ბრძოლა ფიჯის კუნძულებისთვის - გრიგოლ ვაშაძის შემდეგ კუნძულებზე სერგეი ლავროვი ჩადის

ბრძოლა ფიჯის კუნძულებისთვის - გრიგოლ ვაშაძის შემდეგ კუნძულებზე სერგეი ლავროვი ჩადის

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი თებერვალში ფიჯის კუნძულებზე ოფიციალურ ვიზიტს გეგმავს. მედია ვარაუდობს, რომ რუსეთს ამ ვიზიტის გამოყენება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებისთვის სურს. როგორც ავსტრალიური მედიასაშუალებები წერენ, ლავროვი შეეცდება დაარწმუნოს ფიჯის ხელისუფლება, რათა მან აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ცნოს.

ამ შეფასებების თაობაზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომდგენელმა, ალექსანდრ ლუკაშევიჩმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

ანალიტიკოსთა აზრით, აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტი დიდი ხანია წყნარი ოკეანის კუნძულებზე გრძელდება. რუსეთი თავისი მოსყიდვის პოლიტიკით კუნძულ-სახელმწიფოებისგან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების მიღწევას ცდილობს. თავის მხრივ, არც ქართული მხარეა უმოქმედოდ და ამ ჯუჯა სახელმწიფოებთან თანამშრომლობით მათგან ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას ელის.

"მას შემდეგ, რაც ფინანსური დახმარების საფასურად არქიპელაგმა ტუვალუმ და კუნძულმა ნაურუმ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარეს, ახლა რუსეთი და საქართველო ფიჯის მოხიბვლას ცდილობენ", - წერს უცხოური გამოცემა "ბიზნესვიქი" და მიიჩნევს, რომ ქართული და რუსული მხარე ჰუმანიტარული დახმარებებით წყნარი ოკეანის აუზში მოკავშირეების შეძენას თანაბარი ძალისხმევით ცდილობენ.

არაოფიციალური ვერიით, სწორედ ამ მიზნით ეწვია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, გრიგოლ ვაშაძე ფიჯის კუნძულებს ოქტომბერში და ადგილობრივი ხელისუფლების კეთილგანწყობის მოპოვება სცადა. ადგილობრივ მედიაში გამოქვეყნებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ვაშაძემ ფიჯელი სტუდენტებისთვის რამდენიმე სტიპენდია დააწესა, მოსწავლეებს კი პერსონალური კომპიუტერები და წიგნები აჩუქა. "მეგობრებთან პირდაპირი ურთიერთობების დამყარება საქართველოს მთავარი პრინციპია და ორმხრივ ურთიერთობაში არასდროს ვრევთ მესამე მხარეს", - განაცხადა ვაშაძემ ფიჯის პრემიერ-მინისტრ კომოდორ ვორეკ ბეინიმარამასთან შეხვედრის შემდეგ.

რუსეთის მოსყიდვის პოლიტიკას კუნძულოვანი სახელმწიფოების მიმართ ავსტრალიაში "ჩეკების წიგნაკთა დიპლომატიას" უწოდებენ. ავსტრალიის საპარლამენტო მდივანმა წყნარი ოკეანის საკითხებში, რიჩარდ მარლესმა გაზეთ "ჰერალდს" განუცხადა, რომ რუსეთი მსოფლიოს პატარა სახელმწიფოების "ექსპლუატაციას" ცდილობს, ჩეკების წიგნაკით წარმოებული დიპლომატიით კი ძირს უთხრის რეგიონის განვითარებას.

აფხაზეთის აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნებთან ურთიერთობის სპეცემისრის, იურის გულბისის განცხადებით, რესპუბლიკა დახმარებაზე დამოკიდებულ სახელმწიფოებს აფხაზეთის აღიარებისკენ მოუწოდებს. გულბისის ინფორმაციით, ამ წინადადებით აფხაზეთმა 14 ქვეყანას მიმართა, მათ შორის - ფიჯის.

სიდნეის საერთაშორისო პოლიტიკის ინტიტუტის პროფესორის, ფერგუს ჰენსონის განცხადებით, წყნარი ოკეანის ქვეყნები ფინანსური დახმარების სანაცვლოდ დიპლომატიურ აღიარებას თავის დროზე ჩინეთმა და ტაივანმა "მიაჩვიეს".

"ჩინეთმა ბოლო 5 წლის განმავლობაში ამ სახელმწიფოებს 600 მლნ დოლარი დაახარჯა, ტაივანმა კი ფულით ამ რეგიონში 23 მოკავშირე შეიძინა, მათ შორის - ტუვალუც. ასე რომ, აფხაზეთის აღიარებით ეს სახელმწიფოები არაფერს კარგავენ, რადგან მათი საერთაშორისო სტატუსი მსოფლიოში ისედაც დაბალია", - აცხადებს ჰენსონი "ბიზნესვიქთან" საუბრისას.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ფიჯიზე ვიზიტი 1 თებერვლისთვის არის დაგეგმილი. ლუკაშევიჩის განცხადებით, გადაუღებელი წვიმების მიუხედავად, რომელსაც კუნძულზე უკვე რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ვიზიტი არ გადაიდება.

"მოლაპარაკებების გამართვა ნებისმიერ ვითარებაში შესაძლებელია", - აცხადებს ლუკაშევიჩი. 

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა