პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურს ნათია მოგელაძე უხელმძღვანელებს

 პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურს ნათია მოგელაძე უხელმძღვანელებს

კონტროლის პალატაში პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურს ნათია მოგელაძე უხელმძღვანელებს.

მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი დღევანდელ ბრიფინგზე კონტროლის პალატის თავმდჯომარემ, ლევან ბეჟაშვილმა წარადგინა.

ამასთან, ჟურნალისტებმა დღეს ვერ მიიღეს ინფორმაცია ნათია მოგელაძის ბიოგრაფიის შესახებ. თუმცა, არსებული ინფორმაციით, მოგელაძე პროფესიით იურისტია და მთავარ პროკურატურაში პროკურორად მუშაობდა.

კონტროლის პალატას, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, დაევალა საქართველოში რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის კანონიერებასა და გამჭვირვალობაზე მონიტორინგის განხორციელება.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, პარტიებისთვის საინტერესო ინფორმაცია განთავსდება კონტროლის პალატის ვებგვერდზე. პარტიებს ექნებათ საშუალება, ნებისმიერი კითხვა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ გააგზავნონ კონტროლის პალატის ელექტრონული მისამართზე: info_cpu@control.ge.

მისივე თქმით, კონტროლის პალატამ ცხრილების სახით შეიმუშავა ანგარიშგების ფორმა, რომელიც განთავსებულია პალატის ვებგვერდზე. ასევე, პოლიტიკური პარტიების მიერ ინფორმაცია ნებისმიერი სახის შემოწირულობის მიღების შესახებ უნდა გადაიგზავნოს ელექტრონული ფორმით: cpu@control.ge.

კონტროლის პალატის ვებგვერდზე განთავსებულია ყოველწლიური ფინანსური დეკლარაციის პროექტი, რომლის მიხედვითაც, ფინანსური საქმიანობის შესახებ ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება პოლიტიკურ პარტიებს 2012 წლის 1-ელ თებერვლამდე აქვთ.

ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, დღეიდან პოლიტიკურ პარტიებს გაეგზავნათ შესაბამისი წერილები. მათ დაევალათ, გამოყონ პასუხისმგებელი და საკონტაქტო პირები პარტიის ფინანსურ საქმიანობასთან დაკავშირებით. ასევე, კონტროლის პალატა აქტიურ კონსულტაციებს გაუწევს პოლიტიკურ პარტიებს საკუთარი ფინანსური ანგარიშების წარდგენის პროცედურებთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, ბეჟაშვილის თქმით, ნებისმიერი შემოწირულობის შესახებ პოლიტიკურმა პარტიამ კონტროლის პალატას ინფორმაცია უნდა მიაწოდოს შემოწირულობის განხორციელებიდან 3 დღის ვადაში. საარჩევნო კამპანიის განმავლობაში კი, ფინანსური ანგარიშები პარტიებმა სამ კვირაში ერთხელ უნდა წარადგინონ.

რაც შეეხება პირველ ფინანსურ ანგარიშებს, კანონის მიღების შემდეგ პოლიტიკური პარტიები ვალდებულები არიან, ანგარიშები წარადგინონ 1-ელ თებერვლამდე; ანგარიში უნდა მოიცავდეს 2011 წლის პირველი ნოემბრიდან 2012 წლის 1-ელ იანვრამდე პერიოდს.

კონტროლის პალატაში იმედოვნებენ, რომ პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთთანამშრომლობა იქნება ნაყოფიერი, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პარტიების ფინანსური საქმიანობისა და ზოგადად საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობას.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა