ნატო-ს გენერალუმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა სასტუმრო "რედისონში" ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გახსნა.
შესავალ სიტყვაში გენერალურმა მდივანმა ალიანსის სახელით საქართველოს მადლობა ავღანეთის მისიაში მონაწილეობისთვის გადაუხადა. რასმუსენის განცხადებით, ის პატივს მიაგებს იმ ქართველი ჯარისკაცების ხსოვნას, რომლებიც ავღანეთის მისიაში მონაწილეობისას დაიღუპნენ.
"დღეს, ჩვენს პირველ შეხვედრაზე ფოკუსირებული ვიქნებით საქართველოს შიდა რეფორმებზე, მათ შორის დემოკრატიული განვითარების, გამოხატვის თავისუფლების, კორუფციასთან ბრძოლის და ეკონომიკური ზრდის მიმართულებით. ჩვენ განვიხილავთ პროგრესს და გამოწვევებს, რომლებიც საქართველოში არსებობს", - აღნიშნა რასმუსნმა.
მისივე თქმით, განხილვის თემა იქნება ასევე თავდაცვის სფეროს რეფორმა. "ეს რეფორმა აუცილებელია იმისთვის, რომ საქართველომ უზრუნველყოს სამხედრო სტრუქტურის სათანადო დაფინანსება და ორგანიზება, რათა შესაბამისი იყოს იმ გამოწვევებისა, რომლებიც უსაფრთხოების სფეროში არსებობს ან იარსებებს ხვალ და არ იყოს ფოკუსირებული წარსულზე. ნატო განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ამ რეფორმებში", - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
რასმუსენმა ასევე განაცხადა, რომ ბუქარესტში ალიანსის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება, ალიანსის წევრების მხრიდან ძალაში რჩება. "ბუქარესტის სამიტის შემდეგ საქართველო ნატო-ს ბევრად დაუახლოვდა, მაგრამ სამუშაო კიდევ არის განსახორციელებელი მთელ რიგ სფეროებში. ეს არის რეფორმები, რომელიც იქნება საქართველოს ბილეთი ნატოსკენ გზაზე", - აღნიშნა ნატოს გენმდივანმა.