"ბიძინა ივანიშვილს აქვს კი სრულად წარმოდგენილი, ესენი რისი მკადრებელი არიან?"

"ბიძინა ივანიშვილს აქვს კი სრულად წარმოდგენილი, ესენი რისი მკადრებელი არიან?"

უშიშროების მინისტრის ყოფილი მოადგილე, ყოფილი პარლამენტარი ლაშა ნაცვლიშვილი წელიწადზე მეტია, პოლიტიკურ ასპარეზზე არ გამოჩენილა. ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში მის ინტერვიუს და ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერ განცხადებებს საკმაოდ დიდი რეზონანსი მოჰყვა.

- ბატონო ლაშა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ჩანდით, რასაც მითქმა-მოთქმაც კი მოჰყვა, ამბობდნენ, ჟენევაში ძვირფასი ვილა იყიდა და იქ გადავიდა საცხოვრებლადო.

- საზოგადოებრივ-პოლიტიკურად არ ვიყავი აქტიური, თორემ საქართველოში, თბილისში ვცხოვრობდი და როგორც საქართველოს ბევრ მოქალაქეს, მეც მიწევდა ქვეყნიდან დროდადრო გასვლა, ჩემი შვილები სწავლობენ უცხოეთში და მათთან ჩავდივარ ხოლმე. ჟენევა არ არის ფარცხანაყანები, მრავალმილიონიანი ვილა რომ იყიდო და ვიღაცაზე გააფორმო, რამის დამალვა თუ გსურს, ამისთვის სხვა გზები არსებობს. დასამალი არაფერი მაქვს და ძალიან ვწუხვარ, ჟენევაში ვილა რომ არ მაქვს, ნეტავ მქონდეს. ისე, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამ ხელისუფლების ჩამოშორების შემდეგ, თავისუფალი ბიზნესგარემოს პირობებში, შევქმნა ის მატერიალური დოვლათი, რითაც ჟენევაში თუ სხვაგან შევიძენ საკუთრებას. გპირდებით, რომ სხვაზე არ გავაფორმებ და თქვენც დაგპატიჟებთ (იცინის). რაც შეეხება ჩემი შვილების სწავლას, ჩემი შვილი სწავლობს ჟენევის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მისი სწავლის საფასურს იხდის შვეიცარიის ფედერალური ბიუჯეტი, ხოლო ბინას მისი მეწარმე მეუღლე ქირაობს.

- დღემდე პასუხგაუცემელია კითხვა: რატომ წახვედით რესპუბლიკური პარტიიდან?

- წავედი იმიტომ, რომ გვქონდა ტაქტიკური ხასიათის შეუთანხმებლობა, ეს იყო და ეს. ამას პირადი, ოჯახური დრამაც დაერთო და წავედი. წავედი ცივილურად, სკანდალების გარეშე.

- გამოითქვა ვარაუდი, რომ თქვენ შესაძლოა ისევ დაუბრუნდეთ რესპუბლიკურ პარტიას, ან გიხილოთ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ გუნდში.

- არც ერთ პოლიტიკურ ორგანიზაციაში გაწევრებას არ ვგეგმავ. ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში შემოსვლის შემდეგ, უფრო სწორად, მას შემდეგ, რაც ხელისუფლება მის პოლიტიკური არენიდან განდევნას მოქალაქეობის ჩამორთმევით შეეცადა, მიმაჩნია, რომ საქართველოს მოქალაქის სტატუსმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. ბიძინა ივანიშვილი დღეს არის საქართველოს მოქალაქე, რომელსაც უპირისპირდება მთელი სახელმწიფო მანქანა, ანუ საქართველოს ერთი მოქალაქის სტატუსი და წონა დღეს არის სააკაშვილის მთელი ჯარის, პოლიციის, თვითმფრინავებისა და ტანკების ფასი, ამიტომაც ქვეყნის რიგითი მოქალაქის სტატუსს ვერაფერში გავცვლი. დღეს ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული საზოგადოებრივად აქტიურ მოქალაქეებზე. საქართველო დგას უდიდესი გამოწვევის წინაშე - შენარჩუნდება პოლიტიკური ბალანსი, თუ ისევ ერთი კაცის განუსაზღვრელი მონოპოლიის გარემოში დავბრუნდებით. ბიძინა ივანიშვილს არ ვიცნობ და ძალიან დიდ პატივად მივიჩნევდი, თუ მომეცემოდა საშუალება, შევხვედროდი ყველაზე წარმატებულ ქართველ მეწარმესა და ფილანტროპს. ისე, ბავშვობაში ხშირად მიწევდა ჭორვილაში ყოფნა და შეიძლება მინახავს კიდეც სადმე, მაგრამ არ მახსოვს (იცინის). ახლა ხომ ასე ხუმრობენ - რამდენი კილომეტრით არის შენი სოფელი ჭორვილიდან დაშორებულიო.

- ბატონო ლაშა, "მაესტროზე" თქვენი გამოსვლის შემდეგ, საზოგადოებრივი მოძრაობა "ჩემი საქართველოს" ხელმძღვანელმა ელისო კილაძემ განაცხადა, რომ თქვენი გამოჩენა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ შავი პიარის აგორებას ემსახურება და რომ ქვეყანაში კიდევ ერთი რუსული სცენარი გორდება...

- მაპატიეთ, მაგრამ ვერ ვიქნები მისი ოპონენტი, რადგან ელისო კილაძე არის საშოვარს გადაგებული საბრალო ქალი, რომელიც თავისი უნარისა და შესაძლებლობის ფარგლებში ყიდის იმას, რაც შეუძლია, ცხადია, რომ მისი განცხადებების უკან ხელისუფლება დგას. რა გითხრათ, თუ ჩემმა ერთმა ინტერვიუმ ასე გადარია ეს ხალხი, როგორც ჩანს, ჩემი განცხადებებით პირდაპირ მიზანში მოვარტყი. ელისო კილაძის პირით ლაპარაკობს ის სიცრუის, ძალადობისა და ცილისწამების მანქანა, რომელიც ხელისუფლებამ შექმნა. მაგრამ ამ მანქანას ბოლო ხანს გვარიანი იაღლიშები მოსდის.

- როგორ შეაფასებთ ბიძინა ივანიშვილის უკვე გადადგმულ პოლიტიკურ ნაბიჯებს?

- ვფიქრობ, ჯერ სერიოზული შეცდომა არ დაუშვია. ბიძინა ივანიშვილი ჩვენს ცნობიერებაში იყო მითი, მისი დემითოლოგიზაციის პროცესი კი ნორმალურად მიმდინარეობს, მან მშვენივრად მოახერხა და ჩვენ წინაშე მეტად უბრალო და საინტერესო ადამიანად წარდგა. საკითხავია, როგორი უნარი აქვს მას, გაუმკლავდეს ხელისუფლების შემოტევას, ან აქვს კი სრულად წარმოდგენილი? ძნელი სათქმელია.

- მან განაცხადა, რომ შეიძლება ესროლონ...

- სროლა პირდაპირი ძალადობის აქტია, შეიძლება რაღაც ტიპის ჰეროიკასთანაც კი ასოცირდებოდეს, მაგრამ ის თუ აქვს ბოლომდე გაცნობიერებული, ესენი რა ტიპის მზაკვრობაზე წავლენ, - ეს არის საინტერესო. ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით, სააკაშვილი ყველა უკეთურობაზე წამსვლელი კაცია. ამჯერად მთავარია ხელისუფლებამ ვერ მოახერხოს ბიძინა ივანიშვილის გაძევება ქართული პოლიტიკური ველიდან. ის უნდა შენარჩუნდეს, როგორც პოლიტიკური ბალანსის მთავარი ფაქტორი, ასე უნდა მივიდეთ არჩევნებამდე. სასაცილოა კითხვის დასმა - არის თუ არა ივანიშვილი ამ ქვეყნის ღვიძლი შვილი - გამოდის, ელდარ კვერნაძე და ოლეგ პანფილოვი არიან და ბიძინა ივანიშვილი არა? არსებობს ნიშნები, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დარჩენას მიესალმებიან ჩვენი ყველაზე ავტორიტეტული პოლიტიკური პარტნიორები - აშშ და ევროპა. ამიტომაც სააკაშვილს აუცილებლად მოუწევს ივანიშვილისთვის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიცემა. ხომ ხედავთ, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი უკვე საკანონმდებლო აქტებში აისახება, კანონებს მისი განცხადებებისა და მოქმედებების მიხედვით ცვლიან.

იურიდიული პირებისთვის პარტიების დაფინანსების აკრძალვას აპირებენ, ძალიან ცდებიან, ფულში რომ ეძებენ ბიძინა ივანიშვილის ძალას, აქ ფული არაფერ შუაშია. მთავარი სხვა რამაა: ივანიშვილის სახელი დაუკავშირდა ქვეყანაში სასიკეთო ცვლილებების მშვიდობიანად განხორციელების აქამდე თითქმის ჩამქრალ იმედს, ეს კი ყველა იმ ფულზე მეტია, რაც დედამიწაზე ოდესმე მოჭრილა.

- ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილი "რუსეთის პროექტია" და რომ ის კრემლიდან იმართება, საინტერესოა, რა არის ამის საწინააღმდეგოდ თქვენი არგუმენტი?

- მაქვს ამის რამდენიმე არგუმენტი. კარგად დაფიქრდით: რეალური და ძლიერი ოპონენტის დაპირისპირება მიხეილ სააკაშვილთან და ამით წარმოშობილი ძალაუფლების დაკარგვის საფრთხე, უტოლდება თუ არა ამ ოპონენტისთვის სიცოცხლის საფრთხეს? - ნამდვილად უტოლდება. სააკაშვილი არის კაცი, რომელიც ძალაუფლების დაკარგვის შიშით ყველაფერს იკადრებს, ეს არის საფრთხე არა მხოლოდ ოპონენტისთვის, არამედ მისი ოჯახისთვის. ახლობლებისთვის. სიმდიდრე და სიღარიბე პირობითი ცნებებია, თქვენ რაც გაქვთ, ის ქონება თქვენთვის ექვსი მილიარდია, ახლა მითხარით, დედამიწაზე თუ არსებობს ადამიანი, რომელიც თქვენ დაგავალებთ, მიშას შეაკვდიო და თქვენ ამას თქვენი ქონების დაკარგვის შიშით გააკეთებთ?... ამიტომაც ასეთი ბრძანებები არ გაიცემა და არც ასრულებენ. მეტიც, ბიძინა ივანიშვილის გეოპოლიტიკური არჩევანის გათვალისწინებით, ის დიდად მისაღები ვერ იქნება კრემლისთვის. ის ამბობს, რომ ააშენებს ძლიერ საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობით და მოაწესრიგებს რუსეთთან ურთიერთობას. ეს არჩევანი რუსეთში დიდად არ მოეწონებათ, ამიტომაც დარწმუნებული ვარ, რომ მას რუსეთში თავისი აქტივების გაყიდვა ძალიან იაფად მოუწევს.

- ბატონო ლაშა, როგორ ფიქრობთ, ივანიშვილის გამოჩენა რა რყევებს გამოიწვევს ხელისუფლების შიგნით?

- როდესაც საქართველოში, ფაქტობრივად, ერთპიროვნული მმართველობა ჩამოყალიბდა და პოლიტიკური ალტერნატივა არ ჩანდა, იყო მოლოდინი, რომ ეს ალტერნატივა ხელისუფლების შიგნით გაჩნდებოდა. მაგრამ საფრთხის შიშით მათი კონსოლიდირება მოხდება, თუმცა ეს მოხდება იმ ძირითად მოთამაშეებს შორის, იმ ხუთ-ექვს კაცს შორის, რომლებიც სააკაშვილის კაბინეტში ადვილად შედიან. ამ ადამიანების უკან დგას მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი, იქ კი, ვინ როდის გადაწყვეტს განსხვავებულ პოზიციაზე გადასვლას, ძნელი სათქმელია. ზოგადად, ვერტიკალური მმართველობა ამიტომაცაა საშიში, რომ ერთი აგურის გამოცვლამაც კი შეიძლება მთელი ვერტიკალის დაშლა გამოიწვიოს. სახელოვნებო თუ პოლიტიკურ ველზე არიან ადამიანები, რომლებიც ამა თუ იმ პროცესების ინდიკატორები არიან ხოლმე, მათი პოზიციის ცვლილება ზოგჯერ მეტად დროულია და ბევრ რამეზე მიუთითებს..

- პოზიციის ამგვარი ცვლილებები უკვე შეამჩნიეთ?

- ვნახოთ, დავაკვირდეთ პროცესებს, არის ამის გარკვეული ნიშნები. როდესაც დათო გამყრელიძე და "ახალი მემარჯვენეები" ქართულ პოლიტიკურ დაფაზე უხერხულ პოზიციას იკავებენ, შალვა ნათელაშვილი კი "კავკასიის" ეთერში ნერვიულობისგან სახეს კარგავს, როგორც წესი, ასეთ შემთხვევაში, საქართველოში ხელისუფლება იცვლება.

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა