ალბათ დაკვირვებულ მკითხველს არ გამოეპარება ის ფაქტი, რომ ირინა სარიშვილთან ჩაწერილი ინტერვიუ ყოველთვის საინტერესო და კარგად წასაკითხია. ჩვენც, ჟურნალისტებს გვიყვარს ასეთ რესპონდენტებთან ურთიერთობა.
ამჯერად ქალბატონი ირინას ცხოვრებაში მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენებით დავინტერესდით და მასთან ერთად გადავავლეთ თვალი მისთვის ღირსშესანიშნავ ფაქტებს.
უმნიშვნელოვანესი მოვლენები
- ჩემი ცხოვრება შედგება ორი ნაწილისგან, მქონდა ერთი შვიდწლიანი ბედნიერი პერიოდი, რომელიც გია ჭანტურიას უკავშირდება. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა ჩემს ცხოვრებაში სწორედ მისი გაცნობის დღე იყო, რომელიც ჩემს იუბილეს უკავშირდება, ეს იყო 1987 წლის 24 დეკემბერი. ჩემი ცხოვრების მეორე ბედნიერი პერიოდი, თავისი მნიშვნელოვანი მოვლენებით, ჩემი სამი შვილის დაბადების დღეებია. მიუხედავად ყველაფრისა, მინდა გითხრათ, რომ ჭანტურიას სამყაროს დღესაც არ ვარ მოწყვეტილი, დღემდე ახლო ურთიერთობა მაქვს მის ნათესავებთან და დღემდე მის მეუღლედ მომიხსენიებენ, მაშინაც, როცა მყავდა მეუღლე, მისი თანდასწრებითაც ასე მიხსენიებდნენ და ისიც თავშეკავებულად იღიმოდა ხოლმე. რაც შეეხებათ შვილებს, ლუკა 14 წლისაა, მხატვრობა იტაცებს. ჩავაბარეთ თოიძეში, მაგრამ ამ ქვეყანაში ყველაფერი ამოტრიალებულია და თოიძეც ამოტრიალებულა თურმე, რადგან პირველ დეკემბრამდე სწავლას ვერ იწყებენ და რატომ, ამას ვერავინ გვეუბნება. ლუკა პარალელურად თამაშობს რაგბის, მაგრამ შუათანასგან, ირაკლისგან, განსხვავებით, ალბათ ბოლომდე ამ სპორტს არ გაჰყვება. ირაკლი 13 წლისაა და ჩამოყალიბებული მორაგბეა, ამის მეტი არაფერი აინტერესებს, მთლიანად რაგბიზეა გადართული.
რაც შეეხება პატარას, მასზე დუმს ისტორია, ჯერ ვერ ვიტყვი, რა შეიძლება გამოვიდეს. როგორც ყველა ამ საუკუნეში დაბადებული ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო!, ისიც ძალიან განსხვავებულია, ბევრად უფრო შებერტყილი და განვითარებული. ძალიან ნიჭიერია, ერთადერთი ხატვა არ ეხერხება, თორემ დანარჩენი ყველაფერს ახერხებს, აქვს კარგი სმენა, კარგი პლასტიკა, ენებს ითვისებს ძალიან სწრაფად. სალაპარაკო რუსული და ინგლისური ტელევიზიის მეშვეობით, მულტფილმების ყურებით ისწავლა.
ადვილი არ არის სამი შვილის გაზრდა, მით უმეტეს, რომ უფროსებს ერთდროულად აქვთ გარდატეხის ასაკი და ამას ემატება ეს მესამე ვამპირი, რომელიც შემთხვევას არ უშვებს, რომ რაღაც წაიმაიმუნოს, რასაც, ჩვეულებრივ, კაცური ჩხუბი მოჰყვება ხოლმე, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ამ ბოლო დროს, საბედნიეროდ, ამ ჩხუბებმა იკლო. ალბათ, დიდები ნელ-ნელა გამოდიან ამ გარდამავალი პერიოდიდან. ისე, საერთოდ, მივიჩნევ, რომ ყველა კაცი გარდატეხის ასაკშია დარჩენილი, რომ შედიან ამ ასაკში, ვეღარ გამოდიან ხოლმე, მაგრამ თუ ჩემი შვილები გამონაკლისები იქნებიან, მხოლოდ გამიხარდება (იღიმება).
საბავშვო ბაღის "სიმწარე"
...კინო "გაზაფხულის" წინ მდებარე ბაღში დავდიოდი, საშინლად არ მიყვარდა იქ მისვლა. შუადღეს ბავშვებს ორ ნაწილად გვყოფდნენ. ერთი ნაწილი ხატავდა და აპლიკაციებს აკეთებდა, მეორე ნაწილს კი რძეს ასმევდნენ ორცხობილასთან ერთად. მე მოვხვდი მეორე განაყოფში, რითაც ძალიან უკმაყოფილო გახლდით. სწორედ ამ ფაქტის გამო მახსენდება ბაღი ძალიან მწარედ, თუმცა ამ გადასახედიდან ჩემს ამ დამოკიდებულებაზე მეცინება. არ ვიცი, მეორე ჯგუფში მოხვედრა პატივი იყო თუ არა იმ დროისათვის, მაგრამ ფაქტი ის გახლდათ, რომ უფრო კარგ ხასიათზე ისინი იყვნენ, ვინც ხატავდა (იღიმება).
ცელქობისთვის გამოცვლილი სამი სკოლა
...ვსწავლობდი მე-60, 101-ე და პირველ ექსპერიმენტულ სკოლებში. სამივე შემთხვევაში მოვხვდი ისეთ კლასში, სადაც მასწავლებლები პირჯვრისწერით შედიან და ასევე პირჯვრისწერით გამოდიან იმის გამო, რომ ცოცხლები გადარჩნენ (იცინის). სკოლიდან გადასვლა არც ერთ შემთხვევაში არ მინერვიულია და არც არავინ გამომყოლია უკან ტირილით, დარჩი ჩვენთანო. არ შემიძლია, არ გავიხსენო ჩემი რამდენიმე მასწავლებელი და ამას თუ დაბეჭდავთ, ნამდვილად მესიამოვნება. განსაკუთრებულად მახსოვს ბოლო დამრიგებელი ნათელა მუმლაძე, რომელიც რუსი გახლდათ, სულ გვეჩხუბებოდა, ხან "პეტრუშკებს" გვეძახდა, ხან რას და ხან რას, მაგრამ როგორც კი გაიგებდა, რომ რომელიმე სხვა მასწავლებელმა გვაწყენინა, გააფთრებული გვიცავდა, ომს აჩაღებდა ჩვენი გულისთვის და ასე დაგვამთავრებინა სკოლა მთელ კლასს. ასევე არ შეიძლება, არ ვახსენო ქართულის მასწავლებელი ცირა მოლოდინი და ინგლისურის სპეციალისტი ნელი საყვარელიძე, რომელმაც გარდა ინგლისურისა, კიდევ ბევრი რამ მასწავლა და დიდი როლი ითამაშა ჩემს პიროვნებად ჩამოყალიბებაში.
სწავლის დამთავრების აღსანიშნავად დახეული პიონერის ყელსახვევი
...მეექვსე კლასის დასასრული არაჩვეულებრივად აღვნიშნეთ. ჩემს კლასელებს შევთავაზე, მოვიხსნათ ყელსახვევები, დავანაკუწოთ და ავყაროთ ცაში-მეთქი. ამას არანაირი პოლიტიკური მოსაზრება და ქვეტექსტი არ ახლდა თან, უბრალოდ, ასეთი რამ მომაფიქრდა, ვიფიქრე, ლამაზი იქნებოდა და ბავშვებსაც შევთავაზე. რასაკვირველია, იდეა ყველას მოეწონა და მოვიყვანეთ კიდეც სისრულეში, მაგრამ მერე ერთი კვირა სამასწავლებლოში გავატარე. ვერაფრით ვერ მივხვდი, რატომ დამსაჯეს. გამუდმებით ვამბობდი, ეს ყელსახვევი ჩემია და რასაც მინდა, იმას ვუზამ-მეთქი.
სრულიად შემთხვევით არჩეული პროფესია
...ჟურნალისტიკაზე ჩაბარება მინდოდა, მაგრამ ამ ფაკულტეტზე მოითხოვებოდა სადმე გამოქვეყნებული მასალა, მაშინ ჩვეულებრივი მოკვდავი ვიყავი (იცინის), არსად არაფერი არ მქონდა გამოქვეყნებული და ვერც ვასწრებდი გამოცდამდე რაიმეს დაბეჭდვას. ამიტომ შევარჩიე ალტერნატიული პროფესია და არჩევანი დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე შევაჩერე, მოკლედ რომ ვთქვა, ინგლისური ენა უნდა მესწავლა, თუმცა იმასაც ვერ ვიტყვი, რომ ეს ენა განსაკუთრებულად კარგად ვიცოდი და ამიტომ გადავწყვიტე აქ სწავლის გაგრძელება. კონკურსი საკმაოდ მაღალი იყო, თუმცა კონკურენტუნარიანი აღმოვჩნდი და ჩავირიცხე. თავიდან კარგად ვსწავლობდი, სტიპენდიასაც ვიღებდი, მაგრამ მერე ქართული პროდუქციასავით წავიდა ჩემი საქმე, ანუ თავიდან კარგად დავიწყე სწავლა, მერე კი გავაფუჭე. ძალიან ბევრს ვაცდენდი, მაგრამ სახლში არასდროს დავრჩენილვარ. საერთოდ, უნივერსიტეტის მეხუთე კორპუსი ცნობილი იყო თავისი არაადეკვატური სტუდენტებით. მივდიოდით დილის 9 საათზე ლექციებზე, მაგრამ არ შევდიოდით, ვისხედით "კურილკაში" და ვთამაშობდით კარტს, ვჭორაობდით. დღეში ერთ ან ორ ლექციას ვესწრებოდით.
მაშინ კოტე გაბაშვილი ენათმეცნიერებასთან დაკავშირებულ საგანს გვასწავლიდა, რომლის სრული დასახელებაც დღემდე არ ვიცი. ისე მივედი გამოცდაზე, რომ მის ლექციაზე ნამყოფი არ ვიყავი. ჯგუფში კი რვა ადამიანი გახლდით და როგორ შეიძლებოდა, მას ჩემი პირველად გამოჩენა შეუმჩნეველი დარჩენოდა. საკმაოდ ლმობიერი ლექტორი იყო და არ დაუწყია კომუნისტურად მოთხოვნა, რატომ არ დადიოდიო, მით უმეტეს, რომ მეკეთა სამი საქორწინო ბეჭედი და თავი იმით ვიმართლე, რომ უამრავი საოჯახო საქმე მქონდა, არ მეცალა და ვერ დავდიოდი ლექციებზე (იღიმება). მოკლედ, ბევრი ლაპარაკის გარეშე მითხრა, მომეცი მატრიკული, რომ ჩათვლა დაგიწეროო. მივაწოდე, მაგრამ უკან დამიბრუნა შეავსეო, მე კი ძალიან უსირცხვილოდ ვკითხე, რა ჰქვია თქვენს საგანს-მეთქი. მეტად თავშეკავებული აღმოჩნდა, უსიტყვოდ შემივსო მატრიკული, საგანიც ჩაწერა და ოთხიანი მიმიწერა. ბოლოს კი მოაყოლა, იმედია, მეტჯერ აღარ შევხვდებითო (იცინის). მართლაც აღარ შევხედრივართ, სანამ პოლიტიკაში არ აღმოვჩნდი.
გზა პოლიტიკისკენ
...ესეც სრულიად შემთხვევით მოხდა. ჩემი პოლიტიკაში წასვლა გიას ფაქტორმა გამოიწვია, გიასთან დამეგობრებას მოჰყვა ჩვენი სასიყვარულო ურთიერთობა და თავისთავად საერთო ინტერესების გაჩენა. იმ პერიოდისთვის დისიდენტები ძალიან ცოტანი იყვნენ, დამინახეს, რომ ერთი-ორი წიგნი წაკითხული მქონდა, რაღაც გამეგებოდა, ჩამავლეს ხელი და ვინღა გამიშვებდა? მას შემდეგ პოლიტიკაში ვარ. თორემ, მანამდე პოლიტიკასთან დაკავშირებით დიდი გეგმები არ მქონია. ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი, რომ აღმოვჩნდებოდი რომელიმე ორგანიზაციასა თუ პარტიაში, რადგან კოლექტიური და გუნდური რაღაცები არასდროს მიტაცებდა.
მოვლენა, რომელმაც პოლიტიკაში წასვლა გადააწყვეტინა
...ჩემი ყველაზე დიდი შთაბეჭდილება, რამაც ძალიან ბევრი რამ გადამაწყვეტინა და მათ შორის პოლიტიკაში დაფუძნება, იყო 1987 წლის ნოემბრის შვიდდღიანი აქცია, რომელიც სრულიად დაუგეგმავად გაიმართა. 22 ნოემბერს სამოცზე მეტი თანამოაზრე დავსხედით მთავრობის სახლის კიბეებზე და გამოვაცხადეთ შიმშილობა. ამ დროის განმავლობაში მართლა არაფერს ვჭამდით, ეს იყო ნამდვილი და არა მოჩვენებითი შიმშილობა. ბოლო ორ დღეს დამავიწყდა წყლის დალევა და ამან ძალიან ცუდად გამხადა. განსაკუთრებით მახსოვს რომან გვენცაძის დამოკიდებულება, რომელიც მაშინ თანამდებობაზე იყო, თუ არ ვცდები, მინისტრი გახლდათ, იდგა ჩვენ უკან და განსკუთრებულად ვეცოდებოდი მე, რადგან ყველაზე გამხდარი ვიყავი. ყოველგვარი პროვოკაციის გარეშე მეხვეწებოდა გამოდი, ბუტერბროდს გაჭმევ, რომ შიმშილით არ მოკვდე და მერე ისევ დაბრუნდიო, რაზეც, რასაკვირველია, არ დავთანხმებულვარ. უწმინდესი ქაშუეთში ატარებდა ლოცვას, გამაოგნებელი იყო ის, რომ ხალხი, ვინც ეკლესიაში გახლდათ, თავისი სანთლებით გადმოვიდა მოპირდაპირე მხარეს, შემოუერთდა აქციას და აღარც წასულა. იმ დღეებში იმდენი სიკეთე და კეთილშობილება დავინახე, რაც არასდროს დამავიწყდება, ამაზე დიდი გავლენა ჩემზე სხვას არაფერს მოუხდენია.
რას მიიჩნევს მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენად
...ამ წუთას ბიძინა ივანიშვილი მახსენდება (იცინის). ჩვენ ხომ მსოფლიოს ჭიპი ვართ, ჰოდა, რაც საქართველოში ხდება და აქტუალურია, ისაა მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენა (იღიმება), თუმცა, მაინც ფრთხილად ვუყურებ ამ ყველაფერს. საერთოდ, ქართველები ძალიან ორიგინალურები ვართ და ბევრ ისეთ რამეს ვახერხებთ, რაც სხვებს არ გამოსდით, მაგალითად, ერთ მდინარეში ორჯერ შესვლა.
მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს, ერთი მხრივ, ძალიან დიდი იმედით ვუყურებ, როგორც შანსს იმისა, რომ ეს ხელისუფლება თავისი იდეოლოგიით დაგვემშვიდობოს არა დიდი ხნით, არამედ სამუდამოდ. რამდენად გაამართლებს იმედებს ეს ადამიანი გამარჯვების შემთხვევაში, ესაა ზუსტად საკითხავი. მახსოვს, ქართველი ხალხი როგორ ელოდებოდა რევოლუციის შედეგებს. რომ არა ვარდების რევოლუცია, ვერც სააკაშვილი, ვერც ბურჯანაძე და ვერც ჟვანია, ვწუხვარ, გარდაცვლილზე რომ მიწევს საუბარი, არჩევნების გზით ხელისუფლებაში ვერ მოვიდოდნენ. დღეს კი, როცა ვუყურებ ბატონი ბიძინას პარტიულ გარემოცვას, არ ვგულისხმობ ყველას, უსიამოვნო პარალელებს ვხედავ, მაგალითად, რესპუბლიკელები ასეთ ტალღას თუ შემოჰყვებიან ხელისუფლებაში, თორემ სხვაგვარად მათი სათავეებში მოსვლა წარმოუდგენელია. მინდა გითხრათ, რომ ბევრად უფრო დიდი პატივისცემით ვიმსჭვალები იმ ადამიანების მიმართ, ვინც პირდაპირ ნაციონალები არიან, ვიდრე მათ მიმართ, ვისაც სხვა სახელი ჰქვიათ, არადა, ვიცით, რომ არიან სატელიტები და ვითომ ინარჩუნებენ მიუკერძოებლის პოზიციას, როგორც ივანიშვილის, ასევე სააკაშვილის მიმართ.
შემოთავაზებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! შემთხვევაში მასთან მექნება ურთიერთობა, მეტსაც გეტყვით, მე თვითონაც მინდა მასთან შეხვედრა, რადგან მაქვს კონკრეტული მოსაზრებები და მინდა გავუზიარო. თუ მეორე მხრიდანაც იქნება თანამშრომლობის სურვილი, ჩემი მიზანი იქნება, რომ ამ ხელისუფლების შეცვლით შეიცვალოს არსი და სათავეში მოვიდნენ არა მხოლოდ კარგი მანერების ადამიანები, არამედ ისინი, ვინც ჩვენს ხალხსა და ქვეყანას გამოადგება, თორემ ის, თუ როგორ იხოცავს სააკაშვილი ცხვირს, როგორ საუბრობს ან ჰალსტუხთან რა ურთიერთობა აქვს, მისი ოჯახის წევრებს უფრო უნდა აღელვებდეთ, ვიდრე ფართო საზოგადოებას, ქვეყნისთვის კი უფრო მნიშვნელოვანი მისი და მისი გუნდის იდეოლოგიაა. ჩემი მიზანი სწორედ ისაა, რომ ყველაფერი შეიცვალოს არა მხოლოდ სახელითა და გვარებით, არამედ საფუძვლიანად. ამ შემთხვევაში კი განზე გადგომა და უბრალოდ მსაჯის ფუნქციის აღება არა მგონია სწორი იყოს, არც რიგითი მოქალაქისგან და არც პოლიტიკოსისგან. მოგვწონს თუ არა, საარჩევნო გარემო მაინც ორპოლუსიანი ხდება, ამ შემთხვევაში მე დავდგები ხელისუფლების ალტერნატივის გვერდით. დღესდღეობით კი ბიძინა ივანიშვილის გარდა სხვა ალტერნატივა არ ჩანს.
ტრაგიკული მოვლენა
...ყველაზე ტრაგიკული მოვლენა ჩემს ცხოვრებაში არის მეუღლის, მამის გარდაცვალება. არ ვიცოდი, ეს რა საშინელება ყოფილა. ამდენი წელი რომ გყავს მშობელი, მერე გგონია, რომ სულ შენ გვერდით უნდა იყოს და უცებ ხელიდან რომ გამოგეცლება, დიდი საშინელებაა.
ზვიად თავაძე და მესამე ოჯახის დანგრევა
...ამას რაიმე განსაკუთრებული მიზეზი არ აქვს. უბრალოდ, არ მგონია, მისთვის ამაზე საუბარი მაინცდამაინც სახარბიელო იყოს, მით უმეტეს, რომ ახალი ოჯახი აქვს და ახლახან შეეძინა შვილი. არავის ესიამოვნება მუდმივად ძველ ოჯახზე საუბარი. გვყავს საერთო მეგობრები და ერთმანეთს ძალიან კარგად ვხვდებით, ბავშვებთანაც ჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს. ყველამ და მათ შორის ჩვენც, უნდა ვიცხოვროთ დღევანდელი დღით და არა ერთმანეთის წარსულით.
ციცი ომანიძე
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)