ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტურის დანიშვნა გახდა საჭირო, რადგანაც თერთმეტი კანდიდატიდან ამომრჩეველთა 50%-ზე მეტი ხმა ვერავინ მიიღო.
მეორე ტურში, რომელიც 27 ნოემბერს გაიმართება, საგანგებო სიტუაციების ყოფილი მინისტრი ანატოლი ბიბილოვი (25,44%) და ოპოზიციაში გადასული განათლების ყოფილი მინისტრი ალა ჯიოევა (25,37%) დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
არჩევნებამდე მიიჩნეოდა, რომ რუსეთის ფავორიტი ბიბილოვი იყო, რომელსაც კრემლის მხარდაჭერის გათვალისწინებით გამარჯვება არ გაუჭირდებოდა, თუმცა ასე არ მოხდა. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხიასთან ინტერვიუ სწორედ ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ.
- უპირველესად უნდა ითქვას, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურ არჩევნებზე ლაპარაკი დაუშვებელია. იქ ჩატარებული არჩევნები ფარსია და მეტი არაფერი. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პოზიცია, ასე ფიქრობენ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში, ჩვენ ვნახეთ ნატოს, ევროკავშირის და ა.შ. განცხადებები. ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებობს მხოლოდ მარიონეტული ხელისუფლება, ეს არის იქ არსებული რეჟიმის საერთაშორისო - სამართლებრივი შეფასება. რაც შეეხება კანდიდატებს, იქ არ შეიძლება იყოს სხვა კანდიდატი, გარდა კრემლის ფავორიტისა. აფხაზეთშიც ასეთივე სპექტაკლი გაითამაშეს, როდესაც ხელისუფლებაში ბაღაფში მოვიდა. იმხანად ყველა ფიქრობდა, რომ ის იყო ნაციონალისტი და ვითომ ხალხის რჩეული, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ ბაღაფში უფრო დიდ დათმობებზე წავიდა რუსეთთან, ვიდრე ამას სხვა გააკეთებდა.
- ის, რომ მეორე ტურის დანიშვნა გახდა საჭირო, მიუთითებს იმაზე, რომ იქაურმა მოსახლეობამ შეძლო თავისი პოზიციის გამოხატვა? როგორც ცნობილია, კოკოითის ხელისუფლების მიმართ საკმაოდ დიდი იყო უკმაყოფილება, ბიბილოვი კი სწორედ ხელისუფლების კანდიდატია.
- არავისთვისაა სადავო, რომ ცხინვალის რეგიონში ყველაფერს აკონტროლებს რუსეთი, მათთვის არასასურველი კანდიდატი მართლაც რომ გამოჩნდეს, მაშინვე დაატოვებინებენ ტერიტორიას. გარდა ამისა, იქ არც ამომრჩეველია 35 ათასი, ამდენი მთელი მოსახლეობაც კი არ არის. კრემლს ციფრებით მანიპულირება ყოველთვის შეუძლია, ამიტომ, ვინც ენდომებათ, ის გაიმარჯვებს, უბრალოდ, გაითვალისწინეს იქ არსებული სოციალურ-ეკონომიკური ვითარება და ამის გადასაფარავად, როგორც ჩანს, გადაწყვიტეს ერთი კრიმინალური დაჯგუფების მეორით ჩანაცვლება, რათა ხალხის უკმაყოფილება ცოტა ხანს მაინც გადაფარონ. ახალი მარიონეტი დაიწყებს ძველი მარიონეტული ხელისუფლების წარმომადგენელთა დევნას, დაპატიმრებას, რაც საზოგადოების ყურადღებას ცოტა ხნით კიდევ მოადუნებს. თუმცა ახალი მარიონეტიც მალე დაიწყებს ფულის მოპარვას, გათეთრებას, იარაღით ვაჭრობას და ა.შ. ეს არის კრემლის მიერ სანქცირებული პროცესები. თვითონ კრემლიდან იწყება ფულის მოპარვა და არა ცხინვალის რეგიონიდან.
- შეიძლება კოკოითი ისე გაწირონ, რომ ციხეშიც აღმოჩნდეს?
- როგორც საჭირო იქნება იმ მომენტისთვის, ისე მოიქცევიან. თუ საზოგადოებაში უკმაყოფილების მუხტი იქნება მაღალი, მაშინ კოკოითის დაასჯევინებენ ახალ ხელისუფალს და აჩვენებენ, რომ კორუმპირებულებს სჯიან, თუმცა ეს მხოლოდ ფარსი იქნება.
- ბატონო შოთა, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურმა გააქტიურებამ ქვეყანაში სერიოზული ძვრები გამოიწვია, ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ ხელისუფლება სერიოზულად არის შეშფოთებული.
- ვერ დაგეთანხმებით, მოდით, ელექტორატის მიხედვით ვიმსჯელოთ ამ საკითხზე, უპირველესად, აღვნიშნავ, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს ძალიან მაღალი რეიტინგი - 50%-ზე მეტი, ეს ელექტორატი პოზიციას შეიცვლის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება შეიცვლის კურსსა და ორიენტაციას, რის გაკეთებასაც არ ვაპირებთ. აქედან გამომდინარე, წინასაარჩევნოდ უფრო გაიზრდება ჩვენი რეიტინგი. მოკლედ, საქართველოს ხელისუფლებას ამ თვალსაზრისით პრობლემა არა აქვს. გადავინაცვლოთ ოპოზიციაში, გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს აქვთ ელექტორატის მხარდაჭერის რაღაც პროცენტები.
- უნდა ჩაგეძიოთ, ექსპერტთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების რეიტინგი მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების ალტერნატიული რეალური ძალის არარსებობით იყო გამოწვეული, დღეს კი ეს ძალა გამოჩნდა.
- ფაქტია, რომ პოლიტიკურ სპექტრში გამოჩნდა რუსული ძალა. უბრალოდ, წარმოუდგენელია რუსეთში ნაშოვნი ამდენი მილიარდის პატრონი ადამიანი არ იყოს დავალებული რუსეთის ხელისუფლებისგან. კრემლი ყველა ბიზნესს აკონტროლებს რუსეთში და ამას დიდწილად იყენებს პოსტსაბჭოთა სივრცეში თუ მის ფარგლებს გარეთ თავისი გავლენისა და კონტროლის აღსადგენად. ვინც არ ექვემდებარება კრემლის კონტროლს, ის ან ციხეშია, ხოდორკოვსკი გავიხსენოთ, ან გაქცეულია რუსეთიდან. ჩვენთან კრემლის დავალებით ადამიანების მოსყიდვის არეალი საკმაოდ შეზღუდულია, ამიტომ არაფერი გამოუვათ.
ამგვარი რამ უკვე გავიარეთ და ვნახეთ პატარკაციშვილის იმედის ჩაფლავება, ახლა ივანიშვილის ოცნების ჩაფლავებასაც ვნახავთ, რადგანაც საქართველოში წარმოუდგენელია უკან, საბჭოთა კავშირში დასაბრუნებლად ვინმემ მოახერხოს და ოცნების ბილეთები გაყიდოს. საქართველოში არავინ დაუშვებს იმას, რომ იყოს პოლიტიკოსი და ამბობდეს, თავის ტერიტორიაზე ომი საქართველომ დაიწყოო. ასეთი ერთი-ორი მარგინალი მოიძებნება, მაგალითად, პეტრე მამრაძე და მისთანები. რამდენიმე დღის წინ რუსეთის პატრიარქმა ლამის სიტყვასიტყვით გაიმეორა პუტინის განცხადება, საბჭოთა კავშირის დაშლა გეოპოლიტიკური კატასტროფა იყოო. ამის შემდეგ შეიძლება ლაპარაკი იმაზე, რომ რუსეთში რომელიმე ბიზნესმენი დამოუკიდებელია? ივანიშვილი რომ რუსული პროექტია, ამის განსჯა არც ღირს, უბრალოდ, ამ პროექტს განხორციელების საშუალება არ უნდა მივცეთ არც ხელისუფლებამ და მისმა შესაბამისმა სამსახურებმა და არც მოსახლეობამ.
- დავუშვათ, ის მართლაც კრემლის ხელდასხმით მოქმედებს, ხომ აქამდეც მშვენივრად იცოდით, რომ ივანიშვილს ფული რუსეთში ჰქონდა ნაშოვნი. როგორც თქვენვე ამტკიცებთ, ეს კრემლის დაუხმარებლად არ ხდება, მაშ რატომ იღებდით მისგან ფულს, რატომ აძლევდა ის მთავრობის წევრებს ხელფასს, რატომ დააფინანსა არაერთი სამთავრობო პროექტი, მაგალითად, მეგონა, რომ სიღნაღისა და ქუთაისის ცენტრალური უბნების რეაბილიტაცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა, მაგრამ თურმე ბიძინა ივანიშვილის ფულით გაკეთდა ეს ყველაფერი, რატომ იღებდით თქვენ მიერვე რუსულად შერაცხილ ფულს?
- დღესაც, თუკი ვინმე კარგ პროექტში ჩადებს ფულს, აუცილებლად მივცემთ ამის საშუალებას, მეტიც - დავეხმარებით.
- თუნდაც პუტინის ფული იყოს?
- დიახ, იყოს პუტინის ფული, მთავარია, კარგ საქმეს მოხმარდეს. ჩვენ, მაგალითად, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან რუსეთის გაწევრებას მხარი დავუჭირეთ და ამით სერიოზულ პროგრესს მივაღწიეთ, თქვენი აზრით, ეს ცუდია? ასე არ შეიძლება საკითხის დასმა, საკითხი ასე უნდა დავსვათ: გაკეთებული საქმე წაადგება საქართველოს? თუ წაადგება, გინდა პუტინის გაკეთებული იყოს, გინდა - მედვედევის და გინდა - სარკოზის. თუ ეს არ წაადგება საქართველოს, აი იქ გვჭირდება სიმკაცრე. თუ პუტინი ხვალ უკან დაიხევს და ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებას უკან წაიღებს, ბუნებრივია, მისაღები იქნება ჩვენთვის. ბიძინა ივანიშვილიც თუ მხოლოდ ქველმოქმედებისთვის გასწევს ქველმოქმედებას და არა საზოგადოების მოსყიდვისთვის, ჩვენ მომავალშიც აუცილებლად შევუწყობთ ხელს. პრინციპული საკითხები, რაზეც უნდა შევთანხმდეთ, უნდა იყოს: ტაბუირებული თემები: არავინ უნდა კამათობდეს ომის დაწყების თემაზე; რუსეთთან არავინ უნდა ამბობდეს, რომ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა უნდა ვცნოთ. მე ნორმალურ საზოგადოებაზე ვლაპარაკობ, თორემ მარგინალები ყოველთვის ილაპარაკებენ ათას სისულელეს.
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გაუგებრობა უწოდა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის გაუქმებას და ისურვა, რომ ეს მალე გამოსწორდეს, გაითვალისწინებს ხელისუფლება პატრიარქის პოზიციას?
- პატრიარქს ყოველთვის ექნება სურვილი, რომ ყველაფერი მშვიდად და კარგად იყოს, ეს არის მისი მოწოდება. ქართული კანონმდებლობის მიხედვით ივანიშვილს კანონიერად გაუუქმეს მოქალაქეობა. საქართველოში სახელმწიფო და ეკლესია ერთმანეთისგან გამიჯნულია, მათი ურთიერთობა კონკორდატითაა განსაზღვრული, ეს რომ იყოს სახელმწიფო რელიგია, სახელმწიფოც ჩაერეოდა ეკლესიის საკითხებში და ეკლესიასაც ექნებოდა სახელმწიფო საკითხების გადაწყვეტაში მონაწილეობის უფლება. დღეს ასე არ არის. პატრიარქის განცხადებას მორალური მნიშვნელობის აქვს, მაგრამ სხვაა სამართლებრივი მხარე.
ნათია დოლიძე
![]()
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)