რუსული გეი-პორტალი ქართველ ჰომოსექსუალებზე წერს და აღნიშნავს, რომ თბილისური გეი-საზოგადოება უფრო თავდაჯერებულია და უკვე "დღის სინათლეზეც გამოდის".
ეს დასკვნა რუსმა გეებმა თბილისში ზედიზედ გამართული ორი აქციის საფუძველზე გამოიტანეს, რომელიც არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის საზოგადოების მხარდაჭერას ისახავდა მიზნად.
პირველი აქცია "ლგბტ საქართველოს" (ლესბოსელ-გეი-ბისექსუალ-ტრანსექსუალი საზოგადოება) ინიციატივით ვაკის პარკში მოეწყო. დროშებითა და ფერადი ბუშტებით ხელში შეკრებილმა 20-მდე ადამიანმა ტრანსფობიის მხვერპლთ თანაგრძნობა გამოუცხადა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა საქართველოში ჰომოსექსუალმა საზოგადოებამ აქციის მოწყობა დღის სინათლეზე გაბედა. ქართველი სექს-უმცირესობების სითამამით აღფრთოვანებული რუსული პორტალი წერს, რომ ამ აქციიდან "სულ რამდენიმე დღეში უკვე 60-მდე ჰომოსექსუალმა თბილისის ვარდების მოედანზე შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნაც აღნიშნა".
ქართველი ჰომოსექსუალები კმაყოფილებით აღნიშნავენ, რომ მათმა აქციამ უსიამოვნო სიურპრიზების გარეშე ჩაიარა. ზოგიერთი გამვლელი შეუერთდა კიდეც აქტივისტებს. მონაწილეებს სურდათ დაემტკიცებინათ, რომ საქართველოში არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის საზოგადოება ნამდვილად არსებობს.
ქართველ ჰომოსექსუალებს რუსებთან შედარებით საჯარო აქციების ბევრად მოკრძალებული გამოცდილება აქვს. ასეთი შეკრება გასულ წელს მაისშიც გაიმართა, თუმცა თბილისელმა სექს-უმცირესობებმა თავმოყრა მხოლოდ მზის ჩასვლის შემდეგ გაბედეს.
მომზადებულია Gay.Ru-ს მიხედვით.