საქართველოს შსს-ს ადმინისტრაციის უფროსმა, შოთა ხიზანიშვილმა საბერძნეთში ე.წ. კანონიერი ქურდის, ლაშა შუშანაშვილის დაკავების ფაქტი ოფიციალურად დაადასტურა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შოთა ხიზანიშვილმა განუცხადა, შუშანაშვილი საბერძნეთში შვიდ თანამზრახველთან ერთად დააკავეს. მისი ცნობით, შუშანაშვილი ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით იძებნებოდა. შუშანაშვილს ეძებდა როგორც ქართული, ასევე ესპანური მხარე.
ხიზანიშვილის განმარტებით, სასამართლო გადაწყვეტს, თუ რომელ ქვეყანაში მოხდება შუშანაშვილის ექსტრადირება.
უცხოური მედიის ინფორმაციით, დაკავებულს სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. ის ერთ-ერთ ფეშენებელურ სასტუმროში დაცვასთან ერთად აიყვანეს. ქართველი კრიმინალი საბერძნეთში ყალბი რუსული პასპორტით იმალებოდა.
დაკავებულთა სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით, "კრიმინალურ ავტორიტეტს" ლაშა შუშანაშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით - "კანონიერი ქურდობისა" და 181 მუხლის "ა" და "გ" ქვეპუნქტით - გამოძალვის ბრალდებები დაუსწრებლად წარედგინა.