მიხეილ სააკაშვილი - ვინც რა უნდა თქვას, ევრაზიის კავშირს მომავალი არ აქვს

  მიხეილ სააკაშვილი - ვინც რა უნდა თქვას, ევრაზიის კავშირს მომავალი არ აქვს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, მიხეილ სააკაშვილის საერთაშორისო ფორუმზე "ევროპის განვითარების დღეები" გამოსვლის ტექსტს აქვეყნებს. მიხეილ სააკაშვილმა არაბული ქვეყნების რევოლუციებზე და რუსეთში შექმნილი ვითარების შესახებ ისაუბრა.

პრეზიდენტის განცხადებით, 21-ე საუკუნეში კიდევ არის დიქტატურის გამოვლინებები და ეს რეალობაა, მაგრამ სააკაშვილის თქმით არაფერია იმაზე მყიფე, ვიდრე დიქტატურა და ინფორმაციის გაკონტროლების მცდელობა.

"დიქტატურები ეფუძნება ავტორიტარულ სისტემას, რომელსაც ჰყავს გარკვეული კულტი, უმეტესწილად ეს კონკრეტული პირი ან პარტიაა. მაშინ, როდესაც ინფორმაცია და ინტერნეტი ყველასთვის არის ხელმისაწვდომი, მოვლენები მსგავსი სისტემებისთვის, შეიძლება ძალიან სწრაფად და ძალიან ცუდად განვითარდეს. როგორ იქცევიან დიქტატორები? ისინი ცდილობენ აჩვენონ საზოგადოებას, როგორი ძლიერები, დაუნდობლები არიან და ფიზიკური მონაცემების დემონსტრირებას ახდენენ. თუმცა ეს უმოკლესი გზაა იმისათვის, რომ ვითარება მათთვის ცუდისკენ შეიცვალოს და საზოგადოებისთვის მიუღებელნი გახდნენ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ერთი კონკრეტული ქვეყნის - რუსეთის ტელევიზია დომინირებს და საქართველოს ისე ახასიათებენ, როგორც სახიფათო ადგილს და საქართველოს პრეზიდენტი ურჩხულად და მკვლელად გამოჰყავთ.

"ამ ფონზე ჩავდივარ ყირგიზეთში და ირკვევა, რომ ზედმიწევნით კარგად იციან ჩვენი რეფორმების შესახებ. იციან, თუ რას მიაღწია ჩემმა ქვეყანამ. იციან იმაზე მეტი, ვიდრე ევროპაში. რატომ? იმიტომ, რომ ზოგჯერ ევროპელებს არ სურთ იცოდნენ მეტი. თუმცა ყირგიზეთში ხალხს ნამდვილად სჭირდება იცოდეს ის, თუ რა ხდება პოსტსაბჭოთა სივრცეზე. ეს ჩემთვის კარგი მაგალითი იყო. მათი დასკვნები სრულიად ეწინააღმდეგებოდა რუსულ პროპაგანდას და ვკითხე კიდეც: თქვენ წლების განმავლობაში უყურებთ რუსულ ტელევიზიას და მსგავსი დასკვნები გააკეთეთ? რა თქმა უნდა, ნაწილობრივ ეს ინტერნეტის დამსახურებაა, ნაწილობრივ კი იმისი, რომ ხალხს აქვს მოთხოვნა გაეცნოს რეალობას", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოში უიმედო სიტუაცია იყო შექმნილი 7 წლის წინ. ქვეყანა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კრიმინალური სახელმწიფო იყო, ყველაზე კორუმპირებული და სასოწარკვეთილი საზოგადოებით.

"ხელისუფლებაში მოსვლიდან ორიოდ წელიწადში, როდესაც პრესას ვეცნობოდი-ხოლმე, ჩვენზე ძირითადად ეწერა: "ვარდები დაჭკნა", "ვარდები მოკვდა" და ა.შ. სტატიებში ყოველთვის ერთსა და იმავე ფრაზას ამოიკითხავდით: "საქართველო პატარა, კორუმპირებული საბჭოთა რესპუბლიკაა"ან "პატარა, ღარიბი, კორუმპირებული ქვეყანა", - აცხადებს სააკაშვილი.

პრეზიდენტის თქმით, ახლა საქართველო სრულიად სხვა ქვეყანაა. სააკაშვილის განცხადებით, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველო მსოფლიოს ნომერ პირველი ეკონომიკური რეფორმატორია.

"მსოფლიო ბანკი ახლა გამოსცემს წიგნს, რომელშიც საქართველო წარმოდგენილია, როგორც ეკონომიკური ტრანსფორმაციის წარმატებული მაგალითი. "ტრანსფარანს ინტერნეიშენელის" მონაცემებით, კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას არ გაუკეთებია იმაზე მეტი, ვიდრე გააკეთა საქართველომ. ამიტომაც, მსოფლიოს პირველი მებრძოლი ქვეყანა ვართ კორუფციასთან. ჩვენ გვაქვს მსოფლიოში ყველაზე გამჭვირვალე და ეფექტიანი სახელმწიფო აპარატი ახალი ზელანდიის შემდეგ. ჩვენ ვართ ევროპის ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა მაშინ, როდესაც რამდენიმე წლის წინათ ეს ყველაზე სახიფათო ადგილი იყო. ამ მხრივ, გასულ წელს ჩვენი კონკურენტი ისლანდია იყო, თუმცა მოხარული ვარ განვაცხადო, რომ მასაც გადავასწარით. მეზობელ ქვეყნებში კრიმინალური "ავტორიტეტების" ნაწილი საქართველოდანაა წასული", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, როცა რევოლუციური მთავრობა ხელისუფლებაში მოვიდა, სიღარიბის დონე 52 პროცენტი იყო, ახლა ეს მაჩვენებელი 17 პროცენტზე ნაკლებია. სააკაშვილის თქმით, შეიცვალა სიღარიბის მნიშვნელობაც, რადგან ხალხს ახლა უკვე სახელმწიფო დაზღვევა და სხვა დახმარება აქვს. სააკაშვილის თქმით, 7 წლის წინათ პოლიციას მოსახლეობის მხოლოდ 5 პროცენტი ენდობოდა. ბოლო კვლევების მიხედვით კი, ეს მაჩვენებელი დღეს 86 პროცენტს აღწევს. 7 წლის წინათ, ქართველების 98 პროცენტი ამბობდა, რომ მათ ყოველდღიური შეხება ჰქონდათ კორუფციასთან. სააკაშვილის განცხადებით, ახლა იგივეს მხოლოდ 0,2 პროცენტი ამბობს და ისიც იმიტომ, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არის ექიმთა კატეგორია, რომელიც პაციენტებისგან ფულს იღებს. პრეზიდენტის თქმით, კერძო სექტორის დახმარებით 150 თანამედროვე საავადმყოფო შენდება, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში ესეც აღმოიფხვრება.

"რევოლუცია არ არის მხოლოდ ლოზუნგები, ვარდები და ტელევიზიების ყურადღება. ნამდვილი რევოლუცია იწყება მაშინ, როდესაც ადგილს მაგალითად, CNN-ის კამერა ტოვებს. მაშინ, როდესაც რეალური სახელმწიფო საქმით გიწევს დაკავებას. ეს პროცესი ძალზე მოსაწყენი და შრომატევადია, მაგრამ დაყოვნება არ შეიძლება - ყოველდღიურ საქმიანობაში უნდა გამოიჩინო ჭკუაც და უნდა იყო რადიკალურიც. რეფორმები კომპრომისებით არ მუშაობს. ასეთ შემთხვევაში კომპრომისი როგორც წესი, უკან გიბრუნდება და გაზარალებს. რევოლუცია არა მხოლოდ პრაქტიკული მიღწევებია - რევოლუცია უნდა მოხდეს გონებაშიც. უნდა შეიცვალოს საზოგადოების დამოკიდებულება და მიდგომა ინსტიტუტების მიმართ. საქართველოში პოლიციისა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების შენობები ახალია და ყველა შუშისაა. თითოეული მათგანი გამჭვირვალეა - აი ეს არის ახალი მიდგომის მაგალითი. როგორ გამოიყურება შენობები, როგორ იცვამს ხალხი - ყველაფერი ეს მნიშვნელოვანია", - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველომ დაამტკიცა, რომ შეიძლება ჩაატარო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, გყავდეს თავისუფალი მედია, ქვეყანაში იყოს აზრთა სხვადასხვაობა და ამავდროულად განვითარდე. პრეზიდენტის თქმით, საქართველომ აჩვენა, რომ ამ გზით შესაძლებელია გქონდეს დემოკრატია, მიაღწიო კეთილდღეობას და ქვეყანაში დაამყარო წესრიგი.

"ცნობილია, რომ მას შემდეგ რაც ხალხმა ჩვენს რეფორმებს პროტესტი გამოუცხადა, მე გადავდექი კიდეც და ამით საზოგადოების მიმართ ჩემი პატივისცემა გამოვავლინე. ჭაობში სტაბილურობა არ არსებობს - თუ ჭაობში სტაბილურობაა, მაშინ ის აუცილებლად ჩაგითრევს. როდესაც მთავრობა იწყებს სტაბილურობით ვაჭრობას, საკუთარ ხალხს ავტომატურად ართმევს მომავალს. ახლა ჩვენს საზოგადოებას კიდევ უფრო მეტ რეფორმებსა და ცვლილებებს ვთავაზობთ. ხელისუფლება ხალხისთვის მაშინაა მისაღები, როდესაც ის მუდმივად სთავაზობს სიახლეს. ამიტომ მიმაჩნია, რომ საბჭოთა ავტორიტარული მმართველობის მოდელი ყოვლად უიმედოა. ჩემი გათვლით, ის ყველგან დაინგრევა და თან - ძალიან მალე, იმაზე ადრე, ვიდრე ეს ექსპერტებსა და მიმომხილველებს ჰგონიათ", - განაცხადა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა ევროკავშირის კრიზისზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი ერთადერთი ალტერნატივაა ყოფილი საბჭოთა ქვეყნებისთვის. სააკაშვილის თქმით, ევროკავშირი არის მშვიდობის, სტაბილურობის, დემოკრატიისა და ყველა ღირებულების გამომხატველი.

"არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ ევროკავშირს მომავალი არ აქვს. თქვენ ხედავთ, რომ ევრაზიის კავშირი ფორმირდება, ეს კი საბჭოთა კავშირის აღდგენის მცდელობაა. ზოგს ჰგონია, რომ ევროპა დასუსტდა, ამერიკას საკუთარი პრობლემებიც ჰყოფნის და დადგა დრო საბჭოთა კავშირი აღადგინონ. ისინი ცდილობენ ყველას აჩვენონ, რომ ბრუნდებიან და თანაც ახალი ძალით, თავისი გაზსადენებით. რეალობა კი ისაა, რომ ვინც რა უნდა თქვას, ევრაზიის კავშირს მომავალი არ აქვს. ჩვენ ვართ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ნაწილი და ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ვიღებთ გზავნილს - რა პრობლემებიც არ უნდა იყოს ევროპაში, კარი არ იხურება. ჩვენ გვაქვს, იგივე პოლონეთის, ესტონეთის და სხვა ახალი წევრების მაგალითი. პრობლემები ახალი წევრებისგან არ მომდინარეობს - პრობლემები, ძირითადად ძირძველი წევრებიდან მოდის. ვფიქრობ, ახალ წევრ ქვეყნებში უფრო მეტი ენთუზიაზმია და მათ ინოვაციური პოლიტიკა აქვთ. თუ გავაკეთებთ არჩევანს ევროპასა და ევრაზიის კავშირს შორის, ჩვენთვის არ არსებობს ალტერნატივა გარდა ევროპისა. ეს ერთადერთი სახელწოდებაა, რომელთან დაკავშირებითაც ჩემს რეგიონში არავინ ყოყმანობს. ეს არის გზა მომავლისკენ და მას ევროპა ჰქვია", - განაცხადა სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა