წელიწადნახევრიანი ტყვეობის შემდეგ ქართველი მეზღვაურები საკუთარ სახლებს დაუბრუნდნენ. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მეზღვაურები საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თვითმფრინავით ჩამოფრინდნენ. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ბათუმიდან იუწყება, აეროპორტში საკმაოდ ემოციური დახვედრა შედგა. ტიროდნენ, როგორც მეზღვაურების ოჯახის წევრები, ასევე ყოფილი ტყვეებიც.
ტყვეობიდან გათავისუფლებისთვის მეზღვაურები საქართველოს მთავრობას და საერთაშორისო ორგანიზაციებს მადლობას უხდიან.
მეზღვაურებს ტყვეობაში გატარებული პერიოდის გახსენება უჭირთ.
"ყველაფერი, რაც შეიძლება არაადამიანურ მოპყრობად ჩაითვალოს, მეკობრეები აკეთებდნენ", - აღნიშნა ერთ-ერთმა გათავისუფლებულმა მეზღვაურმა, ზურაბ შერვაშიძემ.
აეროპორტიდან მეზღვაურები ოჯახის წევრებთან ერთად სახლებში გაემგზავრნენ.
15 ქართველი და 3 თურქი მეზღვაური სომალელი მეკობრეების ტყვეობაში თითქმის წელიწადნახევრის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ტყვეობიდან მეზღვაურების გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია 8 იანვარს გავრცელდა. ოფიციალური ინფორმაციით, გათავისუფლების მოლაპარაკებებს საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი კარბელაშვილი ხელმძღვანელობდა.
აფრიკიდან მეზღვაურები ჩარტერული რეისით სტამბულში ჩაფრინდნენ, სადაც მათ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და თურქეთის პრემიერი რეჯებ ტაიპ ერდოღანი დახვდნენ. თურქეთიდან მეზღვაურები საქართველოსკენ გამოემგზავრნენ.
მალტის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი, რომელზეც 15 ქართველი და 3 თურქი მეზღვაური იმყოფებოდნენ, სომალელმა მეკობრეებმა 2010 წლის შემოდგომაზე, ადენის სრუტეში დაატყვევეს. მეკობრეები გემის მფლობელი ბერძნული კომპანიისგან გამოსასყიდის სახით რამდენიმე მილიონ დოლარს ითხოვდნენ. თანხის გადახდაზე გემთმფლობელმა კომპანიამ უარი განაცხადა და მოლაპარაკებები ჩიხში იყო შესული. 2011 წლის ოქტომბერში სომალელმა მეკობრეებმა მეზღვაურების ვიდეოკადრები გაავრცელეს, რომელშიც მძევლები დახმარებას ითხოვდნენ.