ტკივილიანი ცხოვრება გაუვლია, მაგრამ ადამიანების სიყვარული და რწმენა არასდროს დაუკარგავს. ბედნიერი კაცი ვარ, ცხოვრების დიდი ნაწილი ნოდარ დუმბაძესთან ერთად რომ გავიარეო, - ამბობს რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე, და წამიერად თითქოს გშურს კიდეც მისი, ვიდრე უმალ გაიხსენებ, რომ შენც მასთან ერთად გაგივლია ცხოვრების დიდი ნაწილი, რადგან აგერ უკვე რამდენი წელიწადია, შენს ოჯახშია, შინაა და გარეთ, ყველა დროსა და ყველა ასაკში, ჯინივით - ბოთლსა და გადაშლილ ფურცელზე, წიგნის თაროსა თუ წამოსროლილ ფრაზაში, წვიმაში, თოვლსა და ქარში, მზიან დღესა და მზიან ღამეში და... მარადისობაში, ღმერთის მიერ შექმნილში და მისეულში...
გიგა ლორთქიფანიძე:
- ჩემი აზრით, ნოდარ დუმბაძე ფენომენური მოვლენაა ქართულ კულტურასა და ლიტერატურაში. იშვიათად მეგულება ადამიანი, ასეთი რთული ცხოვრება გაევლოს. მთელი მისი ცხოვრება ტკივილით იყო სავსე - 7 წლისას მამა დაუხვრიტეს, დედა კი გადაუსახლეს, მერე პატარა ვაჟი დაეღუპა, ყველაფერს დაერთო გაუთავებელი ინფარქტები (ოთხჯერ გადაიტანა) და რომ არა მისი მეუღლის, ნანულის თანადგომა, ფანატიკური სიყვარული მისდამი, ნოდარი ამდენს ვერ გაუძლებდა. გარდა ცოლქმრული სიყვარულისა, ნანულის ყოველთვის ესმოდა ნოდარის მწერლობის დანიშნულება. ასე რომ, მეუღლემ მართლაც ძალიან გაუმართლა ნოდარს (იღიმის). მიუხედავად მძიმე ცხოვრებისა, არასდროს კარგავდა ოპტიმიზმს, ადამიანის სიყვარულს, იუმორის გრძნობას.
მაგალითად, ძალიან უყვარდა ჩემს ფეხზე ხუმრობა. სხვისგან აუცილებლად მეწყინებოდა, ნოდარს კი ვპატიობდი (იცინის). ერთხელ, მახსოვს, რესტორნიდან გამოვედით. ძალიან მაგრად წვიმდა, მე კი, მთვრალი, წვიმაში ვიდექი და ვიღაცას დაუსრულებლად ველაპარაკებოდი. ნოდარი შეჰფარებია იქვე შენობას, მე კი, თურმე, დიდ წყალში ჩავმდგარვარ და ვერც ვგრძნობდი. მოჰბეზრდა ნოდარს ლოდინი და რამდენჯერმე დამიძახა, - გიგა, წამოიო! ბოლოს ვეღარ მოითმინა და, - სანამ ტოტი არ ამოგივა მაგ ხის ფეხზე, აღარ დეიძვრები ადგილიდანო, - მომაძახა (იცინის)! ვგიჟდები, როგორ ახერხებდა ეს კაცი, ყოფილიყო მაღალი რანგის ინტელიგენტი და თან, არ დაჰკარგოდა თავისი გურული კოლორიტი. გასაოცრად ძლიერი ადამიანი იყო. გონებით ბევრს მოერია, მაგრამ გულმა კი უმტყუნა, ვერ გაუძლო და ამის შედეგი იყო ინფარქტების გაუთავებელი სერია. თითოეული ინფარქტის შემდეგ ვფიქრობდით, რომ ყველაფერი დამთავრდა, მაგრამ ღმერთი ჩვენ მხარეს იყო და მაინც კარგა ხანს აცოცხლა.
მისი ცხოვრების ბოლო დღეები ერთად გავატარეთ. იმ პერიოდში მეც გულმა შემომიტია და ეგრეთ წოდებულ, "ლეჩკომისიაში" მომიხდა დაწოლა. "ლეჩკომისიის" დირექციამ პატივი მცა და ნოდარის გვერდით, პალატაში მომათავსა, ჩვენს პალატებს კი საერთო აივანი ჰქონდა და იქ ვისხედით ხოლმე. მაგრამ იმის წარმოდგენა, როგორი იყო ეს კაცი სიცოცხლის ბოლო წუთებში, ძალიან მიძნელდება, რადგან კარგად გრძნობდა მოახლოებულ უბედურებას. ისე დაუმძიმდა მდგომარეობა, მედდას არ დასჯერდნენ და თითო ექიმი მორიგეობდა მის პალატაში. ერთ-ერთი ექიმი რუსი ქალბატონი იყო. ერთხელ გაუფრთხილებია ის ექიმი, - ცუდად რომ გავხდები, გამოკეთებას ნუღარ ეცდებით; აღარ შემიძლია, დავიღალე და საშუალება მომეცით, ამ ქვეყნიდან მშვიდად წავიდეო (ცრემლმორეულ ბატონ გიგას მართლაც ძალიან უჭირდა იმ დღეების გახსენება და სვენებ-სვენებით განაგრძობდა თხრობას. - ავტ.)...
იმ პერიოდში კიდევ ერთი ფანტასტიკური ამბავი მოხდა: უკვე პალატიდან ვეღარ გამოდიოდა და ექთანს სთხოვა, გიგას უთხარით, ჩემთან შემოვიდესო. იმ დროს პალატაში ჩვენი საერთო მეგობარი - ვაჟა ჟღენტიც იყო. ნოდარმა ნანულის მაგნიტოფონი მიატანინა, მერე ჩართო, გვთხოვა, ვიმღეროთო და დაიწყო სიმღერა, - სიკვდილი ვერას დაგვაკლებსო (კვლავ ცრემლი მოერია)... ასე უნიჭოდ ცხოვრებაში არ მიმღერია... არ მინდოდა შეემჩნია, არადა, დამახრჩო ცრემლმა...
ასე გამოგვემშვიდობა სიმღერით. მისი გარდაცვალების დღეს მე უკვე აღარ ვიყავი საავადმყოფოში - "ლეჩკომისიის" ხელმძღვანელმა, ჩვენმა მეგობარმა - ამიკო კავკასიძემ გამოაწერინა ჩემი თავი, - არ მინდა, ნოდარის გარდაცვალებას დაესწროო. შეტევა რომ დასწყებია, მის გაფრთხილებას ყურს ვინ დაუგდებდა და, იმ რუს ექიმს სასწრაფოდ ნემსი მოუმზადებია გასაკეთებლად, ნოდარი კი თურმე უყვიროდა, - ჩვენ ხომ შევთანხმდით, დამანებეთ თავიო... ნოდარი დიდი ბუნების ინტელიგენტი იყო, ინტელიგენტობა კი ადამიანების დიდ სიყვარულში გამოიხატება. მიუხედავად ამდენი უბედურებისა, ნოდარი არ გაბოროტებულა არც ადამიანებზე, არც ცხოვრებაზე.
პირიქით - ფანატიკურად უყვარდა ადამიანი. ზოგიერთი ნაკლადაც კი უთვლის იმას, რომ უარყოფითი გმირები, ფაქტობრივად, არ ჰყავს. გასაოცარი უნარი ჰქონდა, ადამიანში უპირველესად სიკეთე დაენახა. ვფიქრობ, ნოდარ დუმბაძე არის ქართული ჰუმანისტური მწერლობის, ადამიანისადმი მიძღვნილი მწერლობის ღირსეული გამგრძელებელი და მე ღმერთმა და ბედმა მარგუნა მასთან არა მარტო მეგობრობა, შემოქმედებითი ურთიერთობაც. ძალიან მეამაყება, რომ ერთ-ერთ პირველს სწორედ მე წამაკითხა ჯერ კიდევ "რემინგტონზე" (საბეჭდი მანქანა) დაბეჭდილი "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი".
- როდის შეხვდით ერთმანეთს, როდის გაიცანით?
- ღრმა ბავშვობაში. ვერაზე ერთად გავიზარდეთ, ორივე რეპრესირებული ოჯახის შვილები ვიყავით და ბავშვობიდან კარგი ურთიერთობა გვქონდა, რაც უდიდეს სიყვარულსა და თაყვანისცემაში გადაიზარდა. ის "რემინგტონზე" დაბეჭდილი "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" ნოდარის პირველი სერიოზული ნაწარმოები იყო. მახსოვს, ქეთინო (ბატონი გიგას მეუღლე, მსახიობი ქეთევან კიკნაძე. - ავტ.) ახალი შერთული მყავდა ცოლად, დედაჩემიც ცოცხალი იყო და ორივენი რომ დაწვნენ, "მე, ბებია, ილიკო და ილარიონის" კითხვა მაშინ დავიწყე. დედას და ქეთინოს უფიქრიათ, ამ კაცმა ხომ არ გააფრინაო, - კითხვისას, მთელი ღამის განმავლობაში, ხან ვტიროდი, ხან ვიცინოდი. საოცარი თვისება აქვს მწერალ ნოდარ დუმბაძეს: მას შეუძლია, ერთ წუთში სიცილით მოგკლას, მეორე წუთში კი დაგაფიქროს და აგატიროს. სწორედ ილიკოსა და ილარიონისთანა ხალხმა აცოცხლა მამადახვრეტილი და დედაგადასახლებული ნოდარ დუმბაძე, გაზარდა და ადამიანისადმი სიყვარულიც გაუზარდა. სხვათა შორის, გურიაში, ნოდართან სტუმრად მყოფმა, ორივე გავიცანი - ილიკოც და ილარიონიც და ბებიამის ოლღასაც მოვესწარი. მართლა გასაოცარი ქალი იყო.
- ბატონო გიგა, თქვენ ხომ პირველმა დადგით სცენაზე ნოდარ დუმბაძის "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"?
- ამ ტიპურ პროზაულ ნაწარმოებს თითქოს არავითარი კავშირი არ ჰქონდა დრამატურგიასთან და მისი ინსცენირებაც ძნელად წარმოსადგენი იყო. მაშინ ახალგაზრდა რეჟისორი ვიყავი, მარჯანიშვილის თეატრში ვმუშაობდი და ცხოვრებაში პირველად ავიჩემე, ეს ნაწარმოები სცენაზე რომ არ დავდგა, მოვკვდები-მეთქი. ნოდარს რომ გავუმხილე, - რამ გადაგრია, კაცო, ილიკოს და ილარიონს სცენაზე რა უნდათო, - მომიგო. მაინც დავდგი და სპექტაკლს გასაოცარი წარმატება ჰქონდა.
თვეში 20-22-ჯერ გადიოდა მარჯანიშვილის თეატრში, რადგან წარმოუდგენლად რთული იყო ბილეთების შოვნა. ერთი და იმავე ნაწარმოების რამდენჯერმე დადგმა ძალიან არ მიყვარს, მაგრამ რომ დავითვალე, აღმოვაჩინე, რომ ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით 14 სპექტაკლი დამიდგამს სხვადასხვა თეატრის სცენაზე. "მე, ბებია, ილიკო და ილარიონს" მოჰყვა საოცარი ნაწარმოები - "მე ვხედავ მზეს", მერე "საბრალდებო დასკვნა" და, ფაქტობრივად, ყველაფერი, გარდა "მზიანი ღამისა". ასე, მთელი ცხოვრების განმავლობაში ვდგამდი ნოდარ დუმბაძეს თბილისში, ბათუმში, ოზურგეთში, მოსკოვში, სოფიაში... შეიძლება გადამეტებულად ვაფასებ, მაგრამ ასე მგონია, რაღაცნაირად მოხდა ჩვენი დამთხვევა - მისი მწერლობისა და ჩემი რეჟისორული აზროვნების. თითოეული სპექტაკლის რეპეტიცია დღესასწაულივით იყო ჩემთვის.
- ბატონი ნოდარი ესწრებოდა ხოლმე რეპეტიციებს?
- ვერაფრით მოვიყვანე. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ვუყვარდი და დიდ პატივსაც მცემდა, როგორც რეჟისორს, მისი ნაწარმოების სცენაზე გადატანა შეუძლებლად მიაჩნდა. არადა, პირველად რომ ნახა ილიკო (მსახიობი სანდრო ჟორჟოლიანი. - ავტ.) და ილარიონი (მსახიობი გრიგოლ კოსტავა. - ავტ.) სცენაზე, ძალიან მოეწონა. ზურიკელას როლი იმხანად ძალიან ახალგაზრდა ლეო ანთაძემ შეასრულა, განსაკუთრებით წარუშლელი შთაბეჭდილება კი ნოდარზე გენიალური სესილია თაყაიშვილის ოლღა ბებიამ დატოვა. ქალბატონი სესილია მართლაც მოვლენა იყო. "მე ვხედავ მზეშიც" ორი მსახიობი აღმოვაჩინეთ - გოგი ქავთარაძე და ქეთინო კიკნაძე სოსოიასა და ხატიას როლებში... მრავალ წელიწადს ვასწავლიდი თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, რექტორიც ვიყავი და მახსოვს, აბიტურიენტების 70 პროცენტი ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებს კითხულობდა მხატვრული კითხვის შესაფასებელ გამოცდაზე. განა ეადვილებოდათ და იმიტომ? - უყვარდათ, ძალიან ახლობელი იყო მათთვის.
ნოდარი ყველა თაობის მკითხველისა და მაყურებლისთვის იყო ახლობელი. და დღესაც ასეა - ახლაც ძალიან უყვართ, და არა მარტო საქართველოში. მახსოვს, საიდან აღარ ვიღებდით წერილებს. განსაკუთრებით ბევრს სესილიას უგზავნიდნენ. ერთხელ მითხრა: შეხედე, რა მომწერა თბილისელმა კაცმაო, - და წამიკითხა წერილი: "ქალბატონო სესილია, პატარა ბიჭი არ ვარ, 48 წლის კაცი ვარ. მყავს ოჯახი, მაგრამ უბედურება მჭირს - ვერაფრით ეწყობიან ერთმანეთს დედაჩემი და ჩემი მეუღლე. ამიტომ დედა მარტო ცხოვრობს სოფელში.
მე დღეს თქვენი სპექტაკლი ვნახე და ახლა თეატრიდან პირდაპირ სადგურში მივდივარ - სოფელში უნდა ჩავიდე და დედა წამოვიყვანო. თუ ჩემი მეუღლე შეძლებს მასთან ცხოვრებას, ხომ კარგი, თუ არა და, შინიდან წავიდეს". არ ვიცი, რა მოხდა ამ ადამიანში, მაგრამ ფაქტია, სპექტაკლმა ძალიან იმოქმედა, რადგან ასეთი რადიკალური გადაწყვეტილება მიაღებინა... ამიტომ ვამბობ, სწორედ ადამიანების სიყვარულით გაუძლო ნოდარმა იმდენ განსაცდელსა და ინფარქტებსაც კი. თუმცა, სამწუხაროდ, ბოლო საბედისწერო აღმოჩნდა, მაგრამ ამქვეყნად დატოვა არაჩვეულებრივი მეუღლე და გადასარევი შვილები - მანანა და ქეთი, რომლებიც წლების განმავლობაში უვლიან, ჰპატრონობენ მამის შემოქმედებას.
პ.ს. "ადამიანის სული გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხეული, იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია. ამიტომ, ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ, როგორმე უკვდავვყოთ ერთმანეთის სული. თქვენ ჩემი, მე სხვისი, სხვამ სხვისი და ასე დაუსაბამოდ, რამეთუ იმ სხვისი გარდაცვალების შემდეგ არ დავობლდეთ და მარტონი არ დავრჩეთ ამ ქვეყანაზე". (ნ. დუმბაძე, "მარადისობის კანონი").
ირმა ხარშილაძე
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)