24 წლის დიზაინერ დავით გოგობერიშვილს ავტომობილები და მათი დიზაინი ბავშვობიდან იტაცებს. ვინაიდან დღესდღეობით საქართველოში საავტომობილო დიზაინის შესწავლა, ფაქტობრივად, შეუძლებელია, მან სამხატვრო აკადემიის სამრეწველო დიზაინის ფაკულტეტზე ისწავლა. ბაკალავრის სადიპლომო ნამუშევარის დაცვისას, მისმა მანქანამ "ნაით ლაით" ყველაზე მაღალი შეფასება - 97 ქულა დაიმსახურა. ავტოდიზაინერი ამჟამად ახალ მაკეტზე მუშაობს და ის მისი სამაგისტრო დიპლომი იქნება. ამ მაკეტის წარდგენას რამდენიმე თვეში, ევროპულ დონეზე აპირებს.
- დათო, დილეტანტი ვარ და მინდა გამარკვიო, როცა მანქანის მაკეტის მხოლოდ ვიზუალურ მხარეს ქმნი, შიგნით სალონს, ნაწილების განლაგებასაც ხატავ...
- საკმაოდ კარგად ვერკვევი მანქანაში. თუმცა ქუჩაში ახალ მარკას რომ დავინახავ, მის ვიზუალს ვუყურებ და არ ვიკვლევ მის მონაცემებს. მაკეტის შექმნისასას სალონიც ჩემი გასაკეთებელია, ტექნიკურ დეტალებაზე კი მექანიკოსები მუშაობენ. საერთოდ, ასეა: ჯერ იხატება კონცეპტუალური მოდელი, რომელიც საბჭოს წინაშე წარდგება, განიხილება და შემდეგ მისი სახეცვლა იწყება. ფაქტობრივად, ავტომობილის მაკეტი 30%-ით განიცდის სახეცვლილებას, ბევრი დეტალი უნდა გაითვალისწინო ხატვისას და მოდელის შექმნისას. ნებისმიერი მარკის ავტომობილს დახატვიდან 3-4 წელი მაინც სჭირდება, რომ კონვეიერზე გამოვიდეს. ბოლო წლებში ყურადღება გადატანილია გარემოს დაცვაზე.
- საქართველოში ავტომანქანების წარმოება არ ხდება, მაინც რატომ აირჩიე ეს პროფილი?
- დიახ, არ იწარმოება და ამისი არც შორეული პერსპექტივა მოჩანს. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქვეყანა ვართ, არც იაპონიაა დიდი, მაგრამ უზარმაზარი ავტოინდუსტრია აქვს. მთავარია მონდომება, თუ ამ სფეროში ფული ჩაიდება, ყველაფერი შეიძლება გაკეთდეს. და რატომ ეს პროფილი?! იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს ავტომანქანა. სხვანაირად ვერ ავხსნი. შემიძლია გითხრათ, რომ ამით ვცხოვრობ. დღე არ გავა, ინტერნეტში ამ სფეროს სიახლეებს არ გავეცნო. ეს არ ეხება მხოლოდ ავტოდიზაინს, არამედ საერთოდ დიზაინს. ეს ისეთი სფეროა, რომელიც წუთობრივად, წამობრივად იცვლება, ვითარდება და ვერ ჩამორჩები.
- შეგიძლია აღწერო, შენი ავტომობილები სპორტულია თუ კლასიკური?
- შეიძლება გასაკვირი იყოს, მაგრამ სპორტული ავტომობილი არასოდეს დამიხატავს. არ მიზიდავს. ავტომობილს ვიზუალური და კომფორტული თვალსაზრისით ვაფასებ. მან პირველივე შეხედვისას მნახველზე დიდი ეფექტი უნდა მოახდინოს. ვცდილობ, ყოველთვის ექსპერიმენტი ჩავატარო და ისეთი ნამუშევარი შევქმნა, რომ სხვას არ ჰგავდეს. ეს მაშინაც მითხრეს, როცა "ნაით ლაითი" გავაკეთე და ყველა, ვინც ჩემს ნამუშევრებს ნახულობს, ამბობს, რომ მათ ვერაფერს სხვას ვერ ამსგავსებენ.
- შენი დაკვირვებით, საქართველოში მანქანის მფლობელები რას ანიჭებენ უპირატესობას?
- რასაც ვუყურებ, პროტესტი მიჩნდება. ვისაც ახალი ავტომობილის შეძენის საშუალება აქვს, ძირითადად შავ ჯიპებს ყიდულობს, ალბათ მენტალიტეტიდან გამომდინარე, და ასეთივე ფერის სამოსს იცვამს. მე შავი ფერი არ მიყვარს. რატომ უნდა გყავდეს შავი ჯიპი და არა, მაგალითად, სტაფილოსფერი ავტომანქანა?! ათ წლამდე ჩემი საყვარელი ფერი ყვითელი იყო, ათიდან ოც წლამდე - სტაფილოსფერი და ამ ელფერს მანქანებშიც ხშირად ვიყენებ. ბოლო წლებში კი, არ ვიცი რატომ, მაგრამ იასამნისფერი მომწონს. ეს ფერი ძალიან მამშვიდებს, თუმცა ჯერჯერობით ისეთი მანქანა ვერ დავხატე, რომ ეს ფერი მოვუხდინო.
- სამაგიეროდ, შენი ეს გატაცება სამოსზე აისახება...
- (იცინის) კი, ამ ფერებში მაცვია. თან ზოდიაქოთი თევზები ვარ, ახლახან გავიგე, რომ იასამნისფერი თევზების ფერი ყოფილა და ეტყობა, ამას ქვეცნობიერად ვგრძნობდი.
- ვიცი, სხვა საქმიანობითაც ხარ დაკავებული...
- სამრეწველო დიზაინი მოიცავს ყველაფერს. ნივთის გამოყენების გარდა, აქცენტი კეთდება მის დიზაინზეც და ეს ძალიან კარგია. დაწყებული მობილური ტელეფონით, კბილის ჯაგრისით დამთავრებული, ყველაფერს სჭირდება დიზაინი. ამ ბოლო დროს ავეჯის დიზაინსაც ვაკეთებ და ბევრი ნამუშევარი დამიგროვდა. ეს არის ინტერიერში დასადგმელი სხვადასხვა ნივთი. სულ ბოლოს ჩემს სახლში ჩავატარე ექსპერიმენტი და საძინებელი მოვიწყვე. არქიტექტურასაც გადავწვდი და საცხოვრებელ სახლებსაც ვხაზავ. მეგობარმა მითხრა, ცოტა ხანში შეიძლება ტანსაცმლის დიზაინზეც გადახვიდეო. არ ვიცი, შეიძლება, მაგრამ მაინც ნაკლებად მგონია (იღიმის).
მე და ჩემი მეგობარი, მოქანდაკე და დიზაინერი იკი წულაძე სანათებზე ვმუშაობთ. ფაქტობრივად, ეს შემოსავლის წყაროცაა. რამდენიმე პროექტი უკვე გავაკეთეთ და ობიექტები განათებულია ჩვენი სანათებით. ბოლოს ვიმუშავეთ გასართობი ცენტრის განათებაზე და ერთ-ერთ ბანკზე. ვცდილობთ გავაკეთოთ ექსკლუზიური სანათები. ერთი და იმავეს კეთება ფიზიკურად შეუძლებელია და არც არის საინტერესო. თუმცა, თუ მოთხოვნა იქნება, ასეთი დაკვეთის შესრულებაც შესაძლებელია. მაქსიმალურად ვცდილობ, დამკვეთთან ჩემი გავიტანო ან რამდენიმე ვარიანტი გავაკეთო და დამკვეთმა შეარჩიოს. საერთოდ, ცხოვრებაში მაქსიმალისტი ვარ, შეიძლება ეს ხანდახან დამღუპველიც იყოს, მაგრამ საშუალო არაფერი მიყვარს - ან ყველაფერი, ან არაფერი. ამიტომ უახლოეს მომავალში მინდა მაგისტრატურის დიპლომი ისე დავიცვა, რომ სრულფასოვანი მაგისტრანტი ვიყო.
ანა კალანდაძე
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)