რეგიონში საკმაოდ გართულებულ ვითარებაში, ვაშინგტონში დაგეგმილი აშშ-სა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა ამერიკის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის კარგი ნიშანია , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე რონდელმა განუცხადა.
მისი აზრით, ობამა-სააკაშვილის შეხვედრა მნიშვნელოვანია რამდენიმე მიზეზის გამო - რეგიონში ვითარების დაძაბვის ფონზე, სავარაუდოდ, ამერიკა თავის მოკავშირეებთან პოზიციებს აჯერებს და აზუსტებს. გარდა ამისა, აშშ-ში საპრეზიდენტო კამპანია პრაქტიკულად დაწყებულია და ობამას სურს, ოპონენტ "რესპუბლიკელებს" საჯაროდ აჩვენოს, რომ რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკის დაწყებით ვაშინგტონს საქართველო არ მიუტოვებია და ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებში არაფერი შეცვლილა.
რონდელის ვარაუდით, იმის გათვალისწინებით, რომ ობამა-სააკაშვილის ოფიციალური შეხვედრა ნატო-ს ჩიკაგოს სამიტის წინ შედგება, ქართული მხარე მიიღებს პასუხს, თუ რა მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს ოფიციალურ თბილისს ნატო-სთან ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით.
"ეს შეხვედრა ვაშინგტონის კიდევ ერთი მცდელობა იქნება, შეახსენოს რუსეთს, რომ საქართველო აშშ-სთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია და პატარა, მაგრამ დემოკრატიულ ქვეყანას მომავალშიც მხარს დაუჭერს", - დასძენს ალექსანდრე რონდელი.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაქ ობამა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს თეთრი სახლის ოვალურ დარბაზში 30 იანვარს მიიღებს.