ქართული სასამართლოს არაობიექტურობით აღშფოთებულმა ცნობილმა ადვოკატმა ზურაბ როსტიაშვილმა პროტესტის ნიშნად 2011 წლის 27 ნოემბრიდან შიმშილობა გამოაცხადა.
"საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია" მხარს უჭერს ადვოკატ ზურაბ როსტიაშვილის პოზიციას სასამართლოს არაობიექტურობის თაობაზე და მოუწოდებს დიპლომატიურ კორპუსს, ხმა აიმაღლონ უსამართლობის წინააღმდეგ.
- ბატონო ზურაბ, რატომ მიმართეთ პროტესტის უკიდურეს ფორმას?
- ერთი წლის განმავლობაში ჩემს ხუთ საქმეზე გამოიტანეს უკანონო და დაუსაბუთებელი განაჩენი. ამ უსამართლობის გამო 27 ნოემბრიდან დავიწყე შიმშილობა, თუმცა პროცესებზე მაინც გამოვდივარ, ჩემს კლიენტებს ხომ არ მივატოვებ! პირველია სიმონ გაბრიელაშვილის საქმე. მას თაღლითობას ედავებოდნენ, თუმცა საქმეში ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ დევს. გაბრიელაშვილი უკანონო პატიმარია - სრულიად უდანაშაულო ასთმიანი ავადმყოფი, რომელიც ძლივს სუნთქავს, სასამართლომ გაამტყუნა. მას ბინა წაართვეს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 10 ათასი ლარი დააკისრეს და 7-წლიანი პატიმრობაც მიუსაჯეს. ეს არის ადამიანის გატყავება-განადგურება. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს სახელმწიფო რეკეტთან.
მეორეა დავით დემეტრაშვილის საქმე, რომელიც ავტოავარიას ეხება. საქმეში ექვსი ექსპერტის დასკვნა იდო, რომლებიც მას ამართლებდა, თუმცა მოსამართლე კაჭკაჭიშვილმა მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამას სასამართლო ჰქვია, როცა ექვსი ექსპერტი ეუბნება მართალიაო, მას კი გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს?!
მესამე საქმე ეხება მკვლელობაში ბრალდებულ ცეზარ ოჩიაურს. მან 2001 წელს აფექტში მყოფმა დაჭრა ვინმე ბასილაური, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა. სასამართლომ რატომღაც არ დანიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა. ამ საქმეზეც უნდა დამდგარიყო გამამართლებელი განაჩენი, მაგრამ სასამართლომ ოჩიაურს 13 წელი მიუსაჯა.
მეოთხეა - ნიკა გელაშვილის საქმე. ამ პიროვნებამ იაპონელებთან დადო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც გამოეყო 64 ათასი დოლარის გრანტი. გელაშვილის კომპანიას კი ამ თანხით უნდა გაერემონტებინა ქარელის საავადმყოფო. ექსპერტიზამ დაადგინა და ექსპერტმაც დაკითხვაზე განაცხადა, რომ ყველა სამუშაო შესრულებული იყო, ოღონდ დაანგარიშებისას შესრულებულმა სამუშაოებმა გამოყოფილ თანხას გადააჭარბა. ანუ უფრო მეტი სამუშაო ჰქონდა შესრულებული, მაგრამ გელაშვილს თანხის მითვისებაში დასდეს ბრალი და სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პარლამენტიდან ქარელში ჩავიდა კომისია ვიცე-სპიკერ გიგი წერეთლის თავმჯდომარეობით, იქვე იყო იაპონიის ელჩიც. ყველამ მოიწონა შესრულებული სამუშაო, ტაში დაუკრეს, იაპონიის ელჩი დააჯილდოვეს კიდეც და ყველანი კმაყოფილი დარჩნენ...
მეხუთე საქმე 1995 წლის მოწვევის პარლამენტარ რობინზონ კალაძეს ეხება. მას ბრალი დასდეს თანხის უკანონოდ აკრებასა და მითვისებაში. 7 წელი მიუსაჯეს და 10 ათასი ლარი ჯარიმა დააკისრეს სახელმწიფოს სასარგებლოდ. მაშინ როცა, საქმის მასალებით დადგენილია, რომ კალაძეს კაპიკი არ აუღია არავისგან.
- თქვენი აზრით, რატომ ვერ ახერხებთ ადვოკატები საქმეების მოგებას?
- ჩვენმა პრეზიდენტმა მაღალი ტრიბუნიდან "ნულოვანი ტოლერანტობა" რომ გამოაცხადა, მას შემდეგ აირია მონასტერი. პიროვნულად ყველა პატივს მცემს - პროკურორებიც, მოსამართლეებიც, პოლიციელებიც და გამომძიებლების უმრავლესობაც, მაგრამ პოლიტიკაა ასეთი. ხდება ადვოკატების დევნა-შევიწროება. დღეს სასამართლოც და პროკურატურაც პოლიტიზებულია.
ამას წინათ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გამოვიდა და სიამაყით ამცნო საზოგადოებას, გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ქართულ სასამართლოს მოსახლეობის 72% ენდობაო. ვინ ენდობა, ვის ატყუებს და რაში სჭირდება ეს სიცრუე კუბლაშვილს?! გგონიათ, იმ პროკურორებს უნდათ ასეთი უსამართლობა? ერთმა პროკურორმა, როცა მას ერთ სუბიექტზე ვკითხე, რატომ გაჩხრიკეთ, როცა ამის საფუძველი არ გქონდათ-მეთქი, ასე მიპასუხა: - ბატონო ზურაბ, რომ გვეთქვა, ის ქალბატონი გავაუპატიუროთო, სასამართლო ამ მოთხოვნასაც დაგვიკმაყოფილებდაო. მოსამართლეები პროკურორებს ყველაფერს უჯერებენ, ყველაფერზე თანახმა არიან, რადგან ეშინიათ.
სასამართლო პროცესები რინგზე ბრძოლას ჰგავს და, მიუხედავად იმისა, ჩააგდებ თუ არა ნოკდაუნში ბრალდების მხარეს, პროკურატურა მაინც გამარჯვებული გამოდის. ამიტომაც ვშიმშილობ!
ნანა ფიცხელაური
![]()
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)