"საქართველოს რკინიგზის" მატარებლები, პირველად არსებობის ისტორიაში, მაქსიმალურ სიჩქარეს - 120 კმ/სთ-ს განავითარებენ. ცვლილება დღეიდან განხორციელდება. ამის შესახებ "საქართველოს რკინიგზაში" გამართულ პრესკონფერენციაზე მგზავრთა გადაყვანის სამსახურის დირექტორის მოადგილე ხარიტონ შალამბერიძემ განაცხადა და დასძინა, რომ ეს შესაძლებელი გახდა ინფრასტრუქტურული პროექტის "სწრაფი რკინიგზის" წარმატებული მიმდინარეობის შედეგად.
მისივე განცხადებით, დღეიდან თბილისი-ფოთის მარშუტის ხანგრძლივობა 4 საათი და 45 წუთი, ხოლო თბილისი-ბათუმის კი 5 საათი და 15 წუთი იქნება.
ეს ცვლილება ეხება მხოლოდ დილის მატარებლებს. მგზავრობის ფასი უცვლელი დარჩება. არსებული ცვლილებიდან გამომდინარე, "საქართველოს რკინიგზა" მგზავრებს სთავაზობს პროექტს - "ერთი დღით საქართველოს კურორტებზე". მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთ დღეში თბილისიდან გამგზავრება და უკან დაბრუნება შეძლონ.
როგორც შპს "საქართველოს რკინიგზაში" აცხადებენ, დილის მატარებლებით მგზავრობის დროის ხანგრძლივობის შესამცირებლად, სარკინიგზო ინფრასტურქტურის შესაცვლელად სამუშაოები ერთი წელია მიმდინარეობს.
კერძოდ, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 100 კილომეტრი სიგრძის სარკინიგზო ინფრასტურქტურას. მანამდე მატარებელის საშუალო სიჩქარე 70-80 კმ/სთ იყო. "საქართველოს რკინიგზა" 2013 წლის ბოლოსთვის ბათუმამდე მგზავრობის დროის ხანგრძლივობის 3 საათამდე შემცირებას გეგმავს. ამ მარშრუტზე ქართულ-ჩინური "ვეენკას" ტიპის 5 მატარებელი იმოძრავებს.