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)