ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერის - მაგდა ანიკაშვილის ცხოვრებაში ერთი წლის წინ მნიშვნელოვანი რამ მოხდა - ის დედა გახდა. მაგდას პატარა გათხოვებიდან 10 წლის შემდეგ შეეძინა. ამ ფაქტმა პოლიტიკოსი ქალბატონი რადიკალურად შეცვალა და შეიძლება ითქვას, რომ დღესდღეობით მთლიანად შვილის აღზრდაზეა გადართული. ახალბედა დედას შინ ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე ვეწვიეთ და მასთან არაპოლიტიკური ინტერვიუ ჩავწერეთ.
- მაგდა, მეჩვენება, რომ დრო სწრაფად გარბის... რამდენიმე დღეში კარს ახალი 2012 წელი შემოგვიღებს. რას იტყვით ამაზე?
- დრო მართლაც სწრაფად გარბის. როცა სკოლის მოსწავლე ვიყავი, მეჩვენებოდა, რომ ყველაფერი თავის რიტმში იყო, სტუდენტობიდან მოყოლებული კი მუდმივად იმის განცდა მაქვს, რომ დრო სადღაც გარბის... ცნობილია, ახალი წლის შემობრძანება ყველაზე მეტად პატარებს უხარიათ, მაგრამ ბავშვობიდან მოყოლებული, ამ დღესასწაულს მეც განსაკუთრებულად ველოდები.
- ნაძვის ხის სათამაშოებს ყოველწლიურად აახლებთ?
- ეს აუცილებელიც კია! ძალიან მიყვარს ნაძვის ხის სათამაშოები, სამშვენისები და ვცდილობ, ყოველ წელს რაღაც ახალი შევმატო, ფერებიც თავისებურად შევახამო - არის ამაში თავისებური ხიბლი, ეს ჩემთვის ერთგვარი გასართობია. წელს ალექსანდრეს გამო პატარა ნაძვის ხე გვაქვს; დიდის მორთვა კი გვინდოდა, მაგრამ ბავშვი ახლა იდგამს ფეხს და რომ წარმოვიდგინეთ, რა ბედი შეიძლებოდა სწვეოდა იატაკზე დადგმულ დიდ ნაძვის ხეს, მისი მორთვა გადავიფიქრეთ. ალექსანდრე ჩვენი პატარა ნაძვის ხისკენ გამუდმებით იშვერს ხელს, უნდა მისწვდეს და მოქაჩოს. ვინაიდან ყველაფერს პირში იდებს, ჩასაფრებულები ვართ, რომ ხელი არაფერზე წაუცდეს. არადა, ამას ისეთი სისწრაფით აკეთებს, გაოცდებით.
- ყოველ ახალ წელს განსაკუთრებული განცდა მაქვსო, - მითხარით. მაინც, რას ელოდებით ამ ახალი წლისგან?
- მგონია, რომ ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი უნდა დაიწყოს, რაღაც შეიცვალოს. ყოველ შემთხვევაში რაღაც გეგმა, იდეა თუ მაქვს, ვამბობ, - ამას ახალი წლის შემდეგ განვახორციელებ-მეთქი. ვცდილობ, ყოველი ახალი წელი წინა წლისგან განსხვავებული იყოს...
- რაიმე საახალწლო ტრადიცია ხომ არ გაქვთ? როცა საათი 12-ჯერ დარეკავს და ახალი წლის შემობრძანებას გვაუწყებს, პირველ რიგში, რას აკეთებთ?
- ახალი წელი ოჯახური დღესასწაულია, მაგრამ იყო პერიოდი, მაგალითად, სკოლის დამთავრებისას, როცა ასე არ ვფიქრობდი და ერთი სული მქონდა, როდის გავიდოდი სახლიდან, რათა ახალი წელი თანაკლასელებთან ერთად აღმენიშნა; ახლა პირიქით - ამ დღესასწაულს ოჯახში ვეგებები და ჩემი საახალწლო ტრადიციაც ესაა. თუმცა, ისიც სასიამოვნოა, როცა დამდეგს თოვლიან კურორტზე ხვდები, მაგრამ მე მაინც მირჩევნია, ამ დღეს ოჯახში ვიყო.
- ბოლო რამდენიმე წელია, ქართველები ახალ წელს ქუჩაში, დიდ მოედნებსა და საზეიმო კონცერტებზე ხვდებიან...
- ალბათ, ესეც სახალისოა, მაგრამ ასეთ ადგილებში სიარული არ მიყვარს. ეს არასდროს მიცდია და უფრო მეტიც, ამის სურვილი არასდროს მქონია.
- 31 დეკემბერს წინასაახალწლო სამზადისი პიკს აღწევს. ამ დღეს თქვენ რას საქმიანობთ?
- ამ დღეს, როგორც დიასახლისი, საკმაოდ აქტიური ვარ და ვცდილობ, საახალწლოდ განსაკუთრებული კერძები მოვამზადო. დარწმუნებული ვარ, რომ კერძის მომზადებისას დიასახლისის განწყობილებაზე ბევრი რამაა დამოკიდებული - ეს კერძის გემოზეც აისახება. სხვათა შორის, თავისებური ხიბლი აქვს იმასაც, როცა სამზარეულოში ტრიალით იღლები...
- ალბათ, გოზინაყიც კარგი გამოგდით...
- ჩვენს ოჯახში გოზინაყის მომზადება უფროსი თაობის პრეროგატივაა, თუმცა ნიგვზის დაჭრაში ვმონაწილეობ - ეს "შავი საქმე" ჩემი გასაკეთებელია.
- რომელ კერძს ამზადებთ განსაკუთრებულად გემრიელს?
- ბაჟეს და საერთოდ - ნიგვზიან კერძებს. ასევე, კარგად ვამზადებ სალათებსაც...
- ოჯახის წევრებს საახალწლო საჩუქრებს თუ უმზადებთ?
- რა თქმა უნდა, მაგრამ ამჯერად მთავარი ადრესატი - ალექსანდრეა. ბევრი ვიფიქრე, რა უნდა მეყიდა მისთვის. ბოლოს, რაღაც შევარჩიე, საგულდაგულოდ შევფუთე და ზუსტად 1-ელ იანვარს უნდა ვაჩუქო (იღიმის). ცოტა სასაცილო მდგომარეობაში ვარ: ალექსანდრე ძალიან პატარაა საიმისოდ, რომ მიხვდეს, რატომ მიართვეს შეფუთული საჩუქარი, მაგრამ მაინც ასე მოვიქცევი...
- როგორც ვიცი, თქვენი შვილი უკვე მეორედ ეგებება ახალ წელს...
- ალექსანდრე 2010 წლის ბოლოს, 16 ნოემბერს გაჩნდა ანუ 2011 ახალი წელი მისთვის პირველი იყო. იმის გამო, რომ სახლში ჩვილი გვყავდა, პირადად მე, საახალწლო სამზადისის თავი არ მქონდა; ახალი წლის ღამეს მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი: როცა მაშხალების სროლა ატყდება, მძინარეს ხმაურზე არ შეეშინდეს-მეთქი, მაგრამ ისე მშვიდად ეძინა, რომ არც არაფერი გაუგია. წელსაც ალბათ, იგივე განცდა დამეუფლება, რადგან ბავშვს 12 საათისთვის ღრმად ეძინება...
- მას მერე, რაც დედა გახდით, საკუთარ თავში რაიმე ახალი თვისებები ხომ არ აღმოაჩინეთ?
- თუ ასეთი მომთმენი და მშვიდი ვიქნებოდი, არ მეგონა. საერთოდ, ძალიან მიყვარს წესრიგი, მაგრამ როცა ბავშვი ყველაფერს თავდაყირა აყენებს, აბსოლუტურად წყნარად ვამბობ, - მერე რა მოხდა, ის ხომ თამაშობს-მეთქი?! ჩემებს არ მოსწონთ, ალექსანდრეს ყველაფრის უფლებას რომ ვაძლევ, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ შვილი არაფერში არ უნდა შევზღუდო; სითბოსა და სიყვარულში გაზრდილი პატარა მომავალში თბილი და მოსიყვარულე იქნება. მოკლედ, ბავშვის მიმართ სიმკაცრეს ვერ ვიჩენ. არ მესმის, მას როგორ უნდა გავეჯიბრო?..
- მის აღზრდაში ვინ გეხმარებათ?
- ისეთი ძიძა გვყავს, რომელთანაც ვმეგობრობთ. როცა სამსახურში ვარ, გამუდმებით იმაზე ვფიქრობ, რომ შინ დროზე წავიდე. მას მერე, რაც ჩემს ცხოვრებაში ალექსანდრე გაჩნდა, ყველაფერი სხვა - მეგობრებთან წასვლა, გართობა ჩემი ცხოვრების წესიდან ამოვარდა.
- თქვენს პარტიას საახალწლოდ რა ტრადიცია აქვს დამკვიდრებული?
- ამ დღესასწაულს ყოველ წელს აღვნიშნავთ. საკმაოდ დიდი სუფრა იშლება და იმ დღეს სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულ პარტიის წევრებს ვავლენთ, სპეციალური პრიზებით ვასაჩუქრებთ. ასევე, იმართება სხვადასხვა ვიქტორინაც...
- ყოველ ახალ წელს ჩემს ცხოვრებაში რაღაც ახალი ეტაპი იწყებაო, - აღნიშნეთ. 2012 წლისთვის რა გეგმები გაქვთ?
- ჩემთვის 2012 წელს ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ეტაპი უკვე სამსახურებრივი თვალსაზრისით იწყება. ეს წელი არა მარტო ჩვენი პარტიისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის პოლიტიკურად მნიშვნელოვანია; მართლაც, რომ გამოცდის წელია! 2012 ყველა პარტიისთვის ანგარიშის ჩაბარების წელი იქნება. გაირკვევა, რამდენად ღირებულია ის, რაც აქამდე ჩვენი მხარდამჭერებისთვის გაგვიკეთებია; გავიგებთ, გაგვიგრძელდება თუ არა ნდობის მანდატი, რომელიც 4 წლის წინ მოგვცეს. ასე რომ, საკმაოდ დაძაბული და მღელვარე წელი გველოდება...
- თქვენი პატარა ალბათ, ყოველდღიურად იცვლება...
- ეს მართლაც ასეა! ხანდახან, როცა აუცილებელი ვიზიტებისას ქალაქიდან 4-5 დღით მიწევს გასვლა, უკან დაბრუნებულს ბავშვი უკვე სხვანაირი მხვდება - თითქოს დაჭკვიანებული, გაეშმაკებული, რაღაც ახალი თვისებებიც აქვს შეძენილი. იმედია, ცოტა ხანში ლაპარაკსაც დაიწყებს.
- გატყობთ, დედობამ ძალიან შეგცვალათ. თქვენ და თქვენს მეუღლეს 10 წლის განმავლობაში, შვილი არ გყავდათ. იმ პერიოდს როგორ შეაფასებთ?
- იმ ქალბატონებისგან, რომლებსაც შვილი წლების განმავლობაში არ ჰყავდათ და შემდეგ გაუჩნდათ, ასეთი შეფასება ხშირად მომისმენია: აქამდე სად ვიყავიო? - რაც სიმართლე გითხრათ, მაკვირვებდა, მაგრამ დღეს მეც იმავეს ვიტყვი. კარგია, როდესაც ქალი ადრეულ ასაკში აჩენს შვილს. სხვა თუ არაფერი, ცხოვრების მანძილზე უფრო დიდხანს უწევს შვილთან ყოფნა. პოტენციურმა დედამ ბავშვის გაჩენა სამომავლოდ არ უნდა გადადოს. მერწმუნეთ, ქალისთვის დედობაზე მნიშვნელოვანი არაფერია!
- ე.ი. ნანობთ, რომ ბავშვი ადრე არ გააჩინეთ. ასეა?
- კი, ძალიან ვნანობ...
- ბავშვის გაჩენიდან ცოტა ხანში მეუღლეს დაშორდით. რა გახდა ამის მიზეზი?
- ამაზე ვერაფერს გეტყვით. ამ საკითხის გარჩევა ჩემი მხრიდან არასწორიც იქნება, მით უმეტეს, საახალწლოდ...
- თქვენთან მოსული ერთ ამბავს შევესწარი: აქ ახლა თქვენი ყოფილი მეუღლე მოვიდა, ბავშვს აჭამა, ეთამაშა, შემდეგ კი სასეირნოდ წაიყვანა... როგორც მივხვდი, პატარას ფაქტობრივად, არაფერი აკლია.
- რაზეა ლაპარაკი?! როცა საქმე ალექსანდრეს ეხება, ყველაფერი ისეა, როგორც საჭიროა...
- მაგდა, თქვენ გარშემო ჭორი ხშირად ვრცელდება. როგორ ფიქრობთ, თქვენზე რატომ ჭორაობენ?
- ეს აბსოლუტურად ბუნებრივი რამაა. უფრო მეტიც, შეუძლებელია, არ გაჩნდეს ჭორი იმ ადამიანზე, რომელიც საჯარო საქმით არის დაკავებული, რომელიც ტელეეკრანისა თუ პრესის ფურცლებზე ჩნდება. საერთოდ, პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი არ მიყვარს და ვფიქრობ, ეს საზოგადოებისთვის არც ისე საინტერესო და მნიშვნელოვანია. მართალია, არ მსიამოვნებს, როცა ჩემზე ჭორაობენ, მაგრამ არც იმას ვამბობ ხოლმე: დედა, ეს როგორ გამიბედეს-მეთქი?!.
- ტელევიზიაში მუშაობის ნოსტალგია არ გაწუხებთ?
- ვერ დავუჯერებ ვერავის, ვინც იტყვის, - ტელევიზიაში მიმუშავია და ნოსტალგია არ მაქვსო. მგონია, რომ ტელევიზია განსაკუთრებული და განსხვავებული სფეროა. ვერ აღგიწერთ, ხალხისგან როგორ სითბოსა და სიყვარულს ვგრძნობ დღემდე. თუმცა, ის საქმეც ძალიან მიყვარს, რომელსაც ახლა ვაკეთებ... დაბოლოს, მსურს, ახალი წელი ყველას მოგილოცოთ, მშვიდობას და კეთილდღეობას გისურვებთ! ძალიან მინდა, ყველა პატარა ჯანმრთელი იყოს!..
ლალი ფაცია
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)