"ეს არ არის თემა, რომლის გასაშუქებლად ჩვენი სარეკლამო სამსახური ფულს აიღებს და მოგებას ნახავს. ჩვენი მოგება ჩვენი ახლობლების - დედის, მამის, ძმის, დის, მეგობრების გადარჩენილი სიცოცხლეა. ჩვენ ვწერთ მათ გადასარჩენად", - იუწყება "გარდიანი" და მხოლოდ კიბოს სკრინინგის თემას 1200-ზე მეტ სტატიას უძღვნის ბოლო ათწლეულის განმავლობაში. შედეგად, მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში სკრინინგის პროგრამაში მონაწილეობა ცხოვრების წესად იქცა, მოიხსნა სტიგმა - შიში სიტყვა "კიბოს" მიმართ. ამან კი მნიშვნელოვნად შეამცირა კიბოს დიაგნოზით გარდაცვალების შემთხვევები.
საქართველოშიც, სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის (პროგრამა ხორციელდება საქართველოს პირველი ლედის პატრონაჟით) წარმატება და ამ პროგრამის მთავარი მიზანი - გადაარჩინოს მრავალი სიცოცხლე, მასმედიასთან და მოსახლეობასთან თანამშრომლობის შედეგად მიიღწევა.
8 დეკემბერს სასტუმრო "ამბასადორში" გაიმართა ჟურნალისტების შეხვედრა საქართველოში კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებლებთან (ეროვნული სკრინინგ ცენტრი), რომლის მიზანი გახლდათ საკომუნიკაციო გეგმის შემუშავება და საკომუნიკაციო კამპანიის განხორციელება დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის სახელწიფო პროგრამისთვის.
კიბო აღარ წარმოადგენს უკურნებელ სენს, თუ მისი გამოვლენა ადრეულ სტადიაზე მოხდა. სკრინინგის პროგრამა კი სწორედ მის ადრეულ ეტაპზე გამოვლენას ემსახურება. დროულად კიბოს გამოვლენის შემთხვევაში განკურნების ალბათობა 100%-დე იზრდება და მკურნალობის ხარჯებიც გაცილებით მცირეა.
მიზნობრივ პოპულაციებში სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს სკრინინგის პროგრამა მთელ საქართველოში მოქმედებს და ხელმისაწვდომია საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისათვის შემდეგი ასაკობრივი ჯგუფების გათვალისწინებით: * ძუძუს კიბოს სკრინინგი - 40-დან 70 წლამდე ქალბატონებისთვის (2 წელიწადში ერთხელ); * საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი - 25-დან 60 წლამდე ქალბატონებისთვის (3 წელიწადში ერთხელ); * მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი - 50-დან 70 წლამდე ქალებისა და მამაკაცებისათვის (2 წელიწადში ერთხელ); * პროსტატის კიბოს სკრინინგი - 50-დან 70 წლამდე მამაკაცებისთვის (წელიწადში ერთხელ).
პროგრამით გათვალისწინებული გამოკვლევები უფასოა ზემოთ ჩამოთვლილი ასაკობრივი ჯგუფებისთვის.
უფასო სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის მსურველმა უნდა დარეკოს ტელეფონის ნომერზე (832)2203535, რომელზეც მიიღებს ინფორმაციას იმ კლინიკების შესახებ, სადაც კიბოს სკრინინგის პროგრამა მოქმედებს. საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად, მას შეუძლია აირჩიოს ტერიტორიულად ხელსაყრელი სამედიცინო დაწესებულება და იქ ჩაიტაროს გამოკვლევები.