კომპანი "ქართუსთან" დაკავშირებით თბილისის მერიამ დღეს კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა. განცხადების ტექსტს სრულად გთავაზობთ.
"თბილისის მერიის მიერ კომპანია "ქართუს" საპასუხოდ გუშინ გავრცელებულ განცხადებას, სხვადასხვა სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რაზეც თბილისის მერია კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს: თბილისის მერიისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქალაქის მასშტაბით და განსაკუთრებით ძველ თბილისში დაწყებული ნებისმიერი მშენებლობა დათქმულ ვადებში დასრულდეს, რათა ხელი არ შეეშალოს კერძო კომპანიების მუშაობას, რაც ეკონომიკის სტიმულირებისა და სამუშაო ადგილების შექმნისთვის მთავარი პირობაა.
საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, განვმარტოთ, რომ კომპანია "ახალ კაპიტალს" და, შესაბამისად, სხვა კონტრაქტორ კომპანიებს, რომლებსაც აღნიშნული ობიექტის დასრულების სამართლებრივი ინტერესი აქვთ, მშენებლობაზე არსებული ხარვეზების მიუხედავად, უფლება აქვთ, გააგრძელონ და არ შეაფერხონ ისეთი ტიპის შიდა სარემონტო სამუშაოები, რომელთა წარმოება ერთი მხრივ არ ეწინააღმდებება ობიექტზე არსებული დარღვევების გამოსწორებას და მეორეს მხრივ, ხელს შეუწყობს ბიზნესობიექტზე სამუშაოების დროულად დასრულებას, რათა ობიექტი ექსპლუატაციაში მისაღებად მომზადდეს. კომპანიას უკვე გადაეცა იმ ხარვეზების ნუსხა, რომელიც პარალელურ რეჟიმში უნდა გამოასწორონ.
ბიზნესობიექტში სამუშაოების დროულად დასრულება ხელს შეუწყობს ისეთი მსხვილი ბიზნესკომპანიების ოპერირებას ქართულ ბაზარზე, როგორებიც არიან: "ერნსთ ენდ იანგი", "კომერც ბანკი", "დევეილე ბანკი", "აზის განვითრების ბანკი", "ფაშა ბანკი" და სხვები.
თბილისის მერია მზად არის, ითანამშრომლოს ნებისმიერ იმ კერძო კომპანიასთან, რომელიც კანონის ფარგლებში მოქმედებს და საკუთარი წვლილი შექვს ეკონომიკის განვითარებასა და თბილისელების დასაქმებაში", _ აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.
ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნომ 28 აგვისტოს განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ზედამხედველობის სამსახური "ქართუ ჯგუფს" ერეკლე მეფის მოედანზე, "როსტომ მეფის" სასახლეში მუშაობის გაგრძელების საშუალებას არ აძლევს. განცხადების მიხდევით, "ზედამხედველობის სამსახურის თანმშრომლებმა სამუშაოების დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოითხოვეს და თანამშრომლებს ტერიტორია დაატოვებინეს. მიზეზად ზედამხედველობის სამსახურში არასწორად წარმოებული სამუშაოები დასახელდა. ზედამხედველობის სამსახურმა "ქართუ ჯგუფს" 4000 ლარის ჯარიმა დააკისრა და ხარვეზების 20 კალენდარულ დღეში აღმოფხვრა დაავალა, თუმცა "ქართუ ჯგუფის" თანამშრომლებს შენობაში შესვლის საშუალებას ამ დრომდე არ აძლევენ".
ივანიშვილის პრესსამდვინოს ცნობით, პრობლემა შეექმნა "ქართუ ჯგუფს" ერეკლეს მოედანზე მდებარე 3000 კვადრატული მეტრი მიწის ფართობზეც.
თბილისის მერიამ ამ ბრალდებებს გუშინვე უპასუხა, გაკვირვება გამოთქვა კომპანია "ქართუს" მიერ გავრცელებულ ბრალდებებთან დაკავშირებით და მას დაუსაბუთებელი, არამართლზომიერი და პოლიტიზირებული უწოდა.