"იმ თეთრ როიალზე, რომელზეც ახლა ბიძინა ივანიშვილის შვილები კლიპებში უკრავენ, დავუკარი და ვიმღერე"

"იმ თეთრ როიალზე, რომელზეც ახლა ბიძინა ივანიშვილის შვილები კლიპებში უკრავენ, დავუკარი და ვიმღერე"

კონცერტმაისტერი ლეილა სიყმაშვილი თითქმის 40 წლის განმავლობაში მუშაობდა რუსთაველის თეატრში. მიიჩნევს, რომ კონცერტმაისტერად ბალეტმა ჩამოაყალიბა, რადგან მანამდე 11 წლის განმავლობაში ვახტანგ ჭაბუკიანთან იმუშავა. ქალბატონ ლეილას ძალიან საინტერესო ცხოვრება აქვს განვლილი.

ბოლო 8 წელი მოსკოვში, სტალინის მეუღლის, ნადეჟდა ალილუევას ძმისშვილის ოჯახში იცხოვრა. 70 წლის ქალბატონი რამდენიმე თვის წინ საქართველოში დაბრუნდა და აღარსად აპირებს წასვლას:

- პლეხანოვზე დაბადებულ-გაზრდილი ქალი ვარ. ჩემი სახლი ერთ მშვენიერ დღეს ჩამოინგრა და ქუჩაში დავრჩით. ამიტომ დავკარი ფეხი და მოსკოვში წავედი. იქ მადლიანმა ხალხმა, ალილუევების ოჯახმა შემიფარა. ვცხოვრობდი სტალინის მეუღლის ძმისშვილთან, კირა ალილუევასთან, რომელიც თვე-ნახევრის წინ 88 წლისა გარდაიცვალა. კირასთან მე და ჩემი შვილიშვილი, გიორგი ალადაშვილი ისე ვცხოვრობდით, როგორც საკუთარ სახლში.

- როგორ დაუახლოვდით ამ ოჯახს?

- 1984 წელს თბილისში ჩამოვიდა სტალინის ქალიშვილი სვეტლანა, რომელიც ახლახან 84 წლისა ამერიკაში, მოხუცთა პანსიონში გარდაიცვალა. მან თან ჩამოიყვანა თავისი ქალიშვილი ოლგა-ქრისტინა პიტერსი. ერთ დღეს დამირეკა. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც შევიტყვე, რომ სტალინის ქალიშვილი ლაპარაკობდა... სხვათა შორის, სანდრო ახმეტელი, რომელიც სტალინის რეპრესიებს შეეწირა, დედაჩემის, ელიკო ახმეტელის ბიძაშვილი იყო... მოკლედ, მითხრა, თქვენთან თეატრალური ინსტიტუტის რექტორმა ეთერ გუგუშვილმა დამაკავშირა, ჩემს შვილს, 14 წლის ოლგა-ქრისტინას სურს ფორტეპიანოზე დაკვრისა და ქართული სიმღერების შესწავლა და თქვენ უნდა ასწავლოთო... ორი წლის განმავლობაში მათთან დავდიოდი და ოლგა-ქრისტინას დაკვრას და სიმღერას ვასწავლიდი. სხვათა შორის, სვეტლანა ამერიკაში ქმრის გვარზე გადავიდა, სახელიც შეიმოკლა და დაირქვა ლანა პიტერსი.

- ლამაზი ქალი იყო სვეტლანა?

- პირიქით, სვეტლანა საკმაოდ შეუხედავი იყო. ბებიას, სტალინის დედას, კეკეს ჰგავდა. ჭორფლიანი და წითური იყო. ორი წლის განმავლობაში ოლგა-ქრისტინა ისე შემეჩვია, რომ დედას მეძახდა, რაზეც სვეტლანა გიჟდებოდა. ძალიან ეჭვიანი ქალი იყო. 1986 წლის თებერვალში მოულოდნელად წავიდნენ საქართველოდან და ლონდონში დასახლდნენ, წლების შემდეგ კი ამერიკაში გადავიდნენ საცხოვრებლად. ლონდონიდან ხშირად მირეკავდნენ, ამერიკიდან კი მხოლოდ ორჯერ დამირეკეს. სხვათა შორის, სვეტლანას მოსკოველ ალილუევებთანაც გაუწყვეტია ურთიერთობა. მისი ნათესავები ამბობდნენ, უცნაური ქალიაო. დეპრესიული იყო. ლონდონში სმა დაუწყია და საშინელი სიმთვრალე ჰქონდა, თუმცა სტალინის შვილი როგორ შეიძლება ნორმალური ყოფილიყო?

- სვეტლანა მამას ახსენებდა?

- სულ სტალინზე ლაპარაკობდა, მომიყვა, დედა რომ გარდაიცვალა, პირველად შევედი მამას კაბინეტში და როდესაც წიგნებით გატენილი უზარმაზარი სტელაჟები დავინახე, გავოგნდი. თვალი მოვკარი ძალიან სქელ წიგნს და ვკითხე, რა წიგნია-მეთქი, მიპასუხა, ბიბლიააო. როდესაც ვკითხე, შენ ხომ ამბობ, ღმერთი არ არსებობსო, თავზე ხელი გადამისვა და მითხრა, როგორ არ არსებობსო.

- ვიცი, რომ უამრავ რუს გამოჩენილ მსახიობთან და ხელოვანთან მეგობრობდით...

- ეს ბედნიერება ნამდვილად მხვდა წილად. 1987 წელს ლენინგრადის თეატრი მარკ ზახაროვის ხელმძღვანელობით ჩამოვიდა გასტროლზე. ევგენი ლეონოვის, საშა აბდულოვის, ოლეგ იანკოვსკის, კოლია კარაჩენცოვის და ირინა ალფეროვას ერთ-ერთი მასპინძელი მეც ვიყავი. იმხანად "ჟიგული" მყავდა და დავატარებდი აქეთ-იქით. სხვათა შორის, ირინა ალფეროვა ქვაშვეთში მოვნათლეთ. მისი ნათლია მსახიობი ზეიკო ბოცვაძე გახლდათ. საშა აბდულოვი დედას მეძახდა და ყოველთვის წინა სავარძელზე მეჯდა. ერთ-ერთი სპექტაკლის დასრულების შემდეგ, საშა წინ ჩამიჯდა, უკან დასხდნენ იანკოვსკი, ლეონოვი და ზბრუევი, კარაჩენცოვის ადგილი აღარ იყო. ის დაუფიქრებლად ჩაჯდა საბარგულში, ფეხები გარეთ გადმოკიდა და მითხრა, წავედითო. ზემელზე ინსპექტორმა გამაჩერა, ამდენი ვარსკვლავი რომ დაინახა, გადაირია. კრინტი არ დაუძრავს, ისე გაგვიშვა...

ერთ დღეს პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილს ვესტუმრეთ. წავიდა სმა და ქეიფი. ისეთი ანეკდოტები მოვყევი, ლეონოვი სიცილისგან ორჯერ გადმოვარდა სკამიდან. მერე მე შევთავაზე ლეონოვს, ახლა შენი ჯერია-მეთქი, მითხრა, "პიანისტკა" სულელი კი არ ვარ, შენ შემდეგ ანეკდოტი მოვყვე, ამ საქმეში პრემია გეკუთვნისო. სწორედ მათი გასტროლისას დაოჯახდა მსახიობი ტრისტან სარალიძე და ქორწილი ზესტაფონში, ცოლეურებთან გადაიხადა. ქორწილამდე სამი დღით ადრე ჩავედით ზესტაფონში... იქ მაგათ მოილხინეს და დრო ატარეს!.. ტრისტანის სიმამრი მეცხრე ცაზე დაფრინავდა, - ეს რა სიძე შემომივიდაო. ზესტაფონელები ხომ, საერთოდ, ამ ხალხის დანახვაზე ჭკუიდან შეიშალნენ. კვირას დილით ნაქეიფრები, "დაბიჟვინებულები" ჩემი მანქანით წამოვედით და გორთან მანქანის მოტორის ღვედი გაწყდა. არადა, 11 საათზე სპექტაკლი ჰქონდათ. ვაჩერებთ გამვლელ-გამომვლელს, მაგრამ სათადარიგო "რემენი" არავის აღმოაჩნდა. ბოლოს ერთმა მითხრა, ეს "ჩულქი" გაიხადე და ღვედის ნაცვლად გადავჭიმავო... მოკლედ, ჩემმა "ჩულქმა" მთელი დასი გადაარჩინა ზახაროვის რისხვას.

- თქვენ ქართველ ვარსკვლავებთანაც ახლობლობდით...

- ქართველი ვარსკვლავები... საქართველოს ერთადერთი ვარსკვლავი ჰყავდა და ისიც ჩაესვენა - რამაზ ჩხიკვაძე. ჩემს ხელში დალია სული. 50 დღის განმავლობაში მის  სასთუმალთან ვიჯექი. ცხოვრებაში სამი დიდი ტრავმა მივიღე: მამის, გია ფერაძისა და რამაზ ჩხიკვაძის გარდაცვალების გამო. 

- გია ფერაძეც თქვენი უახლოესი მეგობარი იყო?

- მე და გიას საოცარი მეგობრობა გვქონდა. მკაცრი დედა მყავდა და გვიან არსად მიშვებდა. ამიტომ გიას ჩემი სადმე წაყვანა რომ მოუნდებოდა, შეცვლილი ხმით რეკავდა და დედას აგიჟებდა, ხან გიორგი ცაბაძედ ასაღებდა თავს და ხანაც ვაჟა აზარაშვილად, - თქვენი შვილი მჭირდება და სასწრაფოდ გამოუშვითო..

- საინტერესოა თქვენი პირადი ცხოვრებაც...

- პირველად 15 წლის ასაკში შემიყვარდა და დღემდე მიყვარს. ჩვენი ოჯახები მეგობრობდნენ, ჩვენ კი ჩუმად გვიყვარდა ერთმანეთი. ორი წელი გაგრძელდა ეს "იდილია", მაგრამ ჩვენი ამბავი დედამისმა გაიგო, ერთი ამბავი ატეხა და... დაგვაშორა. ისე აღარავინ მყვარებია. 25 წლის ასაკში კი დავოჯახდი. მეუღლე, ასე ვთქვათ, ოჯახური სიყვარულით მიყვარდა, რაც პირველ სიყვარულს ვერ შეედრება... ჩემი მეუღლე დიდი ხნის წინ გარდაიცვალა და მას შემდეგ ოჯახი აღარც შემიქმნია. მიმაჩნია, რომ ჭკვიანი ქალი მეორედ არ უნდა გათხოვდეს.

- ბიძინა ივანიშვილის სტიპენდიას თქვენც იღებთ?

- დაახლოებით ერთ წლის წინ 500 ლარი დამენიშნა. დღემდე ამ პენსიით ვცხოვრობ. საოცარ საქმეს აკეთებს ბატონი ბიძინა. უპუროდ დარჩენილ მსახიობებს აპურებს.

- იცნობთ ბატონ ბიძინას?

- ვფიქრობ, მას არ ვახსოვარ. როდესაც ბიძინა ივანიშვილი მოსკოვში ცხოვრობდა, ერთ-ერთ გასტროლზე ჩვენს სპექტაკლს, "კავკასიურ ცარცის წრეს" დაესწრო და საღამოს თავის ოჯახში მიგვიპატიჟა. მის სახლში, იმ თეთრ როიალზე, რომელზეც ახლა ბიძინა ივანიშვილის შვილები კლიპებში უკრავენ, დავუკარი და ვიმღერე.

- საქართველოში აპირებთ დარჩენას?

- რა თქმა უნდა. არსად აღარ წავალ. 51 წლის განმავლობაში ვიმუშავე და უკვე საკმარისია.

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"