ბიძინა ივანიშვილს რუს გენერალ ალექსანდრე ლებედის დაფინანსებასთან დაკავშირებით განმარტებები დღევანდელ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის შეკითხვაზე, როცა აფინანსებდა გენერალ ლებედის საარჩევნო კამპანიას, იცოდა თუ არა რომ ის იყო გენერალ როდიონოვის სადამსჯელო ოპერაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, რომელიც ავადროულად, რუსეთის იმპერიის მომხრე იყო, ივანიშვილმა უპასუხა, რომ ის აფინასებდა არა გენერალ ლებედს, არამედ რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, ბორის ელცინის საარჩევნო კამპანიას.
"მე ვიყავი ერთ-ერთი, რომელიც აფინანსებდა ამ არჩევნებს და მივიჩნევ, რომ ყველაზე გადამწყვეტი და შედეგიანი სვლები გავაკეთე. მოვახერხე ის, რომ კომუნისტებს დაბრუნების საშუალება არ მიეცათ. ელცინის არჩევნების დროს დიდი შესაძლებლობა იყო, რომ კომუნისტები უკან დაბრუნებულიყვნენ", - აღნიშნა მან.
მისივე თქმით, შეეცადა დაერწმუნებინა ელცინის შტაბის წარმომადგენლები, რომ ყველაზე მეტად ლებედს შეეძლო დაებალანსებინა კომუნისტები.
"საბოლოოდ, ჩემი პოზიცია გამართლდა. ბორის ელცინის გამარჯვებით კი საქართველოსაც მიეცა საშუალება უკან აღარ დაბრუნებულიყო. ამ დროს მთელი დემოკრატიული სამყარო, ფარულად თუ ღიად, ბორის ელცინის კანდიდატურას უჭერდა მხარს. აი, აქ ვიდექი მეც", - განაცხადა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილმა პრესკონფერენციაზე რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის აღდგენაზეც ისაუბრა.
"ჩვენ უნდა შევძლოთ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის აღდგენა ", - განაცხადა ივანიშვილმა ტელეკომპანია "პიკ"-ის შესაბამისი კითხვის პასუხად.
მისი თქმით, რუსული ბაზარი უაღრესად საინტერესოა და მისკენ მთელი მსოფლიო ისწრაფვის.
"რუსული ბაზარი ჯერ კიდევ რუსეთ-საქართველოს ომამდელ პერიოდში დაიკარგა. სააკაშვილმა თავისი არადიპლომატიური და გაუაზრებელი განცხადებებით წყობიდან გამოიყვანა საქართველოს მთავრობა და მიაღწია იმას, რომ რუსული ბაზარი მარტო საქართველოსთვის დაიკეტა. ეს მოხდა ომამდე. მისი გაუაზრებელი განცხადებების შედეგად საქართველოს მოსახლეობამ დაკარგა უდიდესი ბაზარი. დღეს მთელი მსოფლიო ახერხებს რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დამყარებას და ჩვენც უნდა შევძლოთ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობა", - აღნიშნა ივანიშვილმა.
ბიზნესმენმა "იუკოსის" ყოფილი ხელმძღვანელის, მიხეილ ხადარკოვსკის საქმესთან დაკავშირებით დასმულ კითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ ამ საქმის დეტალებს უშუალოდ იცნობს.
"ცივილიზებულმა სამყარომ გვიან დაიწყო ამ საკითხის განხილვა. მე კარგად ვიცი, რომ აუქციონის გამართვისას, დასაწყისშივე იყო დიდი შეცდომები. თუმცა, ხადარკოვსკი არჩევითობით დაისაჯა, რაც მართებულად არ მიმაჩნია", - აღნიშნა ივანიშვილმა.