გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბიზნესვუმენ ლაურა ღაჭავას ბანკ "ქართუში" აღებული რამდენიმემილიონიანი კრედიტის დაფარვაზე უარის თქმას და ანგარიშის სხვა ბანკში გადატანას აიძულებენ.
"ყველა სიახლემ" ინფორმაციის გადამოწმების მიზნით ბანკ "ქართუს" გენერალურ დირექტორ ნოდარ ჯავახიშვილს მიმართა.
- ქალბატონ ლაურა ღაჭავას სახელზე ბანკ "ქართუში" გახსნილია ანგარიში და გაცემულია სესხები. მეტი არაფერი ვიცი. როგორც წესი, ორგანიზაციები "ქართუ ბანკში" ანგარიშებს კი არ ხურავენ, უბრალოდ, თუ რაიმე შემოსავალი აქვთ, მას სხვა ბანკში მიმართავენ და ფული ჩვენთან აღარ შემოდის. ამას ჩვენ ვერც ვიგებთ, თუ თვითონ არ გვითხრა კლიენტმა, რომელსაც კრედიტები აქვს აღებული.
ლაურა ღაჭავა: ჩემთვის არავის უკადრებია და არ უთქვამს, "ქართუში" ვალი არ დაფაროო. მე კეთილსინდისიერად ვრიცხავ ბანკში სესხს. ჩემთვის ფული არავის უჩუქებია, ეს არის სესხი, რომელსაც ვიხდი ჩვეულებრივი გრაფიკით, არ მაქვს გადაცდენა, ვმოქმედებ კონტრაქტის მიხედვით და ახლა იმაზე ვარ დამოკიდებული, როგორ განვითარდება მოვლენები - ბანკს გააჩერებენ თუ ჩვენ გაგვაჩერებენ, არაფერი ვიცი.
- რა ოდენობის სესხი გაქვთ "ქართუდან" აღებული და რას აპირებთ?
- ჩემი სამკერვალო ფაბრიკისთვის "ქართუ ბანკიდან" 200 ათას ლარზე მეტი ავიღე სესხად - დანადგარების შესაძენად დამჭირდა, ხოლო "პირიმზისთვის" 8 მილიონამდე ლარის სესხი 20 წლის ვადით ავიღე. მე არც ანგარიშის დახურვას ვაპირებ და არც სხვა ბანკში გადატანას. არც არავის უთქვამს ჩემთვის, ანგარიში გადაიტანეო. არ მომწონს სიტუაცია, რომელიც ამ ბანკის ირგვლივ განვითარდა და რომ ამბობენ, კომპანიებს ანგარიშები სხვა ბანკებში გადააქვთო. როგორც გავიგე, "ვისოლს" გადაუტანია. ყველამ თავისი საქმისა იცის, მაგრამ თუ ივანიშვილი თავის დროზე მათ ხელს უწყობდა, ახლა რა მოხდა?
ნანა ფიცხელაური
![]()
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)