ბიძინა გუჯაბიძე: "შვილიშვილებთან ერთად უშბაზე ავალ"

ბიძინა გუჯაბიძე: "შვილიშვილებთან ერთად უშბაზე ავალ"

ევერესტი, საგარმატხა, ჯომოლუნგმა... დედამიწის უმაღლეს მწვერვალს ნეპალელები საგარმატხას ეძახიან, ტიბეტელები - ჯომოლუნგმას, ხოლო ევროპელებისათვის ეს ბუმბერაზი მთა - ევერესტია. მართლაც შთამბეჭდავია სიდიდითაც და სილამაზითაც, თუმცა მასზე დიდებული და დასალაშქრავადაც რთული სხვაც არაერთია დედამიწაზე. ამის მიუხედავად, ახალბედა მთამსვლელიდან დაწყებული, გამოცდილი ალპინისტით დამთავრებული, ყველა სწორედ ევერესტის დაპყრობაზე ფიქრობს.

პირველებმა დედამიწის "ქუდზე" 1953 წლის 29 მაისს ახალზელანდიელმა ედმუნდ ჰილარიმ და ნეპალელმა შერპმა თენსინგ ნორგეიმ დაადგეს ფეხი. მას შემდეგ ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყნის მთამსვლელები ცდილობენ მის დალაშქვრას, მათ შორის - ქართველებიც. ზოგს უმართლებს, ზოგს - არა, თუმცა დღემდე ათამდე ჩვენმა ალპინისტმა მაინც შეძლო პლანეტის უმაღლესი მწვერვალის დაპყრობა. ერთ-ერთი მათგანია ბიძინა გუჯაბიძე, რომელმაც ორჯერ მიაღწია ამ მწვერვალს. ჰიმალაების გარდა მას პამირის, ტიან-შანისა და კავკასიონის ბევრი სხვა ურთულესი მწვერვალებიც დაუპყრია, მაგრამ თავად მას სიტყვები - "დამორჩილება", "დაპყრობა" არ უყვარს. მთას სხვაგვარად უყურებს - მორიდებით, მეგობრულად, სუფთა ადგილად მიაჩნია.

ცხოვრებაშიც ასეთია, ღვთისმოსავი, კეთილი და გამტანი. ბიძინასთან შეხვედრა და მასთან საუბარი ყოველთვის საინტერესოა. ამ თვისებების გარდა, კარგი მთხრობელია... საოცარი ადამიანია, მაგრამ კაცია და უშეცდომო არც ის არის. არა, ამას "შეცდომას" ვერ დავარქმევ, არც "ახირება" ივარგებს. უფრო ალბათ, "თავისებურება" მიესადაგება. ბიძინამ მთებით საკუთარი შვილები "მოწამლა", განსაკუთრებით კი ირაკლი. მესმის, კაცმა, ოთარ ქორქიას მსგავსად, შვილი კალათბურთით დააინტერესო, ან უფროსი მიხეილ მესხის დარად, პატარა მიშაც რომ ფეხბურთელი იყო; ჩვენი ოლიმპიური ჩემპიონის - შოთა ჩოჩიშვილის ბიჭიც ხომ ძიუდოს გაჰყვა, მაგრამ - მთამსვლელობა?! საქმე ის არ არის, რომ ვერც ერთმა შვილმა მამას სპორტში ვერ აჯობა, მთა სახიფათოა. ღმერთმა დაიფაროს ყველა ალპინისტიც და არა ალპინისტიც, მაგრამ ბიძინაზე უკეთ ვინ უნდა იცოდეს, რამდენი რამ ხდება იქ, ზევით. ჩემი საუბარიც ბიძინა გუჯაბიძესთან სწორედ ამ თემით დაიწყო.

- ჰო, რა თქმა უნდა, ეს მთლად ნორმალური არ არის, მაგრამ ახლა რაღას ვიზამ? პირველად რომ გავიარეთ ძალიან რთული, მე-5 კატეგორიის კლდოვანი მარშრუტი, მე წინ მივდიოდი და უფრო დაცული იყო. ის მარშრუტი მე ჩემს მეგობრებთან ერთად, დაახლოებით 25 წლის წინ მაქვს გავლილი. მაშინ ჩვენს ექსპედიციას 5 დღე დასჭირდა. ახლა მე და ირაკლი 18 საათში ავედით და ჩამოვედით. ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ უკვე არაფერი ეშლება მას, ახლა ის მიდის წინ, ის კვალავს მარშრუტს. ამიტომაც, უფრო ვნერვიულობ. იმას თუ შევძლებ, რომ არ წავყვე მთაში, მაშინ უფრო ვინერვიულებ. სახლში ჯდომას ისევ ჯობია, ერთად წავიდეთ ექსპედიციაში. მეგობრები ამას არ მიწონებენ, მაგრამ ეს ცხოვრებაა. ისე მოხდა, რომ ირაკლიმ, "დედის ჭიპი" რომ გადაიჭრა, მას შემდეგ ჩემთან არის ჩაბმული. არ ვიცი, თქვენი მკითხველი ამას როგორ გაიგებს, მაგრამ ჩემთვის დიდი სიამოვნებაა, როდესაც მარტონი ვართ მთაში.

- შენ თვითონ როგორ და რატომ გახდი ალპინისტი?

- როგორ უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოს, ჩემი მთამსვლელობა ბიბლიოთეკიდან დაიწყო. დედაჩემი ბიბლიოთეკარი იყო. ახლაც მახსოვს სკოლის დიდი ფანჯრები და ახალშეღებილი იატაკის სუნი. სახლში, გურიაში კარგი ბიბლიოთეკა გვქონდა. სათავგადასავლო წიგნები მიყვარდა, ბევრს ვკითხულობდი. მეექვსე კლასში უკვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ მოგზაური გავმხდარიყავი, მაგრამ როგორ უნდა მომხდარიყო ეს, არ ვიცოდი. მოგვიანებით, უკვე მერვეკლასელი, მთაში მწყემსად წავედი. ბახმარო, სურების მთები, ცხენი, ნაბადი და - თანდათან შემიყვარდა ბუნებაში სიარული. პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სწავლისას კი კურსელებმა გამოაცხადეს, ალპინიადას ვაწყობთო. ასეთი რამ არც წარმომედგინა, ალპინისტები თუ რეალური პიროვნებები იყვნენ, არ ვიცოდი. 1979 წელს პირველად წავედი ყაზბეგში და მას შემდეგ დავრჩი და დავრჩი ალპინიზმში.

- ბიძინა, თქვენგანვე - ალპინისტებისგან გამიგონია, რომ მართალია, ევერესტი ყველაზე მაღალი მწვერვალია, მაგრამ დასალაშქრავად ყველაზე რთული არ არის. მაშ, რატომაა ყველასათვის პრესტიჟული ამ მთაზე ასვლა?

- იცი, კავკასიონზე არის ჩატინის რომბი - ურთულესი კედელია; მხოლოდ ერთხელ შევძელი მისი გავლა, მაგრამ საზოგადოებამ არ იცის ამის შესახებ. სამაგიეროდ, იციან ევერესტი, თან, ყველაზე მაღალია სასიმაღლო მწვერვალებს შორის. ამასთან, რაც უფრო ასაკში შედის კაცი, ტექნიკური მარშრუტების გავლა უფრო უძნელდება. ამიტომაც გადადიან სასიმაღლო კლასში, აქ კი 8848 მეტრი სიმაღლის ეს გიგანტი ყველაზე მიმზიდველია. არავინ იფიქროს, მისი დალაშქვრა ადვილი იყოს. 1999 წელს ბენო ქაშაკაშვილთან, აფი გიგანთან და ლოვა სარქისოვთან ერთად რომ ავედი, მაშინ 40 წლის ვიყავი, კარგადაც მოვემზადე, მაგრამ მეც გამიჭირდა. რომან გიუტაშვილის შემდეგ, საქართველოდან ჩვენ პირველები ვიყავით, ვინც ამის გაკეთება შეძლო.

თუმცა მაშინ ვიდეოკამერით ვიღებდი ჩვენს ასვლას. ეს კი საკმაოდ რთულია. წარმოიდგინეთ, 8000 მეტრის სიმაღლეზე, ყინვაში უნდა გადაიღო მთების პანორამა ან წინ მიმავალი პარტნიორები. ზურგჩანთიდან უნდა ამოიღო ვიდეოკამერა, გულის ჯიბიდან - აკუმულატორი, გაიხადო ხელთათმანები, აღადგინო სუნთქვა და ამის შემდეგ შეუდგე გადაღებას. რომ მორჩები, მთელი ეს ოპერაცია ხელახლა უნდა შეასრულო, ოღონდ - უკუღმა. ყველაფერ ამას ბევრი დრო მიაქვს. ამის გამო ჩამოვრჩი მეგობრებს და მეგონა, ვეღარც დავეწეოდი. მწვერვალამდე რამდენიმე ასეული მეტრი მრჩებოდა და შეიძლებოდა, იძულებული გავმხდარიყავი, რომ ქვევით დავბრუნებულიყავი. ასეთი შემთხვევები ყოფილა. წინა წელს, მაგალითად, იტალიელ სერჯიო მარტინის 70 მეტრი რჩებოდა მწვერვალამდე, უკან რომ დაბრუნდა. თუმცა ვიცოდი, რომ მეგობრები დამელოდებოდნენ.

მართლაც, სამხრეთის მწვერვალზე რომ გავედი, ბიჭები იქ მელოდებოდნენ. მწვერვალს რომ მივაღწიეთ, საჭირო იყო ფოტოაპარატით და ვიდეოკამერით გადაღება. უჟანგბადობის გამო გონება კარგად ვერ აზროვნებს და ყველაფერს მექანიკურად ვაკეთებდით. დიდხანს იქ ვერ გაჩერდები, დროზე უნდა დაეშვა ქვევით. მახსოვს, ვამბობდი: "მარინა, ბაღნებო, ახლა მთავარია, ეს გადაღებული კადრები ყველა ერთად ქვევით ვნახოთ". ქვევით დაშვება გამოფიტული ორგანიზმისთვის რთულია. თან, ლიოვა სარქისოვი ბრჭყვიალა თოვლის კაშკაშა სითეთრისაგან ორივე თვალით დაბრმავდა, მე - ცალით და მე მომიხდა დაშვებისას მისი ჩამოყვანა.

- როგორც მახსოვს, ევერესტზე გადაღებული კადრებით ფილმიც გააკეთეთ მაშინ და ფესტივალებშიც მონაწილეობდით.

- ევერესტის გარდა, სხვა მწვერვალებზეც გავაკეთეთ დოკუმენტური ფილმები და სხვადასხვა ფესტივალში პრიზებიც მივიღეთ, მე - როგორც ოპერატორმა რთული სასიმაღლო გადაღებისათვის. ახლა აღარ ვიღებ: რთულია, თან, მერე ბოლომდე უნდა მიჰყვე ამ საქმეს. თანხებიც არის ამისთვის საჭირო. ახლა ჩემი მთავარი საზრუნავი - ახალგაზრდები არიან. დაახლოებით ათკაციანი ჯგუფი მყავს, უკვე ჩემზე უკეთ შეუძლიათ მთაში სიარული. უშბაზე 3-4-ჯერ არიან ნამყოფი, მათ შორის, ერთი გოგონაცაა. 23-24 წლის ბიჭებისთვის ეს საკმაოდ სერიოზული მიღწევაა.

ჩემი თაობის ალპინისტები მთელი კარიერის მანძილზე ამას თითო-ორორჯერ თუ შეძლებდნენ, მაგრამ ახლა მთამსვლელების აღჭურვილობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, ასვლის ტექნიკაც. ამიტომაც, რასაც ამ ახალგაზრდებმა მიაღწიეს, ის მე 30-32 წლის ასაკში მოვახერხე. მათთან ერთად, წელს ახალი მარშრუტი გავიარეთ ჭაუხებში, მწვერვალ "ასათიანზეც" რთული ექსპედიცია გვქონდა - მეექვსე "ა" კატეგორიის სირთულის. ერთი ღამისთევით მოვახერხეთ მარშრუტის გავლა.

- ასეთი რთული მწვერვალების დასალაშქრავად რა არის საჭირო: მაგარი გული, ძლიერი მუხლი, ოსტატობა, მთის სიყვარული?

- იცი, ერთი მეგობარი მყავს, ძალიან კარგი მთამსვლელია, მაგრამ რთული ოპერაციის შემდეგ, რამდენიმე წელი უკვე მთაში ვეღარ დადის, არადა, იქაურობაზე გიჟდება. როდესაც ვხვდები, ვხედავ, რომ მას ჩემზე მეტად უნდა მთაში წასვლა, ძალიან უნდა. ჩემი აზრით, მთავარია სურვილი; როდესაც ასეთი სურვილი გაქვს, მერე ყველაფერს მიაღწევ. მთა სულ სხვა რამეა! ერთხელ, ექსპედიციისთვის ერთი ალპინისტი გვაკლდებოდა და შედარებით მოუმზადებელი მთამსვლელი დავიმატეთ. ვიცოდი, რომ მორალურად არ იყო მზად. ექსპედიციის დროს ვაკვირდებოდი, ვხედავდი, როგორ იცვლებოდა თანდათან, როგორ მიხვდა, რა მაგარია ცხოვრება!..

აი, სახლში ხარ და შეგიძლია, ონკანი მოუშვა, ერთი ჭიქა წყალი დალიო, მეორე, რამდენიც გინდა. პურს მოიჭრი, შეჭამ. კიდევ მოიჭრი და კიდევ შეჭამ. ლოგინში დაწვები და რამხელაზეც გინდა, იმხელაზე გაშლი ფეხს. გადაბრუნდები ერთ გვერდზე, მერე - მეორეზე. ანუ, რასაც გინდა, იმას გააკეთებ. მთაში კი ამის საშუალება არ არის, საჭმელიც შეზღუდული გაქვს, სასმელიც; ზოგჯერ ჰამაკში გძინავს, კლდეზე დაკიდებულს, ანდა, კარავში. სიცივეა, თან, ყოველ წუთს შეიძლება, ზვავი ჩამოწვეს. მშვიდად ვერ ხარ. სახლში კი ყველაფერ ამას არ აფასებდი. ამ ახალგაზრდისთვის ეს მოხდა პირველად, მაგრამ ჩვენ ხომ წლების განმავლობაში დავდივართ მთაში? ამიტომ, სიმართლე გითხრათ, მთამსვლელები ცოტა განსხვავებული ადამიანები ვართ - მოთხოვნებით, ფიქრით, მოძრაობებითაც კი. ყოველ შემთხვევაში, ისე გულწრფელად ლოცვას, როგორც იქ, აქ ქვემოთ ვერ ვახერხებთ.

უღმერთოც რომ იყოს ადამიანი, ზოგჯერ ისეთ სიტუაციაში ვარდება, რომ ისიც ლოცულობს. იქ რეალურად გრძნობ, რომ ძალიან პატარა ხარ და ზევიდან საყელოთი ვიღაცა გიჭერს. ზოგჯერ მთაში იმიტომაც მივდივარ, რომ იქ ვილოცო. ვცდილობ, ქრისტიანულად ვიცხოვრო, თუმცა ძალიან ძნელია, მას ზედა ზღვარი არა აქვს.

- ბიძინა, რამდენადაც ვიცი, სამების ეკლესიის გუმბათზე ჯვარი შენ დაამონტაჟე. არა მგონია, ყველას ჰქონდეს ამის უფლება. ალბათ პატრიარქისგან კურთხევა მიიღე, არა?

- რა თქმა უნდა, უწმინდესთან ადრე ხშირად მქონდა ურთიერთობის საშუალება. სამებამდე სიონის ეკლესიის ჯვარი მოვაოქროეთ. მაშინ საპატრიარქო იქ იყო, მის უწმინდესობას სავარძელს გამოუტანდნენ და გვიყურებდა, როგორ ვმუშაობდით. პირველი ჯვარი კი 1987 წელს მეტეხის ეკლესიაზე მე და მამა ტარიელმა დავამონტაჟეთ. მამა ტარიელი ჩემი ბავშვობის მეგობარია. სხვა სასულიერო პირებიც მყავს მეგობრები. მგონი, აღა მაჰმად ხანმა რომ ჩამოაგდო მეტეხიდან ჯვარი, მას შემდეგ ჩვენ პირველები ვიყავით, ვინც დავადგით ჯვარი. სამების ეკლესიაზე მუშაობა საკმაოდ რთული იყო. იქვე, გვერდით 130 მეტრი სიმაღლის ანძა იდგა. დემონტაჟი ჩვენ გავაკეთეთ. ჩვენ გარდა ეკლესიის გუმბათზე რესტავრატორებიც მუშაობდნენ. წვიმას რომ ხელი არ შეეშალა, ბრეზენტით შევფუთეთ. ზუსტად იმ პერიოდში თბილისში ძლიერი ქარი იყო. აეროპორტის ახალ შენობას სახურავი ახადა, ჩვენთან კი არაფერი მომხდარა.

- სპორტში ოლიმპიური ჩემპიონობა ყველაზე დიდი მიღწევაა. როგორ ფიქრობ - ოლიმპიური ჩემპიონობა უფრო დიდი ტიტულია თუ ევერესტის დალაშქვრა?

- ამ კითხვაზე ასე გიპასუხებ - გააჩნია, ვისთვის არის უფრო მნიშვნელოვანი. თუ საკუთარ თავზე გამარჯვებაზე ფიქრობ, შეიძლება, ევერესტზე ასვლა არც იყოს საჭირო და პატარა მთაც საკმარისი იყოს. ჩემთვის ევერესტი ყველაზე რთული მწვერვალი არ არის. აი, "კ"-2 კი მართლაც ძალიან რთულია. შარშან სულ რამდენიმე ალპინისტმა შეძლო მისი დალაშქვრა, წელს - ვერავინ. მაგრამ იცი, რა არის? თავად ევერესტზე ასვლა იმდენად დიდ ენერგიას მოითხოვს, რომ სპორტის არც ერთ სახეობაში ისეთ დაღლილობას ვერ მიაღწევ, როგორც მთამსვლელობაში. მაგალითად, მქონდა ასეთი შემთხვევა, ჰიმალაებში მანასლუზე ავდიოდი.

ძალიან მაგრად ვიარე, წელამდე თოვლში ტრაქტორივით მივარღვევდი ბილიკს, მაგრამ ისე დავიღალე მეორე დღეს თავქვე დაშვებისას ძლივს მოვფორთხავდი. გზას, რომელიც ერთ საათში უნდა გამევლო, 8 საათი მოვუნდი. ახლა მეორე მხრიდანაც შევხედოთ თემას - ევერესტი თუ ოლიმპიური ჩემპიონობა? ოლიმპიურ კვარცხლბეკზე გაცილებით მეტი სპორტსმენია ასული, ვიდრე ევერესტზე. პატივს ვცემ ყველა ჩემპიონს, მაგრამ ჩემთვის ევერესტი უფრო მნიშვნელოვანია.

- ბოლოს ისიც მითხარი - როდემდე აპირებ მთაში სიარულს?

- უკვე გითხარი, ჩემს შვილთან, ირაკლისთან ერთად რომ მივდივარ მთაში, თავს ბედნიერად ვგრძნობ. ახლა 52 წლის ვარ. 70-ის რომ გავხდები, ჩემი უფროსი შვილიშვილი 20 წლის იქნება, უმცროსი კი - 18-ის. ჩემი მიზანია, მათთან ერთად ავიდე უშბაზე. თუ მარტომ ვერ შევძელი, იმედია, ირაკლი თავის ბიჭებთან ერთად მომეხმარება. აი, მაშინ კი ჩავთვლი, რომ მთები უკვე საკმარისად მოვიარე და სახლშიც დავჯდები...

გოგი ფრანგიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"