საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პუნქტი კანონმდებლობაში სრულად აისახა.
ამის შესახებ "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა კაციტაძემ განაცხადა, პარტიის ოფისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებისათვის შესაფერისი გარემოს შექმნის მიზნით, საარჩევნო კანონმდებლობაში შევიდა ცვლილებები, რომლებიც ობიექტურად უპრეცედენტოა უკანასკნელი წლების მანძილზე მიღწეულ ცვლილებებს შორის.
"ცხადია, ეს არ გულისხმობს იმას, რომ ჩვენ მივიღეთ იდეალური საარჩევნო კოდექსი, მაგრამ ამ ცვლილებებმა ერთმნიშვნელოვნად შექმნა გარემო, რომელიც ბევრად უკეთეს შანსს აჩენს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებისა და არჩევნების მიმართ მოსახლეობის ნდობის დაბრუნებისათვის ქვეყანაში", - აღნიშნა კაციტაძემ.
მისივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმების ყველა პუნქტი სრულად არის ასახული კანონმდებლობაში, არის ცალკეული საკითხები, რომელთა გათვალისწინება საარჩევნო კოდექსში კიდევ უფრო ეფექტურს გახდიდა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისათვის გადადგმულ ნაბიჯებს.
როგორც კაციტაძემ აღნიშნა, პირველ რიგში ეს არის ცალკეული ცვლილებები, რომლებზეც თავდაპირველი შეთანხმება არ არსებობდა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის და რომელთა მისაღებად მმართველი პარტიის მხრიდან ვენეციის კომისიის რეკომენდაციები იქნა მოშველიებული.
"მათ შორის იგულისხმება ვიდეოთვალის გაუქმება საარჩევნო უბნებზე; პარტიათა დაფინანსების გამჭვირვალეობის უზრუნველსაყოფად ბუნდოვანი მუხლების შემოტანა, რაც სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის და საკუთარი შეხედულებისამებრ გამოყენების შანსს იძლევა ხელისუფლებისთვის", - განაცხადა მან.
ამასთან, კაციტაძე ნეგატიურად აფასებს გუბერნატორების მონაწილეობის დაშვებას საარჩევნო კამპანიაში, რომელიც, მისივე თქმით, სწორედ ვენეციის კომისიის რეკომენდაციის საწინააღმდეგოდ განახორციელა ხელისუფლებამ.
მიუხედავად ამისა, "ახალი მემარჯვენეები" მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც არის რესურსი ამ ნეგატიური მხარეების გამოსწორებისთვის დამატებით ცვლილებების განსახორციელებლად.
საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებები პარლამენტმა 27 დეკემბერს დაამტკიცა.