ახლახან ძალადობისგან დაცვის ეროვნულმა ქსელმა baby box-ების შექმნის იდეა წამოაყენა. მათი ინიციატივით, უნდა დამონტაჟდეს ბუნკერები, რომლებიც ტემპერატურული რეჟიმით იქნება უზრუნველყოფილი და დედა იქ არასასურველ ბავშვს მოათავსებს. არის თუ არა ეს ქალთა დანაშაულის პრევენციისა და ბავშვის სიცოცხლის გადარჩენის გზა. თქვენს კითხვებს პასუხობენ ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის სპეციალისტები.
გამოგზავნილი შეკითხვები:
მკითხველი გოჩა: თუ შეიძლება, დეტალურად გაგვიმარტეთ, რას გულისხმობს "ბეიბი-ბოქსები" და როგორ უნდა იმუშაოს მან.
"ბეიბი–ბოქსი", "სიცოცხლის ყუთი", "წეროს მიერ მოყვანილი ბავშვები" – ასეთი სახელწოდების ყუთები ბევრ ქვეყანაშია დამონტაჟებული სამშობიაროებთან, ბავშვთა სახლებთან, ეკლესიებთან, ან სხვა მსგავს დაწესებულებებთან, ძირითადად იქ, სადაც ბავშვს გაუწევენ სამედიცინო დახმარებას. ასეთ ყუთში დედას ან ვინმე სხვას შეუძლია დატოვოს ამა თუ იმ მიზეზის გამო არასასურველად ქცეული ჩვილი.
მკითხველი ნაზი: ასეთი რამ უკვე არსებობს რომელიმე ქვეყანაში თუ ჩვენ პირველები ვიქნებით? საიდან გაჩნდა ეს იდეა, ვინმე სადმე იყენებს ამ ყუთებს?
ჩვენ პირველები ნამდვილად არ ვართ, მსგავსი პრაქტიკა უკვე არსებობს სხვა ქვეყნებში. ჩვენი სპეციალისტები გაეცნენ ასეთ პროექტებს ევროპის რამდენიმე ქვეყანაში (ჩეხეთი, პოლონეთი, ესტონეთი, ლიტვა, ლატვია...).
მკითხველი იზო: ვისი მეთვალყურეობის ქვეშ იქნება ეს ყუთები ან რამდენ ხანში ერთხელ შემოწმდება არის თუ არა იქ ჩვილი?
როგორც წესი, "სიცოცხლის" ყუთებთან დამონტაჯებულია სიგნალიზაცია და მასში ჩვილის მოთავსებისთანავე შეტყობინება მიეწოდება რამდენიმე ადამიანს, რათა ბავშვმა დროულად მიიღოს დახმარება.
ინსტიტუციურად რომელ უწყებას დაექვემდებარება "ბეიბი–ბოქსების" მართვა, ქვეყნის გადასაწყვეტია.
მკითხველი ეკა: როგორც ვიცი, ეს სიახლე ჯერ იდეის დონეზე არსებოს. რამდენად რეალურია მისი განხორციელება და რომელ სამსახურზეა დამოკიდებული ამ პროექტის ამუშავება?
ზუსტად როგორ აეწყობა სამსახური, რომელ უწყებას დაექვემდებარება ეს კანონმდებლობით უნდა განისაზღვროს და უნა მომზადდეს ნორმატიული ბაზა.
მკითხველი ხათუნა: როგორ ფიქრობთ, ეს ყუთები მეტად ხომ არ გააადვილებს ახალშობილებზე უარის თქმას?
ეს ყუთები მხოლოდ სიცოცხლის გადარჩენის, ასევე ჩვილთა მიტოვებისა და მიგდების ალტერნატივად შეიძლება განვიხილოთ.
თუ დედა ფსიქიკურად ჯანმრთელია, მას ელემენტარული პირობები და მხარდაჭერა აქვს, როგორც წესი, იშვიათად ტოვებს შვილს, მაგრამ, სამწუხაროდ, დღევანდელ ჩვენს რეალობაში არაერთხელ გვსმენია ჩვილთა ქუჩაში მიტოვების, ნაგავსაყრელზე გადაგდების ფაქტების შესახებ.
მკითხველი დორა: ამ ყუთებთან ვიდეოთვალი დამონტაჟდება თუ არა?
ზოგადად "სიცოცხლის" ამ ყუთების დანიშნულება ის არის, რომ ბავშვის სიცოცხლე გადარჩეს, ამავე დროს, დედას, რომელიც ამა თუ იმ მიზეზის გამო მზად არ არის, ბავშვზე მზრუნველობა აიღოს, გატავისუფლდნენ სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, რომელიც ბავშვის მიგდების შემთხვევაში ეკისრებათ.
მკითხველი სოფიო: ძალიან გახშირდა ახალშობილების მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტები. რა არის ამის მიზეზი. 20 წელია საქართველოში გაჭირვებაა და რატომ გახშირდა ასეთი დაუნდობლობა ამ ბოლო დროს?
ერთ–ერთი მიზეზი ალბათ უმძიმესი სოციალური ფონიცაა, თუმცა ძალიან ბევრი უკიდურეს მდგომარეობაში მყოფი ადამიანი არ ტოვებს შვილს.
არსებობს კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა, ჩვენი საზოგადოება დღესაც, ეჭვის თვალით უყურებს მარტოხელა დედებს. საყვარელი ადამიანებისგან მიტოვებულ ახალგაზრდა გოგონებს ხშირად საკუთარი ოჯახის წევრებიც წირავენ. ქვეყანაში თითქმის არ არსებობს სოციალური პროგრამები მარტოხელა დედების მხარდასაჭერად.
ეკონომიკურ–სოციალური მდგომარეობისა თუ საზოგადოების მენტალიტეტის გამო ბევრი ახალგაზრდა დედა იძულებულია, ჩვილი მიატოვოს. ზოგი ყველაზე სასტიკ მეთოდსაც მიმართავს არასასურველი ბავშვის მოსაცილებლად.
ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის თავშესაფარში არაერთი მიტოვებული ფეხმძიმე ქალი გვყოლია. საბედნიეროდ, ამ დედების აბსოლუტური უმრავლოსობა დღეს შვილებთან ერთად ცხოვრობს, ბევრს ოჯახიც შეურიგდა, მაგრამ
სამწუხაროდ, ყველა ვერ აღწევს იმ ადამიანებამდე ან ორგანიზაციებამდე, სადაც მხარდაჭერით შეხვდებიან.