19-წლიანი პატიმრობის შოკის მომგვრელი ისტორია

19-წლიანი პატიმრობის შოკის მომგვრელი ისტორია

საქმეს, რომელსაც ქვემოთ გაგაცნობთ, სამი თვის განმავლობაში ყურადღებით ვსწავლობდი. შევისწავლე მასში არსებული ყველა ჩვენება და ფაქტობრივი გარემოება.

ამბავი, რომელსაც მოგითხრობთ, მკითხველს, ალბათ, შოკს მოჰგრის და გაუჩენს უამრავ კითხვას, მათ შორის მთავარს - რატომ, რისთვის?! ეს ამბავი უდანაშაულო დამნაშავის გაუგონარ ისტორიას ეხება, რომელიც ახლა 19-წლიან სასჯელს იხდის მეხუთე საპყრობილეში.

ნინო დემეტრაშვილს ყოფილი მეუღლე გაგა არზიანი ხშირად სცემდა. დაშორების შემდეგ არზიანი მეუღლეს დაჟინებით სთხოვდა შერიგებას, რაზეც ნინო დემეტრაშვილი უარს ეუბნებოდა. ამის გამო არზიანი ცოლყოფილს ემუქრებოდა ძმის ან ბიძაშვილის მოკვლით.  ნინო დემეტრაშვილმა და დედამისმა, მაია დემეტრაშვილმა პოლიციას რამდენჯერმე მიმართეს. სამართალდამცავებმა განცხადებაზე რეაგირება მოახდინეს, მაგრამ სისხლის სამართლის საქმე შეაჩერეს არზიანის ადგილსამყოფლის დაუდგენლობის გამო.

2006 წლის 18 აგვისტოს კუს ტბაზე 19 წლის ზურა დემეტრაშვილი (ნინო დემეტრაშვილის ბიძაშვილი) პოლიციამ  მოკლული იპოვა, - მას 6 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი.

მკვლელობას არავინ შესწრებია, მხოლოდ  თბილისელმა ჯაბა გაბრიჩიძემ, რომელიც კუს ტბაზე ველოსიპედით ადიოდა, დაინახა, რომ ვიღაც ახალგაზრდა ფერდობზე ვაკისკენ ჩარბოდა და ხელთ ქსოვილში გახვეული რაღაც ნივთი ჰქონდა.

როგორც დადგინდა, მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, გარდაცვლილმა ზურა დემეტრაშვილმა ციცო არზიანის ნომერზე დარეკა. ამიტომ, პოლიციამ ციცო არზიანს შინ მიაკითხა და მისი ვაჟი გიორგი ალიმონაკი და ძმისშვილი გაგა არზიანი განყოფილებაში მოწმეებად წაიყვანა. იმავე საღამოს მოწმე ჯაბა გაბრიჩიძემ კუს ტბაზე შემთხვევით ნანახ უცნობ ახალგაზრდაში გაგა არზიანი ამოიცნო. მის მამიდაშვილს, გიორგი ალიმონაკს კი გამოძიებამ ბრალი დანაშულის დაფარვისთვის წაუყენა.   

თავდაპირველად გაგა არზიანი ამტკიცებდა, რომ გიორგი ალიმონაკი უდანაშაულო იყო და არაფერი იცოდა მკვლელობის შესახებ, მაგრამ 2 თვის შემდეგ მოულოდნელად ჩვენება შეცვალა, განაცხადა, ზურა დემეტრაშვილი ჩემმა მამიდაშვილმა გიორგი ალიმონაკმა მოკლაო. 12 დეკემბერს გიორგი ალიმონაკს გამოძიებამ ბრალი ზურა დემეტრაშვილის განზრახ მკვლელობაში, მუქარასა და იარაღის უკანონო ტარებაში დასდო.

გიორგი ალიმონაკიც იმავე ბრალდებით გაასამართლეს, დამნაშავედ ცნეს და 19 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ასევე გაგა არზიანიც გაასამართლეს. ზურაბ დემეტრაშვილის განზრახ მკვლელობისთვის მას 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს...

ციცო არზიანი: "ჩემმა ძმისშვილმა გაგა არზიანმა ჩემს ოჯახს 2006 წლის ზაფხულში შეაფარა თავი, ცოლყოფილის ნათესაობა მოსაკლავად დამდევს, სახლთან მდარაჯობენ და სანამ რამეს მოვიფიქრებ, ღამე გამათევინეთო. ამაზე არათუ ძმისშვილს, უცხოსაც ვერ ვეტყოდი უარს. მოგვიანებით მთხოვა, ცოლთან შერიგებაში დავხმარებოდი, მაგრამ, როცა მისმა მეუღლემ დალურჯებული სხეული მაჩვენა, ამ საკითხზე საუბრისა და მასთან ურთიერთობის სურვილი გამიქრა. ამიტომ ვთხოვე, ჩემს ოჯახში აღარ დაბრუნებულიყო და საარსებო ფული მივეცი. შემპირდა, აღარ მოვალო. მაგრამ მეორე დღესვე გამომეცხადა და მთხოვა, ერთი კვირით დავრჩები და მერე წავალო. მოკლედ, დარჩა და სწორედ იმ ერთ კვირაში დაატრიალა უბედურება. უდანაშაულო ზურა დემეტრაშვილი მოკლა, ჩემი შვილი გიორგი ალიმონაკი კი ჩაუდენელი დანაშაულისთვის 19-წლიან სასჯელს იხდის. გიორგი კუს ტბაზე დადიოდა სავარჯიშოდ, ალპინიზმით იყო გატაცებული. გაგაც თან დაჰყვებოდა. მისი მობილური ტელეფონითაც ხშირად სარგებლობდა. სხვათა შორის, ჩემი ტელეფონიც ხშირად მითხოვებია, რას წარმოვიდგენდი, რომ ამხელა უბედურებას დაატრიალებდა".

განაჩენი

განაჩენის თანახმად, გაგა არზიანი და გიორგი ალიმონაკი მუდმივად ემუქრებოდნენ დემეტრაშვილების ოჯახს და მუქარის სისრულეში მოყვანის მიზნით გაგა არზიანმა და გიორგი ალიმონაკმა "მაკაროვის" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი შეიძინეს. რაკი შელაპარაკება მოუვიდათ დემეტრაშვილების ახლობლებთან, მათ შურისძიების ობიექტად აირჩიეს ზურაბ დემეტრაშვილი, რომელსაც მობილურ ტელეფონზე გიორგი ალიმონაკის ტელეფონით უგზავნიდნენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს.

2006 წლის 18 აგვისტოს არზიანმა და ალიმონაკმა კუს ტბის ტერიტორიიდან დაუდგენელ გოგონას დაარეკვინეს ზურაბ დემეტრაშვილთან და კუს ტბაზე, საბაგირო გზის სადგურთან მისვლა სთხოვეს. ზურაბ დემეტრაშვილი მივიდა დანიშნულ ადგილას, სადაც მას გოგონას ნაცვლად გაგა არზიანი და გიორგი ალიმონაკი დახვდნენ. როგორც განაჩენში ვკითხულობთ, ზურაბ დემეტრაშვილთან კამათის შემდეგ არზიანმა და ალიმონაკმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, ცეცხლსასროლი იარაღის ექვსჯერ გასროლით სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენეს ზურაბ დემეტრაშვილს... გაგა არზიანი და გიორგი ალიმონაკი სხვადასხვა გზით მიიმალნენ.

გაგა არზიანმა 2008 წელს სასამართლოს ჩვენება მისცა. მაშინ მკვლელობას არ აღიარებდა, თუმცა, ამბობდა, რომ ალიმონაკს ხელი პროკურორის ზეწოლის გამო დაადო.

გაგა არზიანის ჩვენებიდან (სტილი დაცულია): "ჩემზე ზეწოლას ახორციელებდა პროკურორი დავით ხიზანაიძე. ის მპირდებოდა, რომ საპროცესო გარიგებას გამიკეთებდა და გამიშვებდა, თუ ხელს გიორგი ალიმონაკს დავადებდი, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ციხეში დამალპობდა და გამაფუჭებდა. ციხეში პრობლემები მქონდა და თან გარეთ გამოსვლა მინდოდა. თავიდან უარს ვეუბნებოდი, მაგრამ ის და გამომძიებელი ციხეში ჩემი ადვოკატის გარეშე რამდენჯერმე შემოვიდნენ და მაიძულეს დავთანხმებოდი. ჩემ მიერ გამოძიებასა და სასამართლოში მიცემული ჩვენებები ტყუილია და გამოგონილი ხიზანაიძის მიერ. ხიზანაიძე დაჟინებით მთხოვდა ამ ჩვენების მიცემას. სასამართლოში, კორიდორში, როცა ბადრაგებს გამოვყავდი სპეციალური ოთახიდან დარბაზამდე, პროკურორი დამეწია და მითხრა, ხომ იცი, ისევ ისეთივე ჩვენება უნდა მისცე, თუ გინდა, საპროცესო გარიგება გაგიკეთოთო. იმდენად მინდოდა გარეთ გამოსვლა, რომ კვლავაც გავიმეორე ჩვენება, დემეტრაშვილი ალიმონაკმა მოკლა-მეთქი"."

აღიარება

პატიმრობიდან მეხუთე წლისთავზე, 2011 წლის 31 მაისს, გაგა არზიანმა სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა და ზურაბ დემეტრაშვილის მკვლელობა აღიარა(!).

უცნაურია, მაგრამ გაგა არზიანის აღიარებითი ჩვენება სასამართლომ ახალ გარემოებად არ მიიღო იმ მოტივით, რომ მისი პირველი ჩვენება, რომელშიც გიორგი ალიმონაკს მკვლელობაში ადანაშაულებდა, არც პირველი და არც მეორე ინსტანციის სასამართლოს არ გაუზიარებიაო. მაშინ საინტერესოა, მკვლელობის ბრალდება რომელი მტკიცებულების საფუძველზე დაუტოვეს გიორგი ალიმონაკს?!

გამოძიება და სასამართლო გიორგი ალიმონაკის დამნაშავედ ცნობისას სამ მტკიცებულებას დაეყრდნო: ეს იყო გაგა არზიანის ჩვენება (რომელიც დანაშაულის ჩადენიდან მეხუთე წლისთავზე უარყო და აღიარა, რომ მკვლელი თავად არის); გიორგი ალიმონაკის ხელზე აღმოჩენილი მცირე დენთის კვალი და გარდაცვლილის ნათესავების ჩვენება, რომ გაგა არზიანთან ერთად მათ ოჯახს გიორგი ალიმონაკიც ემუქრებოდა.

სამწუხაროდ, პროკურატურის მოთხოვნით ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნაც ისევე საეჭვოა, როგორიც გამოძიების შედეგი. გიორგი ალიმონაკის საქმის გამოძიებამ ცხადყო, რომ ექსპერტები ხშირად პროკურატურის მითითებებს ემორჩილებიან. კერძოდ, ექსპერტმა კაცოშვილმა გასცა დასკვნა, რომლის მიხედვითაც გიორგი ალიმონაკს მარცხენა ხელზე აღმოაჩნდა დენთის კვალი, მოგვიანებით კი ალტერნატიულმა ექსპერტიზამ გამაოგნებელი დასკვნა გააკეთა. მასში ნათქვამია, რომ დოლბანდი, რომლითაც ალიმონაკის ხელიდან ანაწმენდები აიღეს, თავად შეიცავდა დენთის წვით გამოყოფილ NO2 ანიონებს(?!). ალბათ, ძნელი მისახვედრი არ არის, რასთან გვაქვს საქმე.

ამ ფაქტმა სასამართლოს ყურადღება რატომღაც ვერ მიიპყრო და ეს მეტად საინტერესო ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა (რომელსაც, სხვათა შორის, ზუსტად იგივე ძალა აქვს, რაც სახელმწიფო ექსპერტიზას) სასამართლოსა და გამოძიების მსჯელობის საგანი ვერ გახდა.

რაც შეეხება ალიმონაკის მიერ მკვლელობის ჩადენას, თუ მკვლელობა არზიანმა ჩაიდინა და ეს უტყუარად არის დადგენილი, რას აკეთებდა ამ დროს გიორგი ალიმონაკი? ექსპერტიზამ უტყუარად დაადგინა, რომ ზურაბ დემეტრაშვილს ექვსივე ტყვია ერთი და იმავე "მაკაროვის" სისტემის იარაღით მიჯრით ესროლეს. ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შემთხვევის ადგილზე იპოვეს ყველა ის ტყვია და მასრა, რომელიც ერთი და იმავე იარაღით, თანაც ზედიზედ არის ნასროლი.

ალბათ, ლოგიკურია კითხვა: ბოლოს და ბოლოს, ვინ მოკლა ზურაბ დემეტრაშვილი - არზიანმა თუ ალიმონაკმა? ალბათობა იმისა, რომ ერთი იარაღით ალიმონაკსა და არზიანს რიგრიგობით, თანაც ზედიზედ, წამების ინტერვალით, ესროლათ, ნულის ტოლია.  ყოველ შემთხვევაში, მტკიცებულება იმისა, რომ "მაკაროვი" არზიანთან ერთად ალიმონაკმაც გაისროლა, საქმეში არ არსებობს. სამაგიეროდ არის მოწმე გაბრიჩიძის ჩვენება, რომელმაც მკვლელობის დღეს ნანახი გაგა არზიანი ამოიცნო. ამასთან, საქმეში არ ჩანს მოწმე, რომელმაც მკვლელობის ადგილას ან მასთან შორიახლოს გიორგი ალიმონაკი დაინახა.

სოსო ბარათაშვილი, ადვოკატი: "ბუნებრივია, სასამართლოს დასაბუთებული პასუხი უნდა გაეცა კითხვაზე: ვის ჰქონდა ზურაბ დემეტრაშვილის მოკვლის მოტივი? რას აკეთებდა 2006 წლის 18 აგვისტოს, მკვლელობის მომენტში, ის განსასჯელი, რომელსაც უშუალოდ არ უსვრია? საქმეში არსებული მტკიცებულებების თანახმად, გიორგი ალიმონაკს არ გააჩნდა  დემეტრაშვილის მკვლელობის მოტივი, რაც განაჩენშიც აისახა. არ დადასტურდა კონფლიქტი ალიმონაკსა და დემეტრაშვილს შორის და ესეც დაფიქსირდა განაჩენშიც. ამის შემდეგ მართლაც გაუგებარია, რას ემყარებოდა სასამართლოს ვარაუდი, რომ თითქოს ალიმონაკმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დემეტრაშვილს. მკვლელობის მოტივი ჰქონდა არზიანს, ის ემტერებოდა დემეტრაშვილების ოჯახს, მათ შორის - გარდაცვლილ ზურაბ  დემეტრაშვილსაც. ამავე დროს, საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ არზიანმა ალიმონაკს გაანდო შურისძიების განზრახვა".

სასამართლო განაჩენებში ამ კითხვებზე პასუხი მართლაც ვერ ვიპოვეთ. ალიმონაკი განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო ტარების გარდა, დამნაშავედ ცნეს ნინო დემეტრაშვილის ოჯახისთვის დამუქრებაშიც. თუმცა აქაც ძალიან ბევრ კითხვაზეა პასუხი გაუცემელი. რაც მთავარია, საქმეში არის უტყუარი მტკიცებულება, რომ იმ პერიოდში, როცა მოწმეების, ნინო და მაია დემეტრაშვილების ჩვენების თანახმად, გიორგი ალიმონაკი მათ ოჯახებს ემუქრებოდა, ის ამერიკაში იმყოფებოდა, ხოლო მოწმეთა ოჯახებში ან პირად მობილურ ტელეფონებზე ამ დროს უცხოეთიდან და მით უმეტეს ამერიკიდან, არც ერთი ზარი არ არის დაფიქსირებული. მაშინ ისმის კითხვა, რომელი მუქარის გამო მისცეს პასუხისგებაში ალიმონაკი? გიორგი ალიმონაკი მკვლელობამდე მიცემულ ჩვენებებში არ უხსენებია არც მაია დემეტრაშვილს. მაია დემეტრაშვილს ტრაგედიის შემდეგ გაახსენდა გიორგი ალიმონაკი. წინასწარ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებაში ამტკიცებდა, რომ იყო შემთხვევები, როცა ალიმონაკი ურეკავდა მას და მის დას და ემუქრებოდა, შვილებს დაგიხოცავო. მოგვიანებით სასამართლოში მაია დემეტრაშვილმა ჩვენება შეცვალა და განაცხადა, რომ პირადად მას გიორგი ალიმონაკი არ დამუქრებია, მხოლოდ მის დასთან რეკავდნენ და ეუბნებოდნენ, გიორგი ალიმონაკი ვარო. მათივე ჩვენებით, მუქარის ზარები 2006 წლის 22 მარტიდან დაიწყო, 24 აპრილს კი ვიღაცამ გიორგი ალიმონაკის სახელით დარეკა. საზღვრის დაცვის დეპარტამენტიდან მიღებული ცნობის თანახმად კი გიორგი ალიმონაკი საქართველოდან 2 მარტს გავიდა და მხოლოდ 10 მაისს დაბრუნდა.

სოსო ბარათაშვილი: "არც ერთ დაზარალებულსა და მოწმეს ტრაგედიამდე მიცემულ არც ერთ ჩვენებაში არ დაუფიქსირებია, რომ მათ გიორგი ალიმონაკი ემუქრებოდა. ნინო და მაია დემეტრაშვილებმა ვერ დაასაბუთეს პოლიციაში შეტანილ განცხადებებში, რატომ მიუთითებდნენ მხოლოდ გაგა არზიანის მუქარაზე და რატომ არ დაასახელეს გიორგი ალიმონაკი, თუ ის მართლაც ემუქრებოდათ? რატომ არ მიიღეს სასამართლოებმა მხედველობაში ის უდავო ფაქტი, რომ 2006 წლის 10 მაისამდე ალიმონაკი საზღვარგარეთ იყო და ნინო დემეტრაშვილს ან მის ახლობლებს ვერ დაემუქრებოდა? ხოლო მტკიცებულებები, რომ ალიმონაკი ტელეფონით ემუქრებოდათ, საქმეში არ არსებობს. ასე რომ, აშკარა სიცრუეა მოწმეების ჩვენებები.

ჩვენს კითხვებზე პასუხის გაცემის იმედით ნინო დემეტრაშვილის დედას მაია დემეტრაშვილს დავუკავშირდით. გვაინტერესებდა, როგორ ემუქრებოდა გიორგი ალიმონაკი დემეტრაშვილებს, როცა იმ დროს საქართველოდან წასული იყო და არც ამერიკიდან დაურეკავს, მით უმეტეს, რომ ამის დამადასტურებელი სატელეფონო ამონაწერი არ არსებობს, მაგრამ მაია დემეტრაშვილმა კატეგორიული უარი განაცხადა კომენტარზე.

ციცო არზიანი: "ჩემი შვილი მძიმედ დაავადდა საპყრობილეში. მძიმეა ასატანია, როცა იცი, რომ უდანაშაულო შვილს ვერაფრით შველი".

P.S. ეს საქმე შეისწავლა ექსპერტთა სპეციალურმა კომისიამ, რომელშიც ისეთი გამოცდილი იურისტი შედის, როგორიც ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე მინდია უგრეხელიძეა და დაადგინა, რომ გიორგი ალიმონაკი უდანაშაულოა. გამოცანად რჩება, რა მიზანს ემსახურება უდანაშაულო ადამიანების ციხეში გამომწყვდევის პოლიტიკა, მით უმეტეს, როცა საქმეში ამდენი აშკარა მტკიცებულება მოიპოვება. სამწუხაროდ, ამაზე არც ჩვენ გვაქვს პასუხი...

"უზენაესი სასამართლო ხშირად უზენაესი ბოროტებაა"

ტერენცი

ხათუნა პაიჭაძე

ყოველკვირეული გაზეთი ”კვირის პალიტრა”

(გამოდის ორშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ