საქართველოში უკვე საკმაოდ აცივდა. ქვეყნის მაღალმთიან რეგიონებში თოვლიც მოვიდა და მძღოლებს განსაკუთრებული მომზადება სჭირდებათ.
რა უნდა გავითვალისწინოთ ზამთარში ავტომობილის მართვისას, ამის შესახებ ერთ-ერთი ცნობილი ავტოკომპანიის თანამშრომელი, ავტოშემკეთებელი ჰაიდ ახმედოვი გვესაუბრება:
წესი #1. გამოცვალეთ აკუმულატორი, რადგან სიცივეში ძველმა აკუმულატორმა შესაძლოა საერთოდ ვეღარ იმუშაოს და მოძრაობისას პრობლემები შეგექმნათ. აკუმულატორის ფასი 130 ლარიდან იწყება.
წესი #2. ზამთარში აუცილებელია ავტომობილზე დააყენოთ ზამთრის საბურავები. ზაფხულის საბურავები უფრო მეტ კაპრონს შეიცავს, ვიდრე რეზინის, ამიტომ სველ გზაზე ადვილად ცურდება, ზამთრის საბურავებში კი რეზინის შემცველობა მეტია, მაგრამ რეზინი ადვილად ცვდება, ამიტომ სჯობს, ზამთარი-ზაფხულის საბურავები შევიძინოთ, რომელსაც მოყინულ გზაზე მაქსიმალური მოჭიდების, მანევრირებისა და კონტროლის საშუალება აქვს.
წესი #3. აუცილებლად გამოცვალეთ ანტიფრიზი. ქართულ ბაზარზე შემოდის ირანული და გერმანული წარმოების ანტიფრიზი. ხარისხი და ფასი იმის მიხედვით განისაზღვრება, რამდენ გრადუს ყინვას უძლებს. იყიდება ანტიფრიზი, რომელიც უძლებს 10, 20 და 30 გრადუს ყინვას. რაც უფრო მდგრადია ანტიფრიზი, მით ხარისხიანია. ვინაიდან ჩვენს დედაქალაქში განსაკუთრებული ყინვა არ იცის, ანტიფრიზი გამოხდილ წყალთან ზავდება, მაგრამ თუ ხშირად გიწევთ მაღალმთიან რეგიონებში ავტომობილით გადაადგილება, ასე შეზავებულმა ანტიფრიზმა შესაძლოა პრობლემები შეგიქმნათ, ამიტომ ჯობს, არჩევანი უფრო მდგრად ანტიფრიზზე შეაჩეროთ.
წესი #4. აუცილებლად შეიძინეთ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები. ჯაჭვებიანი საბურავების მქონე ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 50 კმ/სთ-ს. როგორც კი გზის სახიფათო მონაკვეთს გაივლით, საბურავებს ჯაჭვი უნდა მოხსნათ, რადგან ის საბურავებს აზიანებს. ჯაჭვი ავტომობილს წამყვან თვლებზე უნდა გაუკეთდეს. საქართველოში უმთავრესად თურქული წარმოების ჯაჭვები იყიდება. მათი ფასი იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ როგორ მაგრდება ისინი საბურავზე, არის ჯაჭვები, რომელთა გასაკეთებლადაც აუცილებელია საბურავის მოხსნა. მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების ფასი 45 ლარიდან იწყება და ერთი მანქანისთვის საშუალოდ 90 ლარი ღირს.
წესი #5. მკვეთრად არ დაამუხრუჭოთ თოვლიან ან მოყინულ გზაზე.
თამარ ბოჭორიშვილი
![]()
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)