მოგზაურობა გაპარტახებულ აფხაზეთში და სამშობლოს მოქალაქეობის მიღების მოლოდინი

მოგზაურობა გაპარტახებულ აფხაზეთში და სამშობლოს მოქალაქეობის მიღების მოლოდინი

"მე ქართველი ვარ და მინდა, საქართველოში ვიცხოვრო" - ეს სიტყვები მოქალაქეობის მიღების თხოვნით პრეზიდენტისთვის გაგზავნილ განცხადებაში ნელი ხინთიბიძე-სუხიაშვილმა აკანკალებული ხელით დაწერა. ძალიან ნერვიულობდა, - ამ ფურცელზე ჩემი ოჯახის სამშობლოში კანონიერად ცხოვრების უფლებაა დამოკიდებულიო... ქართული წერა-კითხვა ახლობლებმა ასწავლეს... არ შეიძლება გულგრილი დარჩეს ადამიანი იმ განცდის შემხედვარე, რომელსაც სამშობლოს მოწყვეტილი ქართველი საკუთარ ფესვებზე საუბრისას ამჟღავნებს... ქალბატონი ნელი თავის ოჯახთან, მეუღლესა და ორ გოგონასთან - 10 წლის ნინოსა და 7 წლის სოფიასთან ერთად, საქართველოში ცხოვრებაზე ოცნებობს.

- ოჯახური პრობლემების გამო, 6 წლისამ დავტოვე სამშობლო. წარმოშობით ნახევრად უკრაინელი ვარ. რბილად რომ ვთქვათ, არც ისე ბედნიერი ბავშვობა მქონდა... მეორე მსოფლიო ომის დროს, 1941 წელს, ოდესას გერმანული არტილერია ბომბავდა და ქალაქის ევაკუაცია დაიწყო. დედა, ბებია და ბებიაჩემის დები ოდესიდან ჩაქვში გემით ჩამოიყვანეს. დედა მაშინ 3 წლის ყოფილა, მაგრამ მის მეხსიერებას მაინც შემორჩა, როგორ ბომბავდნენ გერმანული თვითმფრინავები საბჭოთა საქართველოში მომავალ გემს...

იმ დროს ბაბუა ფრონტის ხაზზე ყოფილა, საიდანაც ცოცხალი ვეღარ დაბრუნდა. დედამ ჩაქვის ქართული საშუალო სკოლა დაამთავრა, მერე გათხოვდა. ჩემი დაბადების შემდეგ, დედ-მამა საცხოვრებლად ბათუმში გადავიდა, მაგრამ მალე მათი გზები გაიყარა. მაშინ პირველ კლასში ვსწავლობდი. ჩემი ცხოვრების ეს მონაკვეთი ძალიან მძიმედ მახსოვს... შემდეგ ძალიან გაგვიჭირდა და დედაჩემის გადაწყვეტილებით, ნათესავებთან, სტავროპოლში გავემგზავრეთ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როცა რუსული საინფორმაციო საშუალებები, საქართველოში მიმდინარე არეულობებს აშუქებდნენ, მე და დედა ტელევიზორს ვერ ვცილდებოდით.

დედა მეუბნებოდა, - ღმერთმა ქნას, ყველაფერი ჩაწყნარდესო!.. ისე წავიდა ამქვეყნიდან, საქართველოში დაბრუნების იმედი არ დაუკარგავს... სწავლის დამთავრების შემდეგ, ქალაქ მინვოდის რკინიგზაში დავიწყე მუშაობა. 1998 წელი იყო. მართალი გითხრათ, არ გვილხინდა. დედაც შეუძლოდ გახლდათ და ჩემმა სამსახურმა, როგორც იტყვიან, სულზე მოგვისწრო.

- ნელი, ამ წლების განმავლობაში მამა არ შეგხმიანებიათ?

- ერთხელ მომიკითხა, მაგრამ შეხვედრა ვერ შევძელით... სამსახურში ჩემი მომავალი მეუღლე, გია გავიცანი. ამ დროს დედა უკვე მძიმე სენით იყო დაავადებული. საბედნიეროდ, ჩემი მეუღლე ძალიან გულისხმიერი ადამიანი აღმოჩნდა და მისი დახმარებით, უამრავი პრობლემა გადავლახე. ის ჩემთვის მხოლოდ ქმარი კი არა, ყველაზე საიმედო ადამიანი და მყარი საყრდენი იყო. დღემდე ასეა.

- ვიცი, რომ გია წარმოშობით აფხაზეთიდან არის...

- დიახ, გაგრელია. ბებია (დედის დედა) აფხაზი ჰყავს, მაგრამ 90-იანი წლების ქართულ-აფხაზურ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა. როცა გაოცებულმა ვკითხე, - კი, მაგრამ თავადაც ნახევრად აფხაზი ხარ და იარაღი ხელში როგორ გეჭირა-მეთქი? - სინანულით მიპასუხა, - რაც იქ ხდებოდა, ომი კი არა, ქართველებისა და აფხაზების ტრაგედია ჰქვია, სადაც ორივე დავმარცხდით; ისინი ჯერჯერობით ვერ ხვდებიან, მაგრამ მალე გაიგებენო... მოგვიანებით, ომის შემდგომი აფხაზეთის ტრაგედია საკუთარი თვალით ვნახე.

- როგორ?

- აფხაზეთში ჩავედი... იცით, ყოველთვის ვგრძნობდი, რომ გიას თავისი კუთხე და მთელი საქართველო გაგიჟებამდე ენატრებოდა. ერთხელ მთხოვა, - რუსეთის მოქალაქეობა გაქვს, არაფერს დაგიშავებენ, დედაჩემთან ერთად, აფხაზეთს ესტუმრე, მაინტერესებს, იქაურობა როგორიაო... თავიდან შევყოყმანდი, მაგრამ სანაცნობო წრეში გავიკითხ-გამოვიკითხე, მივხვდი, რომ საშიში არაფერი იყო და გავრისკე. ფსოუს საზღვარი პირველად 2000 წელს გადავკვეთე. უზარმაზარი რიგისა და არაადამიანური წვალების შემდეგ, როგორღაც ჩავაღწიეთ აფხაზეთში. გია სულ მიყვებოდა, რომ აფხაზეთში ულამაზესი ბუნება იყო და ყველაფერს ხარბად ვაკვირდებოდი, მაგრამ როცა გადამწვარი და დაცარიელებული სოფლები გამოვიარეთ, ყველაფრის ხალისი წამერთვა.

ჩემს დედამთილს ნერვიულობისგან ფერი აღარ ედო... ბიჭვინთის ცენტრში როგორც კი შევედით, მაღალი საცხოვრებელი კორპუსების პირდაპირ, სანატორიუმ "ბზების კორომთან" დიდი, ოდესღაც თეთრი, უკვე დამწვარი შენობა შევნიშნეთ. ქართული სკოლაა, ომის დროს გადარჩა, მაგრამ შემდეგ აფხაზებმა დაწვესო, - გვითხრეს... საითაც კი გავიხედავდით, გადამწვარი ნასახლარები და შენობები იდგა. მიწიერი სამოთხე კი არა, გაუდაბურებული და ტყედ ქცეული ადგილი იყო, სადაც გაჭირვებისგან დაბეჩავებული ადამიანები ცხოვრობდნენ... ბიჭვინთიდან გაგრაში ავედით და ჩემი დედამთილის აფხაზ ნათესავებს ვესტუმრეთ.

- როგორ შეგხვდნენ?

- იმდენად თბილად შეგვხვდნენ, გაოგნებული დავრჩი... ისიც კი გავიფიქრე, იქნებ არც იცოდნენ, გია ქართულ ბატალიონში რომ მსახურობდა-მეთქი?.. ომზე სიტყვაც არ დაუძრავთ და არც გაჭირვებაზე დასცდენიათ რამე. არადა, გარშემო ყველაფერი განადგურებული იყო. ტურისტები თითქმის არც ჩადიოდნენ. ყოველ ფეხის ნაბიჯზე ნახავდით ქართველებისგან დაცარიელებულ კორპუსებთან "მიშენებულ" ბოსლებს, სადაც ძროხები და თხები ჰყავდათ. ნაგავს პირდაპირ ქუჩაში ან ზღვაში ყრიდნენ. საშინელი ანტისანიტარია იყო.

- აფხაზეთიდან თქვენს დაბრუნებას მეუღლე ალბათ ნერვიულობდა, არა?

- გია აფხაზებთან ერთად არის გაზრდილი. მათ ტრადიციებს კარგად იცნობს და იცის, თუ რას ნიშნავს მათთვის სტუმარი. ამიტომაც, მიუხედავად იმისა, რომ შვილებიც თან მახლდნენ, არ ნერვიულობდა ან - არ იმჩნევდა. ვუთხარი, აქ საშინელი სიტუაციაა-მეთქი... რამდენიმედღიანი "დასვენების" შემდეგ, მინვოდში გულდამძიმებულები დავბრუნდით. მეგონა, მას შემდეგ აფხაზეთში არასდროს ჩავიდოდი, მაგრამ დედამთილისა და მეუღლის თხოვნით, მაინც ყოველ წელს მივემგზავრებით.

- ვიცი, რომ იქ უსაფრთხოების ზომები საკმარისად არ არის დაცული; რატომ რისკავთ?

- იცით, ძნელია, ადამიანს უარი უთხრა იმაზე, რაც მისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს: ჩემს მეუღლეს უნდა, მისი შვილებისთვის აფხაზეთი და ქართული მიწა უცხო კი არა, მშობლიური იყოს. ოპტიმისტია და სჯერა, რომ დღეს და ხვალ თუ არა, ოდესღაც მაინც, აფხაზები მიხვდებიან, რომ შეცდომა დავუშვით და ისევ ერთმანეთის გვერდით ვიცხოვრებთ. ამისთვის კი მისი შვილები მზად უნდა იყვნენ... ბავშვებს მუდმივად ეუბნება, - აფხაზეთი საქართველოა, ჩვენი სამშობლო, რომელიც დროებით დაკარგული გვაქვს, მაგრამ აუცილებლად დავბრუნდებითო...

- რა შეიცვალა აფხაზეთში მას შემდეგ, რაც პირველად ესტუმრეთ?

- ინფრასტრუქტურის მხრივ დიდი ცვლილებები არც ბოლო წლებში განუხორციელებიათ. ელემენტარული პირობებიც არ არის, თუმცა მაინც, როგორღაც შევეჩვიეთ. სოხუმში არ ვყოფილვარ. გაგრასა და ბიჭვინთაში კი, მიტოვებული შენობები ბელორუსმა ბიზნესმენებმა იყიდეს და მარკეტები, კაფეები და სასტუმროები გააკეთეს. ქუჩები ფასადურად გაალამაზეს. ძირითადად, ბელორუსიიდან ჩამოყვანილი კადრები ჰყავთ დასაქმებული, რაც ადგილობრივთა უკმაყოფილებას იწვევს. მაგრამ ეს უფრო, სიტყვის მასალაა - სინამდვილეში, აფხაზ მამაკაცებს მუშაობა არ უყვართ. ამიტომაც ოჯახის რჩენას ქალები თავდაუზოგავად ცდილობენ...

გაგრაში მცირე ზომის ზოოპარკი გახსნეს. "ჟოეკვარას" პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე საჩოგბურთო კორტებიც შევნიშნე. ადგილობრივებმა მითხრეს, რომ იქ ხშირად ჩადიან რუსი მომღერლები და სასტუმრო "გაგრიფშსა" და სანატორიუმ "კაბეცეში" რჩებიან. თუმცა არ უთქვამთ, რომ ყოველთვის გაძლიერებული დაცვით ჩამოდიან, რადგან ძარცვა-ყაჩაღობა ძალზე ხშირად ხდება. ახალგაზრდების უმეტესობა ნარკომანია...

- ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი შემოსავალი - პენსია და ტურისტებზე გაქირავებული ოთახებია, არა?

- დიახ. ვისაც სოფელში მიწა აქვს, ფეიხოა და მანდარინი მოჰყავთ და რუსეთში ყიდიან.

- აფხაზები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმით, რომ ბიზნესი სომხებმა ჩაიგდეს ხელში...

- ამის შესახებ მეც მსმენია, მაგრამ მათი გაკეთებული ბიზნესი ვერ ვნახე, - ძირითადად, ბაზრობებზე ვაჭრობენ... სხვათა შორის, აქ ყოფნისას პირველად გავიგე, რომ აფხაზი ქალები ლილოს ბაზრობაზე დადიან სავაჭროდ... იმ აფხაზებს, ვისაც რუსეთის მოქალაქეობა აქვთ, მედვედევ-პუტინის ხელისუფლებისგან 60 დოლარის ოდენობით პენსიას აძლევენ, დანარჩენი მოხუცების ყოველთვიური შემოსავალი კი - 18 დოლარის ეკვივალენტურია, რომელსაც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება უხდის. ამიტომაც ყველა ცდილობს, რუსეთის მოქალაქეობა მიიღოს, რაც არც ისე ადვილია, რადგან რუსეთს თავისი უმუშევართა არმიაც ჰყოფნის...

აფხაზეთში სურსათი ძირითადად რუსეთიდან შემოაქვთ და ყველაფერი ძვირი ღირს. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ მისი ტრანსპორტირება, საკვები პროდუქტისთვის მიუღებელ პირობებში, ყველანაირი სანიტარიული ნორმების დარღვევით ხორციელდება. ერთი რამ შევნიშნე - აფხაზეთის მოსახლეობა დაიღალა. როცა ჩემი დედამთილი იქაურებს გაუშინაურდა, ჰკითხა, - ამ პატარა ქალაქში ამდენი უცნობი საიდან მოვიდაო? - მათ უკმაყოფილოდ უპასუხეს, - კალდახვარა, ლიხნი, ჯიხვა და თითქმის ყველა სოფელი დაცარიელებულია, იქაურები ქართველების მიერ მიტოვებულ სახლებში შესახლდნენო.

- რუს სამხედროებთან როგორი დამოკიდებულება აქვთ?

- ცუდი; ვერ იტანენ, მაგრამ მათი ეშინიათ. რამდენჯერმე წამოსცდათ, - თუ აფხაზმა რუსების მიმართ შიში არ გადალახა, არაფერი შეიცვლებაო. თუმცა ვერც ქართველებს იტანენ და თანაც, ჩვენი არც ეშინიათ.

- წლების შემდეგ საქართველოში დაბრუნდით, რა მოგეწონათ აქ და რა - არა?

- როგორც კი ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი გადმოვლახეთ, პირველი, რაც შევამჩნიე, მესაზღვრეების ადამიანური დამოკიდებულება იყო, რაც მათ სრულიად განასხვავებდა ჩრდილოეთ ოსეთის სამართალდამცველებისგან. ასე მეგონა, იმ ქართველ ბიჭებს ვიცნობდით... საქართველოში რამდენიმე დღე ვიყავი და ყველაზე მეტად პოლიციის თანამშრომლების მუშაობა მომეწონა. ძალიან თავაზიანები და ზრდილობიანები არიან... რა ლამაზი ქალაქი ყოფილა თბილისი, განსაკუთრებით - მისი ძველი უბნები.

ქუჩებში სეირნობისას გულში ის სიმღერა მიტრიალებდა - "თბილისო, მზის და ვარდების მხარეო..." უმუშევრობა რუსეთშიც არის, თუმცა ჩვენს ქალაქში ეს პრობლემა მაინცდამაინც მწვავედ არ დგას. ადგილობრივები რკინიგზაში, აეროპორტში, საავადმყოფოსა და ბაზარში არიან დასაქმებული. ყველა სარგებლობს უფასო ჯანმრთელობის პოლისით. სტავროპოლის მხარეში საკმაოდ ნოყიერი მიწაა და ვისაც მისი დამუშავება არ ეზარება, საჭმლის პრობლემა არა აქვს... მაგრამ მე ჩემს ქვეყანაში მინდა ვიცხოვრო; არ მინდა, ჩემი შვილებიც ისეთი "დამტვრეული" ქართულით ლაპარაკობდნენ, როგორითაც მე ვლაპარაკობ. მინდა, ჩემი შვილები ქართველებად გაიზარდონ.

ნინო სუხიაშვილი:

- ძალიან ლამაზი ყოფილა ჩემი სამშობლო... თბილისში უამრავი რამე დავათვალიერეთ, მაგრამ განსაკუთრებით სამების საკათედრო ტაძარი მომეწონა. მამიკომ მითხრა, - ლამის მთელი რუსეთის სალოცავები შემოვლილი მაქვს, მაგრამ ასეთი დიდებული ტაძარი არსად მინახავსო. გვითხრეს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ააშენა. რა ბედნიერებაა, რომ ადამიანს ბევრი ფული აქვს, მაგრამ უფალი და თავისი ხალხი არ ავიწყდება... მთაწმინდის პარკშიც ვიყავით. ძალიან მომეწონა და კარგად გავერთეთ.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?