პინხას ავივი ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და ცნობილ ებრაელ დიპლომატად ითვლება. თურქეთში ისრაელის ყოფილი ელჩი, საგარეო საქმეთა სამინისტროს გენდირექტორის მოადგილე, ახლა კი ისრაელის საგარეო პოლიტიკური უწყების კავკასიისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ისრაელში, ამ რეგიონის პრობლემებს სხვებზე უკეთ იცნობს. Вестник Кавказа-სთან ინტერვიუში პინხას ავივმა ამიერკავკასიაში ისრაელის პოლიტიკის თავისებურებებზე ისაუბრა. "პირველი'' აღნიშნული ინტერვიუს შემოკლებულ ვერსიას გთავაზობთ:
- რა ადგილი უკავიათ დღეს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს ისრაელის პოლიტიკაში? რაში გამოიხატება ისრაელის ინტერესები ამ რეგიონში?
- ამ კითხვაზე ორი-სამი ფრაზით ვერ გიპასუხებთ. ეს არის თემა დისერტაციისთვის. გასაგებია, რომ "არაბული გაზაფხულის'' დაწყების შემდეგ სამხრეთ კავკასიის როლი ჩვენთვის და მთელი მსოფლიოსთვისაც გაიზარდა, რამდენადაც მხოლოდ ამის შემდეგ შევძელით, ამ რეგიონის ენერგეტიკული მნიშვნელობა ბოლომდე შეგვეფასებინა. დღეს აზერბაიჯანთან, აზერბაიჯანულ ენერგომატარებლებთან ჩვენი კავშირები, რა თქმა უნდა, ბევრად მეტს ნიშნავს ჩვენთვის, ვიდრე რამდენიმე თვის წინ. თუმცა საქმე მხოლოდ ამაში არ არის. აზერბაიჯანში და შუა აზიის ქვეყნებში, მათ მიერ არჩეულ ისლამის ტოლერანტულ მოდელში ისლამური რადიკალიზმის გავრცელების გზაზე ბარიერს ვხედავთ. ჩვენ ვაცნობიერებთ ამიერკავკასიის ქვეყნებთან ეკონომიკური კავშირების მთელ პოტენციალს, თუმცა ამასთან ერთად, გვესმის ისიც, რამდენად ფრთხილად და აწონ-დაწონილად უნდა ვიმოქმედოთ ამ რეგიონში, რათა კარგი ურთიერთობები შევინარჩუნოთ მასში ჩართულ ყველა ქვეყანასთან. არ ღირს, საქართველო-რუსეთის ცოტა ხნის წინანდელი კონფლიქტისა და იმის დავიწყება, რომ ამ კონფლიქტში ერთმანეთს მთელი რიგი ქვეყნების ინტერესები შეეჯახა. ასევე, არ ღირს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გადაუჭრელი კონფლიქტის დავიწყება...
- რა შეიცვალა ისრაელ-საქართველოს ურთიერთობებში ამ ქვეყნისა და რუსეთის კონფლიქტის შემდეგ? ხომ არ შეიმჩნევა მასში გაციება მას შემდეგ, რაც ისრაელმა რუსეთის ზეწოლის შედეგად, საქართველოსთვის იარაღის მიწოდებაზე უარი განაცხადა?
- ჩვენ საქართველოსთვის თავდაცვის მიზნებისთვის იარაღის მიყიდვაზე უარი არ გვითქვამს. ჩვენ თავს ვიკავებთ ისეთი იარაღის მიყიდვაზე, რომელმაც, შესაძლოა, რეგიონში შექმნილი სტრატეგიული თანასწორობა შეცვალოს და რუსეთიც ჩვენს ამ აწონილ-დაწონილ პოლიტიკას ძალიან მაღალ შეფასებას აძლევს. ჩვენ ძალიან გვსურს, რეგიონში, რომლის შესახებაც ახლა ვსაუბრობთ, მშვიდობა იყოს, რათა ჩვენს ქვეყნებს შორის ტურიზმი, ეკონომიკური და სხვადასხვა სახის კავშირები აქტიურად განვითარდეს. ჩვენ გვსურს, იქ ვაშენოთ და არა დავანგრიოთ. თუ მაინც, ჩვენს ურთიერთობებს ამჟამად რაღაც ჩრდილს აყენებს, ეს არა შეიარაღების მიყიდვის მოცულობის შემცირება, არამედ ამ ქვეყანაში ჩვენი ორი ბიზნესმენის დაკავებაა, რომელიც ჩვენში ბევრ კითხვას იწვევს. ამ ისტორიამ, რა თქმა უნდა, ბევრი ცნობილი ებრაელი ინვესტორი დააფრთხო და მისი გავლენა პოლიტიკოსებისა და დიპლომატების კონტაქტებზეც მუდმივად იგრძნობა.
- თუმცა საქართველოს წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ საუბარია წმინდა წყლის სისხლის სამართლის საქმეზე. მათივე თქმით, ის ფაქტი, რომ ებრაელმა ბიზნესმენებმა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს 100 მლნ დოლარის მოცულობის ქრთამი შესთავაზეს, არანაირ ეჭვს არ იწვევს. რის საფუძველზე ცდილობს ისრაელი, საკუთარ კრიმინალებს გადაეფაროს და მზადაა, სხვა ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემაში ჩაერიოს და ამით მასთან ურთიერთობები გაიფუჭოს?
- ჩვენ, არავითარ შემთხვევაში არ გვსურს, ქართული მართლმსაჯულების საქმეში ჩავერიოთ. ჩვენ გვაშფოთებს არა ის, როგორ წარიმართა სასამართლო, არამედ ის მეთოდები, რომლითაც ჩვენი ბიზნესმენები დააკავეს. ერთ-ერთი მათგანი ხომ საქართველოში პრემიერ-მინისტრის სახელით მიიწვიეს წარმოქმნილი პრობლემების მოსაგვარებლად, რეალურად კი, თბილისში დასაპატიმრებლად ჩაიყვანეს. ებრაული საზოგადოება ამას მიუღებლად თვლის, საზოგადოებრივი აზრი კი ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრს ნიშნავს.
- თავად ბიზნესმენების ნაამბობით ირკვევა, რომ ისინი ციხეში, მეტნაკლებად, მისაღებ პირობებში იმყოფებოდნენ, შემდეგ კი ეს პირობები გაუარესდა.
- ჩვენ მათ პირობებს თვალს ვადევნებთ და აუცილებლობის შემთხვევაში, მათ გაუმჯობესებას მოვითხოვთ. თუმცა პრობლემა ამაში არ არის. ჩვენ არ გვსურს, რომ მსგავსი ისტორიები მომავალში განმეორდეს და ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს ჩრდილი მიადგეს.
- პრობლემის როგორ გადაწყვეტას სთავაზობთ ქართულ მხარეს? თვლით, რომ ქართულმა სასამართლომ განაჩენი უნდა გააუქმოს?
- თუ ორი მხარე კეთილ ნებას გამოიჩენს, თუ მათ ნამდვილად სურთ პრობლემის გადაწყვეტა, ამის გზებს იპოვიან. ჯერჯერობით, სამწუხაროდ, ისრაელის ბევრი ცნობილი მოღვაწის მიერ საქართველოსადმი მოწოდებები შესმენილი არ ყოფილა.
- თქვენ ამბობთ, რომ ისრაელსა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ტურიზმის განვითარებით ხართ დაკავებული. მათი ტურისტული პოტენციალი ნამდვილად დიდია, თუმცა ებრაელებს, ჯერჯერობით, არ აუთვისებიათ.
- რათა დარწმუნდეთ იმაში, რამდენად ცდებით, საქართველოში ჩაბრძანდით. დარწმუნებული ვარ, შენიშნავთ ებრაელი ტურისტების ავტობუსების რაოდენობას, რომლებიც თბილისსა და სხვა ქალაქებში მოგზაურობენ. სომხეთშიც ტურისტული ნაკადი იზრდება. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ტურიზმის სფეროში ჩვენი კავშირები აზერბაიჯანში შეფერხებულია. როდესაც ისრაელსა და თურქეთს შორის ურთიერთობებში დაძაბულობა წარმოიქმნა და ებრაელებმა ამ ქვეყანაში დასვენებაზე უარი თქვეს, ბევრმა ქვეყანამ, საქართველოს ჩათვლით, ებრაელებს მიმზიდველი ფასები შესთავაზა. აზერბაიჯანმა ეს, რატომღაც, არ გააკეთა. ამ ქვეყანაში ჩასასვლელად ებრაელები ვიზის აღების დროს კვლავ ბევრ სირთულეს აწყდებიან. სირთულეები ასევე დაკავშირებულია იმასთან, რომ ისრაელში აზერბაიჯანის საელჩო არ არსებობს. მოდით, გვქონდეს უკეთესობისა და იმის იმედი, რომ ისრაელის ურთიერთობები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან მხოლოდ დადებითი იქნება. ჩვენი ურთიერთობების პერსპექტივები ნამდვილად დიდია.
გაზეთი "ვერსია"