"ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე IRI-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში ბიძინა ივანიშვილისა და მისი პოლიტიკური ბლოკის მიმართ საზოგადოების საკმაოდ მაღალ მხარდაჭერას ეიფორიას უკავშირებს.
"კვლევა სწორედ იმ ეიფორიის პერიოდშია ჩატარებული, რომელიც ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებობდა. ვფიქრობ, გაზაფხულისთვის გაცილებით დალაგებული სურათი გვექნება და ამომრჩეველი რეალობის ადეკვატურ გადაწყვეტილებებს მიიღებს და არა ეიფორიის", - განუცხადა ლევან ვეფხვაძემ "ინტერპრესნიუსს".
რაც შეეხება ამავე კვლევაში "ქრისტიან-დემოკრატების" რეიტინგს, ვეფხვაძე კმაყოფილია და აცხადებს, რომ ეს მათი პარტიის თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია.
"ჩვენ საკმაოდ დიდი მხარდაჭერა გვაქვს. ეს "ქრისტიან-დემოკრატების" თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია, რომელიც გულისხმობს მოქალაქეების საჭიროებებზე და იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე ორიენტირებას, რომლებიც ქვეყანაში არსებობს და მოსახლეობას აწუხებს. ჩვენი გზა, რომელიც არის სწორი, გადახვევების გარეშე და აქეთ-იქეთ ხტუნაობის გარეშე, ჩვენს ამომრჩევლებში ნდობას იწვევს", - აღნიშნა ვეფხვაძემ.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული კვლევების შედეგები დღეს გახდა ცნობილი. ტელეკომპანია "იმედის" ინფორმაციით, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას დაუჭერდით მხარს? შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა: "ნაციონალური მოძრაობა" - 42%; ბიძინა ივანიშვილის პარტია - 18%; "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" - 8%.
"იმედის" ინფორმაციით, გამოკითხვის მიხედვით პოლიტიკოსებს შორის რეიტინგში მიხეილ სააკაშვილი 74%-ით ლიდერობს.
ამასთან, არსებული ინფორმაციით, კითხვაზე, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას (საქართველოს მასშტაბით), პასუხები ასე გადანაწილდა: 32 პროცენტი "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი; 27 პროცენტი - ბიძინა ივანიშვილი; 10 პროცენტი - გიორგი თარგამაძე, 2 პროცენტი - შალვა ნათელაშვილი და 2 პროცენტი - ირაკლი ალასანია.
კითხვაზე, ვინ არის ყველაზე სანდო ოპოზიციონერი ლიდერი (საქართველოს მასშტაბით), პასუხები ასეთია: გიორგი თარგამაძე - 22 პროცენტი; ბიძინა ივანიშვილი - 21 პროცენტი; შალვა ნათელაშვილი - 4 პროცენტი; ირაკლი ალასანია - 3 პროცენტი.
არსებული ინფორმაციით, გამოკითხვა 27 ოქტმბრიდან 11 ნოემბრამდე ჩატარდა. გამოიკითხა 4 ათასი რესპონდენტი 18 წელს ზემოთ.