ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო უმაღლესი სასამართლო რესპუბლიკის "ცენტრალური საარჩევნო კომისიის" დათხოვნის საკითხს განიხილავს. "ლაიფ ნიუსის" ცნობით, ცხინვალში არსებული დაძაბულობა შესაძლოა, სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს. გამოცემის ცნობით, გავრცელდა სკანდალური ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, რესპუბლიკის უმაღლესმა სასამართლომ შესაძლოა, ცენტრალური საარჩევნო კომისია დაითხოვოს, რაც ავტომატურად ნიშნავს არჩევნების შედეგების გაუქმებას.
"ამ დროისთვის სასამართლო ანატოლი ბიბილოვის სარჩელს განიხილავს, რომელიც არჩევნების გაყალბებას ეხება, მაგრამ ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ უმაღლესი სასამართლო აპირებს ცენტრალური საარჩევნო კომისია დაითხოვოს, რადგან სასამართლოს აზრით, კომისიამ სამუშაოს თავი ვერ გაართვა და არჩევნების არასწორი შედეგები წარმოადგინა", - ამის შესახებ კომისიის წევრმა, ტაირა გაგლოევამ განაცხადა.
ადგილობრივი კანონმდებლობით, საარჩევნო კომისიის დათხოვნის შემდეგ, ახალი კომისიის ფორმირებისთანავე შესაძლებელია ხელახალი არჩევნების ჩატარება.
ე.წ. სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 27 ნოემბერს გაიმართა. ცესკო-ს პირველადი მონაცემებით, არჩევნებში ალა ჯიოევამ გაიმარჯვა, რომელმაც ანატოლი ბიბილოვს აჯობა.