"საქართველოს ხელისუფლებამ იცოდა, რა ხაფანგს უგებდა რუსეთი და იმ ხაფანგში საკუთარი ნებით გაყო თავი"

"საქართველოს ხელისუფლებამ იცოდა, რა ხაფანგს უგებდა რუსეთი და იმ ხაფანგში საკუთარი ნებით გაყო თავი"

"ვარდების რევოლუციის" შედეგებსა და ქვეყანაში დღეს შექმნილ ვითარებას ექსპერტი მამუკა არეშიძე აფასებს:

- იმ პოლიტიკურ გუნდს, რომელიც 2003 წლის 23 ნოემბრის რევოლუციის შედეგად მოვიდა ხელისუფლებაში, ძალიან კარგი სასტარტო მდგომარეობა ჰქონდა. ეს იყო ენერგიული ჯგუფი, რომელსაც ერთდროულად მხარს უჭერდნენ: რეგიონის მთავარი მოთამაშე რუსეთი, ამერიკა, ევროპა და რაც მთავარია, ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი. ზოგიერთი მიმართულებით მათი რეფორმები ეფექტიანი აღმოჩნდა, მაგალითად, პოლიციის რეფორმა. მაგრამ პარალელურად სათავეშივე გამოჩნდა ავტორიტარული მართვისკენ მიდრეკილების ნიშნები და დაიწყო მთელი რიგი უკანონობებისა, მაგალითად, ე.წ. სატელევიზიო დაპატიმრებები.

ამ პროცესმა მალე მიიღო მასობრივი ხასიათი და ხელისუფლების ბადეში უკვე უდანაშაულო ადამიანებიც მოყვნენ. მოხდა რამდენიმე ხმაურიანი მკვლელობა, რომელთა მიმართ ხელისუფლებამ ცინიკური პოზიცია დაიკავა. ასევე, ცხადი გახდა, რომ სააკაშვილის ხელისუფლება მოქმედებდა არა გარკვეული სტრატეგიული გეგმის მიხედვით, არამედ სპონტანურად და ბევრი რამ პიარზე იყო აგებული. 2008 წლის აგვისტომდე ხელისუფლების მთავარი წარმატება იყო ის, რომ მოახერხა ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ყოფილიყო. გარდა ამისა, მმართველობის პირველ ეტაპზე მოხერხდა საქართველოს ქცევა რეგიონის ლიდერად.

საქართველო მიიჩნეოდა ლოკომოტივად, რომელსაც ეს ქვეყნები ევროპაში უნდა გაეყვანა. გარდა ამისა, ინფრასტრუქტურული თვალსაზრისითაც იყო მნიშვნელოვანი ძვრები. აგრეთვე, აღმოიფხვრა კორუფცია საყოფაცხოვრებო მასშტაბით, გამოიღვიძა ეკონომიკამ და ბიუჯეტის შევსებაც დაიწყო, მაგრამ ამ ყველაფერს ჰქონდა უფრო ფასადური ხასიათი. ამის მიღმა მიმდინარეობდა ელიტური კორუფციის მძლავრი ბაზის ჩამოყალიბება, ასევე, სახელისუფლებო ძალებში გაჩნდა დაუსჯელობის სინდრომი, ზოგისთვის ყველაფერი შეიძლებოდა, დანარჩენებისთვის კი - არაფერი. ისიც უნდა ითქვას, რომ უამრავი ადამიანი ციხეში მოხვდა ან ვიღაცის პირადი ანგარიშსწორების, ან ბიზნესის მიტაცების გამო. ავტორიტარული მართვის პიკი იყო 2007-2008 წლები. ხელისუფლების ცინიზმი განსაკუთრებით ცხადად გამოვლინდა კერძო საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტებში. მაგალითად, "იმედში" შევარდნა, რამაც ჩვენს დასავლელ პარტნიორებში შოკი გამოიწვია.

თუ მანამდე დასავლეთი ბევრ რამეზე ხუჭავდა თვალს, ტელევიზიის დარბევას ისეთი მწვავე რეაქცია მოჰყვა, რომ სააკაშვილი იძულებული შეიქნა, გადამდგარიყო. ყოველივე ამას მოჰყვა 2008 წლის კატასტროფა - ომი. საქართველოს ომი არ დაუწყია, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ იცოდა, რა ხაფანგს უგებდა რუსეთი და იმ ხაფანგში საკუთარი ნებით გაყო თავი. 2008 წლის ომის შემდეგ ყველაფერი უკუღმა წავიდა, ჩვენდა სამწუხაროდ, ლოკომოტივი, რომელსაც ჩვენი რეგიონი დასავლეთისკენ უნდა წაეყვანა, რელსებიდან გადავიდა.

- დღეს ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის მემუარების გამო დიდი ხმაურია ატეხილი, ისიც ამბობს, რომ სააკაშვილმა რუსეთს პროვოცირების საშუალება მისცა.

- თავის დროზე, როდესაც ამას ვამბობდი, ხელისუფლებაც მსაყვედურობდა და ოპოზიციაც, არადა, ამ ადამიანებმა კარგად არც კი იცოდნენ, რა ხდებოდა ომამდე ამ რეგიონში. ჩემთვის ომი არ დაწყებულა 2008 წლის აგვისტოში, ომი დაიწყო გაცილებით ადრე - 2006 წელს, როდესაც ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჩატარდა რეფერენდუმი კითხვით: "გსურთ თუ არა ჩრდილოეთ ოსეთთან და შესაბამისად, რუსეთთან შეერთება?" მაშინ მივხვდი, რომ საქართველოს ტერიტორიული რღვევის ახალი ეტაპი იწყებოდა...

- რას იტყვით დიმიტრი მედვედევის განცხადებაზე: "ნატო ახლა გაფართოებული იქნებოდა, 2008 წელს რუსეთი აჯანყებული რეგიონის დასაცავად საქართველოში რომ არ შეჭრილიყო".

- სახელმწიფო ლიდერისგან ასეთი ბრიყვული განცხადება კარგა ხანია, არ მომისმენია. მედვედევმა, ფაქტობრივად, თქვა, ომი იმიტომ წამოვიწყეთ, საქართველო და სხვა ქვეყნები ნატოში რომ არ გაწევრებულიყვნენო. აღიარა, რომ აგრესორები არიან. რაც შეეხება კონდოლიზა რაისის მემუარებს, მანამდე არსებულ ტალიავინის კომისიის დასკვნას, რასმუსენის ნათქვამს, ჯორჯ ბუშის ადრეულ განცხადებას - ეს ყველაფერი მიმართულია ერთი რამისკენ: მიახვედრონ საქართველოს ხელისუფლება, ქვეყანაში შექმნას სტაბილურობის გარანტიები.

დასავლეთსა და აშშ-ს აქ სჭირდება სტაბილური ქვეყანა. საზოგადოების ერთ ნაწილს, ჩვენს ხელისუფლებასთან ერთად, ჰგონია, რომ ამერიკა არის საქართველოზე შეყვარებული და ჩვენ გარდა, არაფერი ახსოვს. ეს ასე არ არის. ყველა ქვეყანას აქვს თავისი ინტერესები. გარკვეულ ეტაპზე ჩვენი და დასავლეთის ინტერესები ერთმანეთს ემთხვეოდა, რაც ნაწილობრივ გრძელდება კიდეც, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა ამ ინტერესებისგან დასაშორებლად. დასავლეთი თავის მოკავშირეს ბოლომდე ვერ წირავს, მით უფრო, რომ ეს მოკავშირე მნიშვნელოვანი სამხედრო კონტინგენტით მონაწილეობს ავღანეთის ოპერაციაში.

გარდა ამისა, ხელისუფლება მყარ გარანტიას იძლევა, რომ იქნება დასავლეთის მოკავშირე, მაგრამ იძლევა მხოლოდ გარანტიას და მეტს არაფერს. სააკაშვილმა სტაბილურობის დამყარება ვერ მოახერხა ვერც საქართველოს შიგნით და ვერც უშუალო მეზობლებთან. ჩვენ არც ერთ მეზობელთან არ გვაქვს დალაგებული ურთიერთობა. ამას დავუმატოთ დემოკრატიული რეფორმების შეფერხება და, საბოლოო ჯამში, უკვე გასაგებია საქართველოს ხელისუფლების მიმართ დასავლეთის უნდობლობა. ეს აიძულებთ, თქვან ფრაზები, რაც უკვე თქვეს და კიდევ იტყვიან. სწორედ ზემოაღნიშნულმა ფაქტორებმა გამოიწვია დასავლეთის დაინტერესება ივანიშვილის ფიგურით და მასთან დიპლომატიური კორპუსის სტუმრობა. ეს ნიშნები ქართველ საზოგადოებას აძლევს საბაბს, იფიქროს, რომ დასავლეთი შეეცდება, საქართველოს ხელისუფლება შეცვალოს ხავერდოვანი გზით.

თუ დააკვირდებით, დასავლელი ლიდერების რიტორიკაში ახალი ფრაზა გაჩნდა, რომ დასავლეთი მხარს უჭერს საქართველოს, მის ხალხს და არა კონკრეტულ ხელისუფლებას. გარდა ამისა, მიანიშნებენ იმასაც, რომ დემოკრატიული რეფორმის მეტად შენელებული, ზოგ შემთხვევაში გაჩერებული პროცესები უნდა გაგრძელდეს, მაგრამ დასავლეთი ასევე ხედავს, რომ ამ პროცესების გაგრძელებას პერსპექტივა არ აქვს, რადგან სააკაშვილის მოქმედების სტილი ამის მცირე შანსსაც კი არ ტოვებს. ისინი მიიჩნევენ, რომ მთავარი პრობლემა არის უზენაეს ხელისუფალში - მიხეილ სააკაშვილში, მაგრამ პოტენციალი მმართველ გუნდში კიდევ არსებობს. იმისთვის, რომ მომავალი ხელისუფლება სტაბილურ ბირთვად ჩამოყალიბდეს, საჭიროა, ძალაუფლების გადაბარება მოხდეს ხავერდოვნად, რაც გულისხმობს დღევანდელი მმართველი გუნდის გარკვეული ნაწილის შენარჩუნებას მომავალ ხელისუფლებაში.

- პოლიტიკურ ასპარეზზე უკვე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი, თქვენი აზრით, როგორ შეიძლება წარიმართოს მისი და ხელისუფლების დაპირისპირება?

- ხელისუფლება საკმაოდ მობილიზებულია და ეძებს ეფექტიან სვლებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ის სვლები, რომელიც მან პატარკაციშვილის თუ ზოგიერთი ლიდერის მიმართ გამოიყენა, დღეს უკვე აღარ ვარგა. ჩემი აზრით, პროცესები შეიძლება სამნაირად განვითარდეს, პირველი - უკიდურესი დაპირისპირება, რაც, ჩემი აზრით, ხელისუფლებისთვის ძალიან არაეფექტიანი იქნება, მეორე - გარკვეული სახელისუფლებო ჯგუფების მხრიდან ივანიშვილთან კულუარული მოლაპარაკების მცდელობა. მესამე - ხელისუფლების მიერ ვითარების კონტროლის შენარჩუნება, პროცესების არჩევნებამდე მიყვანა და არჩევნების გაყალბება, ამის რესურსი ხელისუფლებას ყოველთვის აქვს.

- მაინც რომელი სახელისუფლებო ჯგუფი შეიძლება შეეცადოს ივნიშვილთან მოლაპარაკებას?

- ის ჯგუფები, რომლებზეც, ფაქტობრივად, დგას სააკაშვილის მმართველობა, ესენია: ე.წ. თავისუფლების ინსტიტუტის ჯგუფი, ძალოვანთა გუნდი და რამდენიმე მსხვილი ბიზნესმენი, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" დონორებად მიიჩნევიან.

- რა შანსი აქვს ბიძინა ივანიშვილს?

- ძალიან სერიოზული. დღეს რომ იყოს არჩევნები, მიმაჩნია, რომ გვარიან წარმატებას მიაღწევდა. მაგრამ რაც დრო გადის, მით უფრო ძნელი გახდება ამ წარმატების მიღწევა. ამისთვის კი საჭიროა, რაც შეიძლება დროულად, ელექტორატის დიდი მასის ორგანიზება, განსაკუთრებით დიდი და რთული სამუშაოა ჩასატარებელი რეგიონებში, ივანიშვილმა ერთხელ თქვა, არჩევნებისთვის 60 000 ადამიანი უნდა გადამზადდესო, ეს პროცესი უნდა დაიწყოს დღესვე. როგორც ვხედავ, ორგანიზების პროცესი იჭიმება, ამის მაგალითია საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნების" დაფუძნების გადადება. არადა, დღეს ტემპს უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

რა თქმა უნდა, ივანიშვილს აქვს უზარმაზარი პერსპექტივა და რესურსი, რაშიც მხოლოდ ფინანსებს არ ვგულისხმობ. უმნიშვნელოვანესია წლების განმავლობაში მოპოვებული მორალური რესურსი და საერთაშორისო კავშირები. იმ ადამიანების სიის გამოქვეყნებაზეც მინდა ვთქვა ორიოდე სიტყვა, რომლებსაც ივანიშვილი ეხმარებოდა. ჯერ ერთი, იმ სიას თუ ჩაიკითხავთ, ნახავთ, რომ შეძლებული ადამიანები იქ 10%-იც არ არის. ეს ლაპარაკი ხელისუფლების მიერ აგორებული შავი პიარის ნაწილია, ცდილობენ, მხოლოდ ამ 10%-ზე გაკეთდეს აქცენტი. მეორეც, ივანიშვილს ამ საკითხისდამი ჰქონდა ძალიან სწორი მიდგომა - ეხმარებოდა ღვაწლმოსილ ადამიანებს.

კარგი იქნებოდა ყველა ავადმყოფს დახმარებოდა, მაგრამ ეს უდიდეს ფინანსებთან არის დაკავშირებული, რის საშუალებაც ერთ ძალიან მდიდარ ადამიანსაც არ აქვს, თუმცა საკითხავია, ხელისუფლებას რაღა უნდა გაეკეთებინა, ყველას და ყველაფერს ივანიშვილი თუ დაეხმარებოდა?

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა