სერგი კაპანაძე - ვმო-ში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით საქართველოს რუსეთის მსგავსი ვალდებულებები არ აუღია

სერგი კაპანაძე - ვმო-ში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით საქართველოს რუსეთის მსგავსი ვალდებულებები არ აუღია

რუსულ-ქართული შეთანხმების მიხედვით, რომელიც ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით გაფორმდა, საქართველოს რუსეთის მსგავსი ვალდებულებები არ აუღია.

ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მოლაპარაკებებზე ქართული მხარის წარმომადგენელმა სერგი კაპანაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბარში რუსეთის წარმომადგენლის ვიქტორ მედვედკოვის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

კაპანაძის განმარტებით, რუსული მხარე ვალდებულია, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციას მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოსთან, ასევე აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ვაჭრობის შესახებ. ქართულ მხარეს კი, მხოლოდ ქართულ-რუსული ვაჭრობის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება აქვს.

"რაც შეეხება დამატებით ინფორმაციას თუ რა შედის ცხინვალისა და აფხაზეთის მიმართულებით მიმავალ სავაჭრო კორიდორებში, აქვე უნდა აღვნიშნოთ, ამჟამად იქ არაფერი არ შედის დანარჩენი საქართველოს ტერიტორიიდან. ხოლო თუ მომავალში ამგვარი ვაჭრობა მაინც იქნება, ასეთ შემთხვევაში არ არის გამორიცხული, რომ ჩვენ ნებაყოფლობით ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციას ინფორმაცია მივაწოდოთ, მაგრამ ეს იქნება ვაჭრობა არა მესამე სახელმწიფოსთან, როგორც ეს რუსეთის შემთხვევაშია, არამედ ეს იქნება ჩვეულებრივ ტვირთების მოძრაობა, რომელიც ჩაჯდება საქართველოს სტრატეგიაში ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ და სამოქმედო გეგმაში", - განაცხადა კაპანაძემ.

მან ასევე უარყო მედვედკოვის განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველო ვალდებულია, აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ე.წ. საზღვარზე საბაჟო პუნქტები გახსნას. კაპანაძის განმარტებით, საბაჟო პუნქტების გახსნის ვალდებულება აქვს რუსეთს, რამდენადაც საქმე ეხება საგარეო ვაჭრობას. საქართველოს შემთხვევაში კი მხოლო ტერმინალების გახსნის საჭიროება დაფიქსირდა, ამასთან, არ არის დაკონკრეტებული, თუ რა ტიპის ტერმინალებზეა საუბარი.

"თუ ამ რეგიონებთან ვაჭრობა იარსებებს, ამ შემთხვევაში საუბარია ტერმინალებზე, სადაც განლაგდებიან საერთაშორისო დამკვირვებლები. თუ ჩვენ ასეთი ვაჭრობის შესაძლებლობა როდესმე გვექნება, ეს იქნება რეინტეგრაციის სამინისტროს საქმე, ეს სამინისტრო იქნება ამ სავაჭრო კომპანიების პარტნიორი და შესაძლებელია, ამ უწყების თანამშრომლები იყვნენ ამ ტერმინალებში", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

აღნიშნული განცხადებები მოლაპარაკებებში რუსული მხარის წარმომადგენელმა, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სავაჭრო მოლაპარაკებების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მაქსიმ მედვედკოვმა ჟურნალ "იტოგი"-სთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. მისი თქმით, მოლაპარაკებების პროცესში საქართველომ რუსეთის მსგავსი ვალდებულები აიღო და ამგვარად საერთაშორისო ვაჭრობაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელი სტატუსის აღიარა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა