Google Map-ზე 100 ქართული ძეგლის შესახებ ინფორმაცია განთავსდა. "100 ქართული ძეგლი Google Map-ზე", - ასე ქვია ახალ პროექტს, რომლის პრეზენტაციას სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი და იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის თავმჯდომარე სოსო წიქარიშვილი დაესწრებიან.
როგორც "ინტერპრესნიუსს" კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, 2012 წელს სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია იქნება.
"ამ მიმართულებით, წლის პირველი პროექტი უკვე განხორციელდა. 100-მდე ქართული ძეგლი მათივე ზუსტი კოორდინატებით Google Map-შია ინტეგრირებული. პროექტი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ურთიერთანამშრომლობით განხორციელდა. Google-ის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აწარმოებდა. საჯარო რეესტრში წელიწადნახევარის განმავლობაში გეოგრაფიული და სივრცობრივი მონაცემები გროვდებოდა იმისთვის, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საიტზე ჩვენი ქვეყნის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულიყო. ინტერაქტიული რუკის შექმნაზე საჯარო რეესტრის GIS - ჯგუფი აქტიურად მუშაობდა", - ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, Google Map- ზე უკვე შესაძლებელია 100-მდე ქართული ძეგლის მარტივად და სწრაფად მოძიება, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შემავალი დანარჩენი ძეგლები კი Google Map-ზე ეტაპობრივად განთავსდება.
"თითოეულ ობიექტს თან ერთვის სრულყოფილი, სასარგებლო ინფორმაცია, გეოგრაფიული კოორდინატები და ა.შ. რუკის ინსტრუმენტებით შესაძლებელია სივრცითი ანალიზი, ობიექტებს შორის მანძილის განსაზღვრა, კონკრეტული ადგილის მოახლოება ან დაშორება (ზუმირება). Google Map-ზე ძეგლების განთავსება საქართველოს უძველესი არქიტექტურისა და მისი მხატვრული ღირებულების წარმოჩენას კიდევ მეტად შეუწყობს ხელს", - აღნიშნულია განცხადებაში.