ლეიბორისტული პარტია საჩხერისა და ჭიათურის რაიონული ორგანიზაციების ლიდერებმა დატოვეს - ”სირცხვილით საჩხერის რაიონში ვერ გამოვდიოდი”

ლეიბორისტული პარტია საჩხერისა და ჭიათურის რაიონული ორგანიზაციების ლიდერებმა დატოვეს - ”სირცხვილით საჩხერის რაიონში ვერ გამოვდიოდი”

7 ნოემბერი - "ლეიბორისტული დაუმორჩილებლობის შემოდგომა'' გახსნილად ცხადდება! "მარტოდშთენილი'' შალვა ნათელაშვილი პარლამენტის წინ 200-მდე მხარდამჭერის წინაშე დგას და ამბობს: "დღევანდელი აქცია ერთ მიზანს ემსახურება - გააგებინოს მსოფლიოს, რომ საქართველოს აღარ უნდა სისხლიანი დესპოტის, სააკაშვილის რეჟიმი. აქციები იქნება ხშირი''. ვის-ვის და ნათელაშვილს პოლიტიკურ ბრძოლაში მარტო დატოვებაზე ხმა არ ამოეღება - გულითაც რომ შეეცადოს, ალბათ, თავადაც ვერ გაიხსენებს, ბოლოს სად და როდის დაუდგა გვერდით რომელიმე ოპოზიციურ ძალას. 

9 ნოემბერი - "ლეიბორისტული მხილებისა და ბოიკოტის პოლიტიკა'' გრძელდება! ამჯერად, პრესკონფერენცია ოფისში ტარდება, ავანსცენაზე გუგავაა და ამბობს: "დღეს მოსახლეობის გამოთაყვანება-ზომბირებას, ერთი მხრივ, "მიშავიზიები'', მეორე მხრივ, "ბიძინავიზიები'' ახორციელებენ. "ბიძინავიზიები'' ფულსა და ბრძანებებს ნარიყალას სასახლიდან ელოდებიან, მათ ეთერში ყოველდღიურად აღევლინება "ხოტბაი და დიდებაი'' ამერიკელებისგან მოვლენილი "წმინდაო მიქელაბიძინაისი''. ამის დადასტურება შალვა რამიშვილია, რომელიც მშიერი ტურასავით დაწანწალებს ივანიშვილის რეზიდენციაში''. "ლეიბორისტებისთვის'' მედიის ბოიკოტი არახალია - უკვე რამდენიმე თვეა, "ვერსია'' ლეიბორისტული პარტიის ლიდერების ბოიკოტის რეჟიმში მუშაობს, მეტიც, მისი მთავარი რედაქტორი პირადად შალვა ნათელაშვილის უშვერი გინების, გუგავას სპეციალური ბრიფინგის ობიექტიც გახლდათ. 

"ვერსია'' გარდა იმისა, რომ მიშა-ვანოს დაკვეთას "ასრულებდა'', რეგიონულ გაზეთ "კახეთის კარიბჭესაც'' ფლობდა. "ლეიბორისტული გაგებით'', სადაც "ამერიკელებმა ივანიშვილი ნათელაშვილის წინააღმდეგ გამოაგზავნეს, რადგან მიშამ ვერაფერი მოუხერხა'', იქაც "ვერსია'' ამჯერად, ალბათ, "იმერეთის კარიბჭის'' დასაპყრობად ემზადება, ივანიშვილს "ციხის კარი'' შიგნიდან რომ გაუღოს?! მართალია, არც "მიშავიზიებსა'' და "ბიძინავიზიებს'' და არც ბეჭდურ მედიას "ვერსიისთვის'' მაშინ სოლიდარობა არ გამოუცხადებიათ, ჩვენ მაინც ვინარჩუნებთ კოლეგიალობას და სოლიდარობას ვუცხადებთ ნათელაშვილის მიერ "ბოიკოტირებულ'' მედიასაშუალებებს! სოლიდარობას ვუცხადებთ ბატონ შალვა ნათელაშვილსა და ზოგადად, "ლეიბორისტებსაც'' თანამებრძოლებისა და პარტიული ლიდერების "დაკარგვის'' გამო. 

ალბათ, არავინ იცის, რომ რღვევის პროცესი ერთ-ერთი ლიდერის, ნესტან კირთაძის წასვლით არ დასრულებულა. მას შემდეგ, სადღაც გაუჩინარდა სოსო შატბერაშვილი... "ვერსიას'' კი ხელთ პარტიიდან მასობრივი გადინების შესახებ ექსკლუზიური ინფორმაცია ჩაუვარდა - მაშ ასე, "ტაპორი'' სახეები მიიღეთ, მემარცხენე ლეიბორისტებო, პარტიული ქრონიკები გრძელდება და ამისთვის, გასულ თვეში გვიწევს დაბრუნება. 21 ოქტომბერი - საქართველოს ლეიბორისტული პარტიის რიგები, ასევე, ჭიათურისა და საჩხერის რაიონული ორგანიზაციების კოორდინატორების პოსტები დატოვეს გია ასანიძემ და მალხაზ გელბახიანმა, მათთან ერთად, ოფისების ხელმძღვანელ პოსტებზე მყოფმა სხვა პირებმაც. ეს ამბავი, დიდი ალბათობით, ნომერ პირველმა ლეიბორისტმა არც იცის, რადგან ოფისიდან "გაქცეულ სახეებთან'' პაატა ჯიბლაძე კონტაქტობდა. 

"ვერსია'' ინფორმაციის გადასამოწმებლად ყოფილ "ლეიბორისტებს'' დაუკავშირდა და წასვლის მიზეზებსა და მომავალ გეგმებზე ესაუბრა. გია ასანიძე, ლეიბორისტული პარტიის ჭიათურის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი: "ვადასტურებ, 21 ოქტომბერს დავტოვე როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტი, ისე ლეიბორისტული პარტიის რიგები. შეიძლება, ზოგიერთი საკითხი პარტიის შიდასამზარეულო იყოს, მაგრამ ზოგი ისეთი თემაცაა, რასაც გვერდს უკვე ნამდვილად ვეღარ ავუვლიდი - გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი. საჩხერე და ჭიათურა ერთმანეთის გვერდიგვერდაა და კი იცით, რა ამაგიც აქვს ივანიშვილს ჭიათურაზე. მისი ლანძღვა და მის წინააღმდეგ მოქმედება საზოგადოებამ ძალიან ცუდად აღიქვა და მეც, რა თქმა უნდა, არ მივიღე პარტიის ლიდერის ეს განწყობა. სხვა რამეზე თავი ხშირად შემიკავებია, მაგრამ ამჯერად, გადაწყვეტილება საბოლოოდ მივიღე. ამას გარდა, ადრე ბატონ ნათელაშვილის და პარტიის სხვა ლიდერებს ძალიან დიდი შეხვედრა მოვუწყვე მოსახლეობასთან ჭიათურაში, 600-700 კაცი დავახვედრე. მაშინ ნათელაშვილმა თქვა, მე თუ პრეზიდენტი გავხდები, ივანიშვილს პრემიერ-მინისტრად დავასახელებო. დღეს მისი საქციელი ძალიან ცუდად გამოჩნდა - თუ ეს კაცი, მაშინ საქებსადიდებელი იყო, ამ ორ წელში რა მოხდა?! ივანიშვილმა კიდევ უკეთესი საქმეები აკეთა, თორემ ადრე ნაკეთები სიკეთე უკან ხომ არ წაუღია? გადაწყვეტილება სპონტანურად მაინც არ მიმიღია, პარტიის წევრებს, ჩემს მეგობრებს დავეკითხე და ძალიან ბევრი იგივე აზრზეა. ზუსტად არ ვიცი, რამდენი კაცი წამოვიდა ჩემთან ერთად, მაგრამ მარტო ნამდვილად არ ვარ! იმავე დღეს გავგზავნე განცხადება ცენტრალურ ოფისში, მაგრამ არ ვიცი, ნათელაშვილმა იცის თუ არა ამის შესახებ, იგი არ დაგვკავშირებია, მაგრამ გვირეკავდა პაატა ჯიბლაძე და ვუთხარი, გადაწყვეტილებას ვერ შევცვლი-მეთქი! ჯერჯერობით, გაჩერებულები ვართ, მაგრამ ყოველთვის ივანიშვილის მხარდამჭერებად დავრჩებით. არ ვიცი, ვიქნები თუ არა ივანიშვილის პარტიისა თუ მოძრაობის წევრი, მაგრამ ვიცი, რომ პიროვნულად, სულ მისი მხარდამჭერი ვიქნები!''.  

ბიძინა ივანიშვილისადმი არაადეკვატური პოლიტიკური დამოკიდებულება სახელდება მალხაზ გელბახიანის, ლეიბორისტული პარტიის საჩხერის რაიონული ორგანიზაციის ლიდერის პოსტიდან წამოსვლის მოტივადაც. თარიღი უცვლელია, დანაკარგი კი რამდენიმე ათეული ლეიბორისტით იზრდება: "21 ოქტომბერს დავწერე განცხადება და ოფისი დავტოვე. როცა პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდა ღვაწლმოსილი ქველმოქმედი, ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ქვეყნისათვის და განსაკუთრებით ჩვენი რაიონისთვის სიკეთის მეტი არაფერი აქვს გაკეთებული, ჩემს ცნობიერებში შინაგანი ბრძოლა დაიწყო პარტიულ პრინციპებსა და ზნეობრივ ნორმებს შორის, ხომ გესმით, არა? არჩევანი გავაკეთე ზნეობის სასარგებლოდ და მიუხედავად იმისა, რომ საჩხერის რაიონში პარტიის ოფისი, თავის დროზე, პირადად მე დავაფუძნე, თავს მოვერიე და სათავო ოფისს 21-ში განცხადება ჩავაბარე. აღარ ვარ ოფისის კოორდინატორი და ლეიბორისტული პარტიის წევრი. ჩემთან ერთად განცხადება დაწერეს სხვებმაც, გამომყვა მოადგილე და ის ხალხი, ვისაც ოფისში სხვადასხვა თანამდებობები ეკავა. ერთი სიტყვით, ხელმძღვანელი პირებიდან საჩხერის ოფისი ყველამ დატოვა და მხოლოდ რიგითი წევრები დარჩნენ. პარტია "ნაწილს'' ნიშნავს და აღარ მინდა ვიყო რაიმე ნაწილის წევრი. სიმართლე გითხართ, რაც ნათელაშვილმა ივანიშვილის წინააღმდეგ ასეთი პოზიცია გამოამჟღავნა, რაც, ჩემი აზრით, ზნეობრივ სიბრტყეში არ ჯდებოდა, იმ დღეებში, სირცხვილით რაიონში ვერ გამოვდიოდი, იმდენად დამცირებული ვიყავი. იმ დღის შემდეგ ოფისიდან არავინ შემომხმიანებია და არც მე ვარ ის კაცი, რამეს აფიშირება გავუკეთო!''.  

ნინო კომახიძე

გაზეთი "ვერსია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა