ნატო არ ცვლის საქართველოსთან თანამშრომლობის პრინციპებს. ამის შესახებ დღეს "რედისონში", საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე კონფერენციის მსვლელობისას, ჟურნალისტებს ცენტრალურ აზიაში და სამხრეთ კავკასიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ განუცხადა.
მისი თქმით, არ იცვლება საქართველოსთან თანამშრომლობის პრინციპები და ბუქარესტის სამიტზე მოკავშირეების მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
"ამ კონფერენციაზე ჩვენ განვიხილავთ როგორც თავდაცვის, ასევე უსაფრთხოების საკითხებს. ასევე, მე გავმართავ შეხვედრებს ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს ვიზიტის მოსამზადებლად, საბჭოს წევრები მოუთმენლად ელიან ამ შეხვედრას", - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
მისივე განცხადებით, საბჭოს ვიზიტისას მსჯელობა იქნება ნატო-საქართველოს თანამშრომლობის კონკრეტულ საკითხებზე.
"მათ შორის ვიმსჯელებთ ავღანეთის სამშვიდობო მისიაში საქართველოს მონაწილეობაზე და ჩვენ გვინდა, რომ მადლობა გადავუხადოთ საქართველოს ამ როლისთვის, თუმცა გვინდა, უფრო მეტს მივაღწიოთ ერთად", - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.