რუსეთის დედაქალაქში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის შეხვედრა გაიმართა , - ამის შესახებ რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება.
"ჩვენთვის ყოველთვის უდიდესი სიხარულია მოსკოვში თქვენი ჩამობრძანება, თქვენთან ურთიერთობა – იქნება ეს მოსკოვში თუ კიევში, როგორც ეს ცოტა ხნის წინ მოხდა, რადგან ჩვენ გვაქვს სასაუბრო და ჩვენ ნებისმიერ შეხვედრას უეჭველად კეთილი ნაყოფი მოაქვს", – განაცხადა პატრიარქმა კირილმა.
მისი აზრით, ასეთი ერთ-ერთი შედეგი, რომელიც ამ შეხვედრებმა უნდა გამოიღოს, არის ის, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები მაღალ დონეზე ავიდეს. "ეს არის ორი ერთმორწმუნე ხალხი, მეზობლები, რომლებიც ასწლეულობით ერთად ცხოვრობენ. მაშინაც კი, როდესაც ჩვენი ხალხი სხვადასხვა პოლიტიკურ სისტემას ეკუთვნოდა და იმყოფებოდა სხვადასხვა სახელმწიფოში, ასევე მაშინ, როდესაც ერთ სახელმწიფოში ვცხოვრობდით, თბილი და მეგობრული გრძნობა აერთიანებდათ მართლმადიდებელ რუსებსა და მართლმადიდებელ ქართველებს. ჩვენ ვლოცულობთ და ვიღწვით, რათა ეს სიყვარული კვლავ დაბრუნდეს. გვჯერა, რომ ვერანაირი საგარეო პერიპეტიები ვერ დაანგრევს ჩვენი ურთიერთობების ფუნდამენტს, რადგან მათ საფუძველს წარმოადგენს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია", – აღნიშნა რუსეთის პატრიარქმა.
მან სიხარული გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ ამ დღეების განმავლობაში ერთად ილოცებენ და ისაუბრებენ სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქთან ერთად.
უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ორივე ქვეყნის ეკლესიას უდიდესი ტრადიციები და ღრმა ფესვები გააჩნია. "ეს არის მყარი ფუნდამენტი ჩვენი ქვეყნების და მთავრობებისთვის. მათ მაგალითი უნდა აიღონ ჩვენი ეკლესიებისგან. იმედი მაქვს, ის უთანხმოება, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებს შორის მოხდა, გადაილახება. ჩვენ კი, პატრიარქებმა და ეკლესიამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მშვიდობამ და კეთილდღეობამ დაისადგუროს. კონფლიქტები, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებს შორის იყო, ღია ჭრილობებად რჩება. მათი მკურნალობა აუცილებელია. ვფიქრობ, ამის გაკეთებას მოვახერხებთ", _ ბრძანა უწმინდესმა.
ილია მეორემ პატრიარქ კირილს 65 წლის იუბილე მიულოცა და განაცხადა: "თქვენ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ადამიანი ბრძანდებით. ბევრი რამ გააკეთეთ და დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო მეტის გაკეთებას შეძლებთ".
რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალური გვერდის ცნობით, საუბრის დროს, წამოიჭრა ორმხრივი და ზოგადმართლმადიდებლური თანამშრომლობის თემები. ითქვა, რომ აუცილებელია სოლიდარობა ახლო აღმოსავლეთის ქრისტიანებისადმი.