2009 წლის 26 აპრილს, დილის 5 საათზე, სანდრო ეულის ქუჩაზე სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა.
შენობაში, სადაც სატელევიზიო შოუ "ვარსკვლავების აკადემია" მზადდებოდა, პარალელურად სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობდა, რომლის არასწორად წარმოებამ გამოიწვია შენობის იმ ნაწილის ჩამონგრევა, რომელშიც შოუს მონაწილენი და "რუსთავი 2"-ის თანამშრომლები - მემონტაჟეები და ჟურნალისტები იმყოფებოდნენ. 17-საათიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა ნანგრევებში გიორგი გაბუნიასა და ნიკა გელაშვილის ცხედრები იპოვეს. სარეკონსტრუქციო სამუშაოებს კომპანია "არტიქსი" ასრულებდა და არაოფიციალური ვერსიით, შენობის ნგრევა საყრდენი კედლების გამოცლამ თუ დასუსტებამ გამოიწვია.
შემთხვევის ადგილზე მისულმა საქართველოს პრეზიდენტმა შესაბამის უწყებებს საქმის შესწავლისათვის 10 დღე მისცა. მას შემდეგ თითქმის სამი წელიწადი გავიდა და სწორედ იმის გამო, საქმე რომ კარგად "შეისწავლეს", სამართლის აღსრულება ჭიანურდება. ტრაგედიასთან პირისპირ დარჩენილი ნიკა გელაშვილის დედა და მეუღლე ბრძოლას განაგრძობენ და იმედოვნებენ, ის დროც მოვა, როცა ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა.
ნუცა თოფჩიშვილი, ნიკა გელაშვილის დედა:
- 26 აპრილსვე დაიწყო გამოძიება და მომხდარი დაკვალიფიცირდა სსკ-ს 240-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით. საქმის წინასწარი გამოძიების ეტაპზე გამოიკვეთა, რომ "რუსთავი 2", ანუ მესაკუთრე, აწარმოებდა სარეკონსტრუქციო სამუშაოებს, რისი ნებართვაც არ ჰქონდა. სამშენებლო სამუშაოები მან დაუკვეთა "ჯორჯიან ბილდინგ კორპორეიშენსა" და შპს "არტიქსს". გამოძიება მიკერძოებულად წარიმართა, რის შემდეგაც ბრალი წაუყენეს, შემდეგ კი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლეს კომპანია "არტიქსის" სამუშაოთა მწარმოებელი დავით გვასალია. გამოძიებამ არ გაითვალისწინა, რომ გვასალია არ იყო და ვერც იქნებოდა ნებართვის მოპოვებაზე უფლებამომოსილი პირი, შესაბამისად, მას არ შეიძლებოდა პასუხი ეგო იმ წესების დარღვევისთვის, რომელიც ნებართვით არ იყო დამტკიცებული.
გვასალია იმიტომ დააკავეს, რომ მან საკუთარ თავზე აიღო ყველაფერი, რითაც მტკიცდებოდა სხვა იურიდიული და კერძო პირების ბრალი კერძოდ, მან პასუხისმგებლობა ააცილა კომპანია "არტიქსს", "რუსთავი 2"-ის იმჟამინდელ გენერალურ დირექტორ ირაკლი ჩიქოვანს, რომელმაც ისე დაუკვეთა სამუშაოები "ჯორჯიან ბილდინგ კორპორეიშენის" ხელმძღვანელობას, რომ არ ჰქონდა არც ნებართვა და არც დამტკიცებული პროექტი, აგრეთვე - თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურს. სასამართლო პროცესი ნორმალურად რომ წარმართულიყო, ყველა ჩამოთვლილი პირი უნდა დაკითხულიყო და პასუხიც ეგო. მაგრამ მათი გვარებიც კი არ გახმაურებულა. გვასალია კი სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს საპროცესო გარიგების საფუძველზე.
თეა კახიანი, ნიკას მეუღლე:
- სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაში გარკვევით წერია, რომ ჩატარებულია სარეკონსტრუქციო სამუშაოები და მას სჭირდებოდა პროექტი, რომელიც შეთანხმებული უნდა ყოფილიყო მერიის არქიტექტურის სამსახურთან. არც გამოძიებამ და არც სასამართლომ ამ ფაქტებზე რეაგირება არ მოახდინა. პროცესი არ გამართულა, პირდაპირ საპროცესო გარიგებით გაუშვეს ადამიანი შინ.
ამჟამად მიმდინარეობს სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეზე. ჩვენ მივმართეთ სასამართლოს და მოვითხოვეთ კომპენსაცია. ჩვენს უფლებებს იცავს საია-ს ადვოკატი ლალი პეტრიაშვილი. პროცესი დაიწყო გაზაფხულზე და ჯერ მხოლოდ მოსამზადებელი სხდომები ჩატარდა, საქმეს აჭიანურებენ, თუმცა ეს ჩვენც ხელს გვაძლევს - იქნებ რამე შეიცვალოს, ყოველთვის ესენი ხომ არ იქნებიან ხელისუფლების სათავეში?! მოპასუხეა 5 მხარე - "რუსთავი 2", "ჯორჯიან ბილდინგ კორპორეიშენი". "არტიქსი", მერიის ზედამხედველობის სამსახური და დავით გვასალია.
თითქმის ყველა მათგანს იცავს ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი, რომელიც ცნობილია, როგორც სახელისუფლებო ადვოკატი. იგი გვპირდება, დავამტკიცებ, რომ ნიკა გელაშვილი არ იყო ოჯახის მარჩენალიო. დაახლოებით 7 თვის წინ საჩივარი გავგზავნეთ სტრასბურში. ვიცით, რომ ამას დრო სჭირდება, მაგრამ არსად გვეჩქარება, ამ საქმეს მაინც ბოლომდე მივიყვანთ. ისინი თუ აღიარებენ, რომ მოვალენი არიან, კომპენსაცია გადაიხადონ, ამით დანაშაულს აღიარებენ.
ამ საქმეში იმდენი უკანონობა და იმდენი დანაშაული იმალება, ბუნებრივია, არ სურთ, ამოტივტივდეს. ვიდრე სასამართლო პროცესი დაინიშნებოდა, ადვოკატმა ყავლაშვილმა დამირეკა და მითხრა, იქნებ, მოვრიგდეთ და რა თანხასაც ითხოვთ, გადმოგცემთო - მას აინტერესებდა ჩვენი პოზიცია და როცა დარწმუნდა, რომ ჩვენ სიმართლის მიღწევა უფრო გვაინტერესებდა, აღარ დაურეკავს. ჩვენი მიზანია გვქონდეს სამართალიანობის განცდა. ძნელია, დაკარგო უახლოესი ადამიანი და თან ამდენ უსამართლობას წააწყდე. ყველა გაურბის პასუხისმგებლობას, ამაზრზენია, როცა მათ ზურგს უმაგრებენ თანამდებობის პირები და ხელისუფლება. თუნდაც იმიტომ უნდა ვიბრძოლოთ, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს და პირნათელნი ვიყოთ ნიკას წინაშე. იმედი მაქვს, მოვა დრო და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა.
არ შემიძლია არაფერი ვთქვა თამარ ჩერგოლეიშვილზე, რომელიც, ფაქტობრივად, დამნაშავეების მფარველია - მისი და, რუსუდანი, "არტიქსის" დირექტორი, უშუალოდ არის პასუხისმგებელი იმ დანაშაულზე, რაც მოხდა 26 აპრილს. რუსუდან ჩერგოლეიშვილის დამსახურებაა ის, რომ დღეს ორი ადამიანი ცოცხალი აღარ არის. ცინიზმია, ეს ქალბატონი ლიბერალიზმზე, ადამიანის უფლებებზე და მაღალ მატერიებზე რომ ლაპარაკობს. ნორმალურ საზოგადოებაში მას სიტყვის უფლება არ ექნებოდა, მან და მისნაირებმა მორალი არ უნდა გვიკითხონ.
თამარ ჩერგოლეიშვილი მცირე ხნით ამოტივტივდა და ძალიან მალე უკან, ფსკერზე დაეშვება. რომ გამობრძანდება და პატივსაცემ ადამიანებს ქსენოფობიაში ადანაშაულებს, მე თამარ ჩერგოლეიშვილსა და მის ოჯახს ვადანაშაულებ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში. მაგრამ არ გვაქვს სასამართლო, ეს რომ დავუმტკიცო. იმედი მაქვს, მალე გვექნება და დავუმტკიცებ კიდეც. მისი დის, რუსუდანის მეუღლე, კახა ნინუა აქტიურად არის ჩართული სახელისუფლებო ბიზნესში.
ნუცა თოფჩიშვილი:
- სწორედ ეს ხალხი ფიგურირებს იმ საქმეში, რასაც პრესის გამავრცელებელ ჯიხურებზე შეტევა ჰქვია. თამარ ჩერგოლეიშვილი ეკრანიდან თუ თავისი ჟურნალიდან ბედავს და ლაპარაკობს სიტყვის თავისუფლებაზე, არადა, ის არის ჩვეულებრივი დამნაშავე, დამნაშავეთა მფარველი. ის და მისი მსგავსნი რომ არა, სასამართლო პროცესიც შედგებოდა და დამნაშავეებიც დაისჯებოდნენ.
ირაკლი ჩიქოვანი, რომელიც, წესით, ციხეში უნდა იჯდეს, დღეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეა. იგი იყო ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დირექტორი. მისმა კომპანიამ დაიწყო რეალითი შოუ და ახალგაზრდები შეუშვა შენობაში, სადაც მიმდინარეობდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები. მან არ იზრუნა თანამშრომლების უსაფრთხოებაზე.
როცა ნანგრევებში ჩვენს შვილებს ვეძებდით, შემთხვევის ადგილზე მოვარდა სააკაშვილი და თქვა, 10 დღეში საქმე გამოძიებული იყოს და დამნაშავე დაჭერილი დამხვდესო. როცა დამნაშავეთა ვინაობა შეიტყვეს, ამაზე ლაპარაკიც კი შეწყვიტეს. ირაკლი ჩიქოვანი დააწინაურეს და სააკაშვილმა ასე გადაუხადა მადლობა დამნაშავეს. ორი ახალგაზრდა დაიღუპა, რამდენიმე დაშავდა და ეს არაფერს ნიშნავს? მე ერთადერთი ვაჟკაცი დავკარგე, ჩემმა შვილიშვილმა - საუკეთესო მამა და ვიდრე სიმართლეს არ მივაღწევ, არ გავჩერდები!
ნანა ფიცხელაური
![]()
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)