კონტროლის პალატამ ივანიშვილისათვის ცალკე კალენდარი გამოიგონა

კონტროლის პალატამ ივანიშვილისათვის ცალკე კალენდარი გამოიგონა

კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის ხელმძღვანელი ნათია მოგელაძე აცხადებს, რომ პარტიებისა და მათთან დაკავშირებული პირებისთვის ფინანსური ანგარიშგების 1 ნოემბრიდან წარდგენის მოთხოვნა საგადასახადო წელთან არის დაკავშირებული. არადა საგადასახადო წლის 1 ნოემბრიდან დაწყებას არც საგადასახადო კოდექსი იცნობს და არც სხვა რომელიმე კანონი.

ანგარიშგების 1 ნოემბრიდან წარდგენის მოთხოვნა ნათია მოგელაძემ საგადასახადო წელს მას შემდეგ დაუკავშირა, რაც გაკეთდა განცხადებები, რომ "ქართული ოცნებისთვის" ანგარიშგების ნოემბრიდან წარდგენის მოთხოვნა ახალი კანონმდებლობისთვის უკუძალის მინიჭებას ნიშნავდა.

კანონისთვის უკუძალის მინიჭებაზე ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი განცხადება გაკეთდა და უნდა ითქვას, რომ კანონმდებლობაში ეს ნორმა ოფიციალურად რომ არ ჩაიწერა, აშშ-ის საელჩოს საკმაოდ მწვავე განცხადების დამსახურებაა, როდესაც ხელისუფლებამ ნორმა უკვე გამოქვეყნებულ კანონში შეცვალა.

ცხადია, ეს კიდევ სხვა თემაა, მაგრამ ფაქტია, რომ მას შემდეგ ხელისუფლების მხრიდან არაერთი განცხადება გაკეთდა, რომ ახალ რეგულაციებს, რომელიც ძალაში დეკემბრის ბოლოს შევიდა, უკუძალა არ ექნებოდა.

თუმცა საზოგადოებრივ მოძრაობა "ქართულ ოცნებას" ხელისუფლებამ 1 ნოემბრიდან არსებული ანგარიშგების წარდგენა მოსთხოვა. კანონის მიღებამდე კი საზოგადოებრივ მოძრაობას არანაირი ფინანსური ანგარიშგების წარდგენის ვალდებულება არ გააჩნდა.

სწორედ ამიტომ ექსპერტთა და იურისტთა მხრიდან ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება რეალურად კანონისთვის უკუძალის მინიჭებად შეფასდა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის, თამარ ჩუგოშვილის განმარტებით, კანონი "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების" შესახებ 29 დეკემბერს შევიდა ძალაში და სწორედ ამ დროიდან ამოქმედდა ახალი შეზღუდვები და რეგულაციები.

"თუკი უკუძალას ვიყენებთ, კანონში პირდაპირ უნდა იყოს მითითებული, რომ კანონს აქვს უკუძალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი ასე გამოყენება არ შეიძლება. ამ კანონში არ არის მითითება, რომ უკუძალა აქვს, მაგრამ მაინც გამოიყენეს ამდაგვარად. კონტროლის პალატას 29 დეკემბრიდან ინფორმაცია რომ მოეთხოვა, უფრო ლოგიკური იქნებოდა", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, საია-ს ამ კანონთან ძალიან ბევრი შენიშვნა აქვს, რადგან მასში არის ბუნდოვანი ნორმები და ისეთი რეგულაციები, რომლებიც მიუღებლად მიაჩნიათ.

"უკუძალის ამკრძალავ ნორმაში წერია, რომ კანონს უკუძალა შეიძლება ჰქონდეს იმ შემთხვევაში, თუ ის მდგომარეობას არ ამძიმებს. ეს კანონში პირდაპირ არის მითითებული. კანონში ნათქვამია, რა შემთხვევაში არ შეიძლება კანონს ჰქონდეს უკუძალა - იმ შემთხვევაში, თუკი აწესებს, ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას. ნათია მოგელაძე უკუძალის ამკრძალავ ნორმას გულისხმობს, მაგრამ უკუძალას ვერ გამოიყენებ, თუ პირდაპირ არ გეუბნება კანონი, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს კანონი უკუძალით უნდა გამოიყენო. ამ კანონში კი არ არსებობს დათქმა, რომ შეიძლება მისი წინა ურთიერთობებზე გაგრძელება. შესაბამისად, 1 ნოემბრიდან მოყოლებული ინფორმაციის გამოთხოვა არასწორად მიმაჩნია," - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

საინტერესო კი ის არის, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი ნათია მოგელაძე "ქართული ოცნებისთვის" 2011 წლის 1-ელი ნოემბრიდან ფინანსური ანგარიშების წარდგენის მოთხოვნას საგადასახადო წელს უკავშირებს.

"არაერთხელ იქნა განმარტებული კონტროლის პალატის მხრიდან, რომ "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების" კანონის უკუძალა არ ვრცელდება სანქციების ნაწილში. რაც შეეხება ფინანსური ინფორმაციის გამოთხოვის უფლებას, ეს უფლებამოსილება ჩვენ გვაქვს 1-ელი ნოემბრიდან, რადგან კანონით საგადასახადო წლად განსაზღვრულია 1-ელი ნოემბრიდან მომდევნო წლის 1-ელ ნოემბრამდე პერიოდი. კანონის უკუძალა, რომელზეც ასე აქტიურად საუბრობენ, იქნება იმ შემთხვევაში, თუ მოხდება სანქციების ნაწილში რაიმე რეაგირება," - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას მოგელაძემ.

მაგრამ საინტერესო ის არის, რომ საგადასახადო წლად ითვლება 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით არსებული პერიოდი. ამასთან, არც საგადასახადო კოდექსში და არც სხვა რომელიმე კანონში არსად არ არსებობს რაიმე ჩანაწერი, რომ საგადასახადო პერიოდი 1 ნოემბრიდან ითვლებოდეს. თუკი იმ ფაქტს გავითვალისწინებთ, რომ ნათია მოგელაძე ფინანსური მონიტორინგის ხელმძღვანელად დანიშვნამდე პროკურატურაში ფინანსურ დარღვევებზე არსებულ საქმეებს კურირებდა, მაშინ მან ეს კარგად უნდა იცოდეს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი კი აცხადებს, რომ საგადსახადო წელი არაფერ შუაშია და ამ პერიოდზე ანგარიშის მოთხოვნას პარტიებს და მათთან დაკავშირებულ პირებს "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში ახალჩაწერილი ნორმა ავალდებულებს.

"ამ კანონის მიხედვით, კერძოდ, 25 მუხლის მეორე ნაწილი, სადაც ნათქვამია, რომ "თუ ამ კანონის სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, "წელი" ნიშნავს პერიოდს 1 ნოემბრიდან მომავალი წლის 1 ნოემბრამდე". ანუ, ნებისმიერ პარტიასა და ნებისმიერ პირს, ვისაც ამ ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება აქვს, ეხება სწორედ ამ პერიოდს," - აცხადებს პავლე კუბლაშვილი.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ იქნა ეს პერიოდი შერჩეული, ამბობს, რომ "თავის დროზე ამ თარიღის შერჩევა მოხდა სწორედ იმიტომ, რომ არჩევნები, როგორც წესი, ყოველთვის არის ოქტომბერში და აქედან გამომდინარე, ინფორმაცია ფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით უკავშირდება ნოემბრიდან ნოემბრამდე პერიოდს."

თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ საქართველოში ოქტომბერში არჩევნები 2003 წლის შემდეგ მხოლოდ ერთხელ ჩატარდა - 2006 წლის თვითმმართველობის არჩევნები. ხოლო ხუთი არჩევნები - ორი საპრეზიდენტო, ორი საპარლამენტო და ერთი თვითმმართველობის, იანვარსა და მაისშია ჩატარებული.

რუსიკო მაჩაიძე

გაზეთი ”რეზონანსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა