მარტვილის ახლად გახსნილ საავადმყოფოში ფასები გაორმაგებულია

მარტვილის ახლად გახსნილ საავადმყოფოში ფასები გაორმაგებულია

მიხეილ სააკაშვილმა სადაზღვევო კომპანიის მიერ რეაბილიტირებული კიდევ ერთი ახალი საავადმყოფო გუშინ მარტვილში გახსნა და სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საავადმყოფოები იხსნება ყველგან და სტატისტიკურად ახლად გახსნილ საავადმყოფოებს 10-ჯერ და 15-ჯერ მეტი პაციენტი ჰყავს, ვიდრე ძველს.

პრეზიდენტისაგან განსხვავებით ახლად გარემონტებულ საავადმყოფოში დასაქმებული ექიმები პრობლემებზე იწყებენ საუბარს.

ყველა რესპოდენტი კონფიდენციალობის დაცვის გარანტიით საუბრობს პრობლემებზე. გარდა მომსახურება-ანაზღაურებისა ისინი საავადმყოფოში არსებულ "პოლიციურ სისტემაზეც" საუბრობენ.

"ჩვენთვის დიდი პრობლემაა დაცვა. ავადმყოფიც და ექიმიც ბევრ რაღაცაში შეზღუდულია. დაცვის თანამშრომლები ყველა პაციენტს დასდევენ, პალატაში ავადმყოფთან მხოლოდ ერთი ადამიანი შევიდეს, მეტი არაო. გარეთ ექიმებს ერთად დგომას უშლიან, არ შეიძლება, დაიშალეთო. ასევე ეზოში მანქანით არ შემოხვიდეთო. ექიმებისთვის ეს ძალიან უხერხული იყო, წვიმაა თუ უცებ გამოძახებაზე ხარ მოსული და ეზოს გარეთ უნდა გააჩერო მანქანა. ისე ვართ როგორც პატიმრები ციხეში," - ყვება ერთ-ერთი მათგანი და ვინაობის დასახელებისაგან თავს იკავებს.

ექიმთა რაღაც ნაწილის უმაყოფილებისა და წვიმიანი ამინდის მიუხედავად მიხეილ სააკაშვილის დასახვედრად მარტვილის საავადმყოფოს ეზოში რაიონის გამგეობის დიდი მონდომების შედეგად საკმაოდ ბევრმა ადამიანმა მოიყარა თავი.

როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი ყვება, ხალხი სამარშრუტო ტაქსებით მოიყვანეს და გამგეობის თანამშრომლებს სიები ეკავათ ხელში, პრეზიდენტის დასახვედრად ეზოში ვინ უნდა შესულიყო და ვინ - არა.

"მე ვიცი, რომ ჯერ კიდევ ყველგან არ არის კარგი საავადმყოფო, ისიც ვიცი, რომ იქ სადაც არის კარგი საავადმყოფო, ყველასთვის ჯერ კიდევ არ არის ხელმისაწვდომი, მაგრამ ნახეთ სად იყო ჩვენი ქვეყანა რამდენიმე წლის წინ და სად ვართ დღეს. რა მოლოდინები გვქონდა და რამხელა პროგრესს მივაღწიეთ ჩვენს მოლოდინებთან შედარებით ახლა," - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას სააკაშვილმა.

მისივე თქმით, შენდება საავადმყოფოები, სადაც თითოეული ოთახი ისეა აღაჭურვილი, თავისი სათავსოებით, გათბობის, კანალიზაციის, ვენტილაციის სისტემებით, რომელიც ადრე საქართველოს 5-6 გარემონტებულ პალატაში იყო და სადაც ერთი მუჭა ადამიანი დადიოდა...

"ჩვენ რომ ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე ვიძახით, ჯერ ჯანდაცვა შევქმნათ და იმის პარალელურად შევქმნათ ხელმისაწვდომობა. იძახიან, რომ ძველი საავადმყოფოები იხურება და ახლები იხსნება. დიდი ამბავი, რომ იხურება და ახლები იხსნება, იმიტომ, რომ ძველ სავადმყოფოებში პაციენტები არ მიდიოდნენ, ექიმები დამემოწმებიან. საკმარისია სადმე გაიხსნას ახალი საავადმყოფო და 5-ჯერ 10-ჯერ 15-ჯერ მეტი პაციენტებია სტატისტიკით, ვიდრე ძველ საავადმყოფოებში. იმიტომ, რომ ეს არის ახალი სისტემა და ახალი სისტემა ახალ ხარისხს და ახალ მოლოდინს წარმოშობს".

პაციენტების სიმრავლეზე ექიმები არაფერს ამბობენ. მათი სასაუბრო თემა მხოლოდ გაზრდილი ფასები და შემცირებული ხელფასების მოლოდინია. თუმცა არც ერთი ექიმი ღიად საუბრისას ამ პრობლემებზე არ ლაპარაკობს. მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ ახალი საავადმყოფო მოსწონთ - კომფორტულია, პალატები მოწყობილია, ექიმებსაც კარგი პირობები აქვთ.

მათგან მცირე ნაწილი ყვება პრობლემებზე, ისიც პირად საუბრებში და მხოლოდ კონფიდენციალურად.

ადრე მარტვილის საავადმყოფოში 4 განყოფილება - ბავშვთა, ქირურგიული, სამშობიარო და თერაპიული არსებობდა, თითოეული 12-12-საწოლიანი, ეს ყველა გაერთიანდა და ერთი 15-საწოლიანი საავადმყოფო "ალდაგი ბისიაისა" და "ბლოკ-ჯორჯიას" მეშვეობით გაკეთდა. სულ, რემონტზე 2 მილიონი ლარი დაიხარჯა.

ოპტიმიზაციის შედეგად ახლად გახსნილ საავადმყოფოში თანამშრომელთა რაღაც ნაწილისათვის სამუშაო ადგილი არ აღმოჩნდა. 10-მდე ექიმმა ცალკე, კერძო პოლიკლინიკა გააკეთა. საავადმყოფო ასევე რამოდენიმე ათეულმა ექთანმაც დატოვა, მათი დიდი ნაწილი ტესტირების დაბალი შედეგების გამო გაათავისუფლეს სამსახურიდან, ნაწილი უკეთესი პირობების გამო ახლად გახსნილ პოლიკლინიკაში გადავიდა.

ირინა გადელია, ექიმი: "ნაწილი, ის ექიმები, რომლებიც ამ ახალ საავადმყოფოში არ მოიაზრებოდნენ, წავიდნენ და სამეგობრო წრესთან ერთად ახალი პოლიკლინიკური სისტემა შექმნეს. ის ექიმები, რომლებიც სტაციონარს სჭირდებოდა, დავრჩით.

"კონტრაქტები ჯერ გაფორმებული არ გვაქვს. 23 იანვარს ველოდებით მენეჯერს და წინასწარ არ ვიცით, ხელფასები როგორ გვექნება. ჩვენი ხელფასებისაგან განსხვავებით შემიძლია გითხრათ, რომ მომსახურეობის ფასები გაზრდილია. ამბულატორიული მომსახურება 20 ლარი ღირს და რა თქმა უნდა, მომატებულია. ადრე, გააჩნია რომელი პროფილის ექიმთან მიდიოდი, ფასი 10 ლარიდან 15 ლარამდე იყო."

ნანა რაზმიაშვილი, ექიმი-გინეკოლოგი: "12 პაციენტი გვყავს. ორი ნამშობიარები ქალი, რომელთაგან ერთმა შვილს მიშა დაარქვა და პრეზიდენტი ამაზე ძალიან აღფრთოვანდა.

"ყველაფერი გარემონტებული და კეთილმოწყობილია. მუშაობისათვის კომფორტია შექმნილი... თავიდან რაღაც პრობლემები გვქონდა დაცვის თანამშრომლებთან, ექიმებსა და პაცინტებსაც ბევრ რაღაცაში გვზღუდავდნენ. ერთად დგომას უშლიდნენ ექიმებს და ჩვენი საავადმყოფოს უფროსმა გიორგი ხორავამ ეს პრობლემა მოგვიგვარა.

"მომსახურების ფასი ზოგი მიმართულებით ძალიან გაზრდილია - მაგალითად, სისხლდენიანი ავადმყოფის მკურნალობა 210 ლარია, როცა ადრე სიმძიმის მიხედვით 86 ლარიდან 106-ლარამდე ღირდა. ვთვლით, რომ გადაუდებელში ძალიან ცუდი პროგრამაა და ეს სახელმწიფომ უნდა დაარეგულიროს. ადამიანს, რომელსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდება, მაშინ უნდა მოიძიოს იმდენი, რომ შეიძლება არ ჰქონდეს. გეგმიურ სამედიცინო მომსახურებაში კი ფასები ნაკლებია."

მისივე თქმით, ხელფასების საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის, "ხელშეკრულება არ გაგვიფორმებია, რაღაც ფურცლები დადეს, სადაც წერია, რომ თუ ჩვენ მიერ შეტანილი თანხა 400 ლარს გადააჭარბებს, ხელფასი შენატანი თანხის 40% იქნება, თუკი 400 ლარს ვერ გადავაჭარბეთ - 25%".

ერთ-ერთი ექიმი ამბობს, რომ ხელშეკრულებები ჯერ გაფორმებული არ არის და ჯერჯერობით, ისე, უხელფასოდ მუშაობენ.

მომსახურების ფასები წინანდელთან შედარებით გაძვირებულია. თუკი ადრე კონსულტაცია სხვადასხვა ექიმთან 10 ან 15 ლარი ღირდა, დღეს ყველა სახის კონსულტაცია 20 ლარია. თანაც, ადრე კონტროლზე მეორედ მოსული პაცინტი ამ 10-15 ლარს აღარ იხდიდა, ახლა - კი. ამიტომაც ძალიან ბევრი კონტროლზე აღარ მოდის, უჭირს ხელმეორედ 20 ლარის გადახდა.

მისი თქმით, "მაგალითად, ელემენტარული ჭრილობის დამუშავება 30 ლარი ღირს და პაციენტი, რომელმაც პირველ მიღებაზე ეს თანხა გადაიხადა, განმეორებით ვიზიტისას, ჭრილობის ხელმეორე შეხვევისთვის თანხა ხელახლა უნდა გადაიხადოს, ადრე კი შეხვევა გადასახადში შედიოდა.

"გარდა ამისა, პრეზიდენტი ამბობს, რომ საავადმყოფო უმწეობისათვის ხელმისაწვდომიაო. უმწეოთა პროგრამა საავადმყოფოს ჩამოერთვა და ახლად გახსნილ კერძო პოლიკლინიკას გადაეცა.

ამიტომაც ჩვენთან პოლისის მქონე პირებმაც უნდა გადაიხადონ ექიმის კონსულტაციის თანხა. აქ მათთვის მხოლოდ გადაუდებელი ოპერაციაა უფასო. რაიონს 12 ათასი დაზღვეული ჰყავს და ახლად გახსნილ საავადმყოფოში უმწეო რატომ ვერ უნდა მივიდეს?!

"გამოცდები ტყუილად ჩაგვაბარებინეს, პაციენტების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა და ეს ჩვენს ხელფასებზეც აისახება. საუბარია იმაზე, რომ ზოგიერთ ექიმს, უბნის ექიმებსა და უბნის თერაპევტებს ხელფასი მოჭრით ექნებათ, დანარჩენს - გამომუშავებით. რენტგენოლოგს უთხრეს, 100 სურათი უნდა გადაიღო, რომ 200-ლარიანი ხელფასი გამოვიდესო."

ლიზი საყვარელიძე

გაზეთი ”რეზონანსი”

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"