ბიძინა ივანიშვილი - ხელისუფლებას ჩემს წინააღმდეგ ხელჩასაჭიდი არაფერი აქვს

ბიძინა ივანიშვილი - ხელისუფლებას ჩემს წინააღმდეგ ხელჩასაჭიდი არაფერი აქვს

"ის, რომ მე კრემლის პროექტი, აგენტი და უკანასკნელი იმედი ვარ, მოგონილია, რადგან ხელისუფლებას ჩემს წინააღმდეგ ხელჩასაჭიდი არაფერი აქვს", - ასე უპასუხა ბიძინა ივანიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შეკითხვას, რომელიც პოლიტიკაში მის მოსვლასა და რუსეთთან კავშირებს შეეხებოდა.

"კრემლის პროექტი, აგენტი, იმედი - ჩემზე ძირითადი შეტევა ამ კუთხით ხორციელდება. მუდმივად ამ თემას ატრიალებენ და აჟიტირება ხდება, თითქოს მე საქართველოში მტრული განზრახვით ვარ გამოგზავნილი. ამის საპასუხოდ ვთქვი, რომ 9 წელია რუსეთში არ ვყოფილვარ, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს საკმარისი პასუხი არ აღმოჩნდა. ასეთ შემთხვევაში, მინდა მოგმართოთ, ქმედებით შემაფასოთ –20 წლის წინ საქართველოში 450 ტრაქტორი გამოვგზავნე და იქიდან მოყოლებული მუდმივად სიკეთის მეტი არაფერი მიკეთებია. რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ მე შეიძლება საქართველოსთვის საშინელება ჩავიდინო?", - განაცხადა ივანიშვილმა პრესკონფერენციაზე.

აღნიშნულ კონტექსტში მან ჟურნალისტებს მოუწოდა, "შეხედონ სააკაშვილს, რადგან მასში ჩანს ის, რისი მიწერაც მისთვის სურთ".

"თუ მტრების გეშინიათ, შეხედეთ სააკაშვილს. განა მასში არ ჩანს ის, რაც გინდათ რომ მე მომაწეროთ?! განა მტრული არაა ამდენი ძალადობა?! გარდა ამისა, ორ კარგ მაგალითს მოვიყვან – კახა ბენდუქიძეს, რომელიც პირდაპირ რუსეთიდან წამოსული მინისტრად დასვეს და გრიგოლ ვაშაძე, რომელიც ასევე რუსეთიდან წამოსული დღეს საგარეო საქმეთა მინისტრია. რატომ მათ მიმართ არ დაისვა ეს შეკითხვები?! მინდა მივმართო საქართველოს მოსახლეობას – ჩემზე, როგორც რუსეთის პროექტზე, აგენტზე თუ იმედზე ლაპარაკობენ იმიტომ, რომ ჩემს საწინააღმდეგოდ არაფერი აქვთ ხელჩასაჭიდი. არ არსებობს ჩემს მიერ ჩადენილი არანაირი კანონდარღვევა", - აღნიშნა ივანიშვილმა და დაამატა, რომ  ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მისი ახლობლები პრივილეგიებით ვერ ისარგებლებენ.

"ხელისუფლებაში ჩემი მოსვლის შემთხვევაში ვერც ერთი ჩემი თანამოაზრე ინდულგენციას ვერ მიიღებს" , - განაცხადა ივანიშვილმა პრესკონფერენციაზე "კვირის პალიტრის" კითხვის პასუხად .

ჟურნალისტი იზო რიკაძე დაინტერესდა, ხელისუფლებაში ივანიშვილის მოსვლის შემთხვევაში, მისი თანაგუნდელების ახლობლები ხომ არ ისარგებლებენ ხელშეუხებლობის იმუნიტეტით.

ივანიშვილის თქმით, ამ მხრივ მის ვერც ერთ თანაგუნდელსა თუ თანამოაზრეს მსგავსი იმედი არ უნდა ჰქონდეს.

"არავინ დაიზოგება, არც ერთი ჩემი თანამოაზრე არ მიიღებს ინდულგენციას, ვიქნები დაუნდობელი ელიტურ კორუფციასთან ბრძოლაში. არ დავუშვებ არავითარ კორუფციას და მასთან ბრძოლა უმაღლესი ეშელონებიდან დაიწყება. უპირველეს ყოვლისა, ელიტური კორუფცია უნდა აღმოიფხვრას", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა