ფრაქცია "ძლიერი საქართველოს" თავმჯდომარემ, დეპუტატმა გია თორთლაძემ ბიძინა ივანიშვილი ”რუსული ფულით ქვეყნის შიგნით არეულობის მცდელობაში” პარლმენტის ტრიბუნიდანაც დაადანაშაულა.
როგორც გია თორთლაძემ პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, ამის შესახებ უკვე ისაუბრა გუშინდელ ბრიფინგზე, თუმცა სურს, რომ განცხადება პარლამენტის სხდომათა დარბაზიდანაც გააკეთოს.
მისი თქმით, მიმდინარეობს რუსული ფულის ფართომასშტაბიანი გავრცელება ქართულ პოლიტიკურ სივრცეში.
თორთლაძემ აღნიშნა, რომ გააქტიურდა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არის რუსი ოლიგარქი და არა ქართველი პოლიტიკოსი; იგი ცდილობს, იყიდოს პოლიტიკური პარტიები.
"მე მაქვს უტყუარი ინფორმაცია", - განაცხადა გია თორთლაძემ და დასძინა, რომ ირაკლი ალასანიას პარტია, "რესპუბლიკელები", ზვიად ძიძიგური, კობა დავითაშვილი და ექსპერტთა საბჭო სრულად ფინანსდება ბიძინა ივანიშვილისგან.
თორთლაძე დარწმუნებულია, რომ ახალი კანონპროექტი პოლიტიკური პარტიების გაერთიანებების შესახებ თავიდან ააცილებს საქართველოს უცხო ქვეყნის ოლიგარქების ჩარევას.
"მე მაქვს უტყუარი ინფორმაცია იმ პირებისაგან, ვინც წარმოადგენენ უახლოეს გარემოცვას იმ ადამიანებისა, რომელთაც ეს ფული აიღეს ან აპირებენ აიღონ. ეს გახლავთ არაქართული წარმომავლობის ფული, ეს არის რუსული ფული. ძალიან დიდი ფული, "გაზპრომის" ფული და ხმარდება საქართველოში შიდა არეულობის ინსპირირებას", - დასძინა გია თორთლაძემ.