როგორ იხსენებს იტალიური ეზოს ამბებს "აბეზარას" სიმპათიური არქიტექტორი

როგორ იხსენებს იტალიური ეზოს ამბებს "აბეზარას" სიმპათიური არქიტექტორი

"რეიტინგში" ახალი რუბრიკა გვაქვს, საკუთარი ეზოს ამბებსა და იქ გადახდენილ ბავშვობის ამბებს ცნობილი ადამიანები მოგვიყვებიან. პირველ რესპონდენტად კინოფილმ "აბეზარას" სიმპათიური არქიტექტორი, მომღერალი თენგიზ მუშკუდიანი შევარჩიეთ. ბატონი თენგიზი ვერაზე, სამსართულიანი სახლის მეორე სართულზე ცხოვრობს. იქ დაიბადა, გაიზარდა და მშობლიური ბინა მესამე კურსის სტუდენტმა დატოვა. მას შემდეგ რამდენიმე ბინა გამოიცვალა, მაგრამ 1965 წელს ფუძეს ისევ დაუბრუნდა, თუმცა ეზო შეცვლილი დახვდა, ბავშვობის მეგობრები კი დაღუპული...

- ბატონო თენგიზ, ამ ეზოში დაიბადეთ?

- დიახ, აქ, სადაც დღეს ვცხოვრობ. როგორც ხედავთ, სახლი სამსართულიანია. აქ დავიბადე და გავიზარდე. საოცარი ეზო გვქონდა, ყველა ეროვნების მეზობლები მყავდა - ასირიელები, სომხები, ებრაელები. მიმაჩნია, რომ ძალიან საინტერესო ბავშვობა მქონდა (იღიმება). ყოველ დილას წყნეთიდან ჩამოსული მემაწვნე ქალების ხმა მაღვიძებდა. ძალიან გემრიელი მაწონი მოჰქონდათ, ვიყიდდით, ქილებს ტოვებდნენ, მეორე დღეს წასაღებად მოდიოდნენ და ახალი მაწონი მოჰქონდათ.

- პირველად რა ასაკში გააცნობიერეთ სამეზობლოს მნიშვნელობა?

- ასე გავიზარდე, რადგან იტალიურ ეზოში მეზობლები ყოველთვის ახლოს ვიყავით ერთმანეთთან. დილას რომ გავიღვიძებდით, ყველა საკუთარი ფანჯრიდან ვიხედებოდით და ერთმანეთს მოვიკითხავდით. ჭირსა თუ ლხინს ვუზიარებდით და ერთმანეთს მხარში ვედექით.

- გიყვარდათ ეზოში თამაში?

- მთელი ბავშვობა იქ გავატარე. ეზოში, ქუჩასა და უბანში. ბავშვები ვმეგობრობდით, ერთმანეთისთვის ძმები ვიყავით და ეროვნებას მნიშვნელობა არ ჰქონდა, ხანდახან ვჩხუბობდით, მაგრამ მალე ვრიგდებოდით. სხვა ეროვნების ბავშვებიც ქართულად ლაპარაკობდნენ, მაგრამ ჩვენც გვესმოდა მათი ენა. საერთოდ, ენის სწავლაში უნიჭო ვარ და მე ვერ ვისწავლე, მაგრამ ბევრმა ქართველმა ბავშვმა მათგან სომხურიც ისწავლა.

- მაშინ რა თამაშებს თამაშობდით?

- ძირითადად ლახტს, ფეხბურთს...

- დედა თუ გაგზავნიდათ მეზობლებთან, თუნდაც შაქრის სათხოვნელად?

- ასეთი რამ არ მახსოვს. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკურად არ გვილხინდა. ეტყობა მშობლები მათამამებდნენ, რადგან ამას ვერ ვგრძნობდი. ვერ წარმომედგინა, რომ უკეთესი ცხოვრება შეიძლებოდა ყოფილიყო.

- იტალიურ ეზოში ძირითადად ერთ ოჯახად ცხოვრობენ, ამ კუთხით გამონაკლისი არც თქვენი ეზო იქნებოდა.

- დიახ, ერთმანეთს ჭირშიც მხარში ვედექით და ლხინშიც. არც ერთი ჩაკეტილი ოჯახი არ იყო. დილიდან უკვე ერთმანეთს ვუამბობდით ახალ ამბებს, ქორწილი რომ იყო, ყველას გვიხაროდა, პატარძალს მთელი ეზო ვაცილებდით. ეზოში თხუთმეტამდე ბავშვი ვცხოვრობდით, მათ შორის გოგონებიც. პატარები რომ იყვნენ, ჩვენთან ერთად თამაშობდნენ, ვინ არჩევდა გოგოსა და ბიჭს, მაგრამ როდესაც გაიზარდნენ, განცალკევდნენ, თითქოს რაღაც ზღვარი გაჩნდა ჩვენ შორის.

- ყოველ დილას ეზოში უფროსები ახალ გაზეთებს არ კითხულობდნენ?

- ახლა რომ გამოდის, სად იყო იმდენი გაზეთი. მხოლოდ "კომუნისტი" და სულ რამდენიმე გაზეთი გამოდიოდა. იქაც ერთი და იგივე იბეჭდებოდა და განსაკუთრებულ ყურადღებას არ ვაქცევდით. ეზოში მამაკაცები იკრიბებოდნენ და დომინოს თამაშობდნენ, მაგრამ მამას არ უყვარდა და არ ჩადიოდა. დღემდე თბილისის ბევრ უბანშია შემორჩენილი ეს კარგი ტრადიცია.

- როგორ ფიქრობთ, რა გავლენა მოახდინა იტალიურმა ეზომ თქვენს აღზრდაზე?

- არავის ეწყინოს, მაგრამ მეგობრობის განსაკუთრებული გრძნობა ჩამომიყალიბდა და ადამიანების მიმართ დამოკიდებულებაც სხვანაირად მასწავლა.

- შეგიძლიათ ბავშვობის მეგობრები გაიხსენოთ?

- როგორ არ მახსოვს. ერთი აისორი მეგობარი მყავდა ჯანო, მეორე სართულზე ცხოვრობდა. ჩვენ შორის სპორტში ყველაზე ნიჭიერი ბიჭი იყო. საოცრად თამაშობდა ფეხბურთს. ისეთი მონაცემები ჰქონდა, თავის დროზე მისთვის რომ ყურადღება მიექციათ, მსოფლიო დონის ვარსკვლავი გახდებოდა.

- რატომ არ მიაქციეს ყურადღება?

- მე გიყვებით მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდზე, მაშინ როდესაც 7-8 წლის ასაკში ვიყავით. უკიდურესი გაჭირვება გამოვიარეთ. ომის შემდგომ კი მიაქციეს ყურადღება ნიჭიერ ხალხს, მაგრამ მანამდე ბევრი ნიჭიერი ადამიანი დაიკარგა.

- გახსოვთ ის დღე, როდესაც ომის დაწყების შესახებ შეიტყვეთ?

- წარმოშობით ქუთაისიდან ვართ. ასე ვთქვათ, ქუთაისელი სვანები ვართ (იღიმება). ზაფხულობით დასასვენებლად ბებიასთან მივდიოდი და მერე იქიდან სოფელ ბაღდათში გადავდიოდით. ერთ დღეს მამამ მატარებელში ჩამსვა, გამცილებელს მოელაპარაკა, რომ დამხვდებოდნენ და მარტო გამიშვა. მატარებელი რიონამდე მიდოდა და იქიდან ქუთაისში მისასვლელად რვა კილომეტრი ფეხით უნდა გაგევლო. რიონში დამხვდნენ და გზა ფეხით გავაგრძელეთ, მახსოვს, ადრიანი დილა იყო და მაშინ გავიგე, რომ ომი დაიწყო.

- ასაკის გამო ალბათ ომის სიმძიმე ვერ გააცნობიერეთ...

- იმდენად პატარა ვიყავი, რომ არც კი ვიცოდი, რა იყო ომი და რა უბედურება შეიძლებოდა მოეტანა ხალხისთვის. ჩემი გაგებით, ეს იყო ვაჟკაცობისა და გმირობის ისტორია. ჯარში წასვლასა და თავის გამოჩენაზე ვოცნებობდი.

- არდადეგები დამთავრდა, თქვენ თბილისში დაბრუნდით და ომი ისევ გრძელდებოდა, ეზო შეცვლილი დაგხვდათ?

- რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე დრო იყო, რთული პერიოდი გვედგა. ჩვენს ეზოში პირველ სართულზე ებრაელების ოჯახი ცხოვრობდა. ორი ძმიდან უმცროსი გადარჩა, რადგან ომში წასვლა არ შეეხო. უფროსი ჯარში გაიწვიეს და ტრაგიკულად დაიღუპა. გერმანელებმა გაიგეს, რომ ებრაელი იყო და წამებით მოკლეს. იმ წლებში ბევრი ნათესავი დამეღუპა. ჩემი დედინაცვლის ძმა ქერჩში გარდაიცვალა. ამ წლებმა თავისი კვალი დატოვა და, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანზე მოახდინა გავლენა.

- თუ გახსოვთ, ომის დამთავრება როგორ გაიგეთ?

- როგორ არ მახსოვს, თბილისში ვიყავი და რადიოთი გადმოსცეს. სასწაული რეაქცია გვქონდა. გამოაცხადეს, რომ ომი დამთავრდა და ფაშიზმი დამარცხდა. ერთი ამბავი იყო. ბევრი ვიზეიმეთ. გაჭირვებულმა ხალხმა დანგრეული ქვეყანა თავიდან ააშენა და მოაწესრიგა.

- ყველა უბანს ჰყავს თავისი კოლორიტული პიროვნება, თქვენს ბავშვობაში ვინ იყო ასეთი ადამიანი?

- ძველი ბელინსკის ქუჩაზე სახელგანთქმული თბილისელი ყმაწვილი ნიაზ დიასამიძე ცხოვრობდა. ის რომ რაღაცას იტყოდა ან ჩაიდენდა, მერე წლები ჰყვებოდნენ ამაზე. დედაჩემი და მისი ბებია მეგობრობდნენ, სახლშიც მივდიოდით მათთან.

- მისი ხუმრობებიდან განსაკუთრებით რომელი გახსენდებათ?

- ახლა ტელევიზიით რომ გადის გადაცემა "ფარული კამერა", ნიაზ დიასამიძის მოგონილია. გახსოვთ ალბათ, ადრე სახლებზე ფოსტის ყუთები ეკიდა. მივიდოდა ნიაზი რომელიმე სახლთან, ყუთს მხრით აეყუდებოდა, ვითომ ვარდებოდა და გამვლელებს ეუბნებოდა, მოდი, მიშველე, ცოტა ხანს დაიჭირე და მე ხელსაწყოებს მოვიტანო. იდგა ის ადამიანიც ასე აყუდებული ყუთთან და ნიაზი იკარგებოდა. მაშინ "ფარული კამერა" რომ ყოფილიყო, გენიალური გადასაღები იქნებოდა, წარმოიდგინეთ, კედელზე აყუდებულ კაცს საფოსტო ყუთი უჭირავს.

- თქვენს ეზოში თუ ცხოვრობდა გამორჩეული პიროვნება?

- პირველ სართულზე ჟივიძეების ოჯახი ცხოვრობდა. ცოლ-ქმარი დრამის მსახიობები გახლდნენ, რაიონებში დადიოდნენ და წარმოდგენებს მართავდნენ. მათ ოჯახში სამი ვაჟკაცი იზრდებოდა და მახსოვს, მათთან ცნობილი მსახიობები, პოეტები და მწერლები დადიოდნენ. განსაკუთრებით ვასო გოძიაშვილი მახსენდება. თეატრში ნანახი არ მყავდა, მაგრამ როდესაც მოდიოდა, მთელი ეზო მასზე ჩურჩულებდა, რომ დიდი მსახიობი იყო.

- უბნის ვასასი თუ გყავდათ, ქალბატონი, რომელმაც ყველა ჭორი იცოდა?

- ჭორიკანა არა, მაგრამ ერთი გამორჩეული ქალბატონი ცხოვრობდა, დეიდა მაშო. ერთი შვილი ჰყავდა, რომელიც ომის დროს მოსკოვში სწავლობდა და იქ დარჩა. დეიდა მაშო უბნის ბავშვებს საკუთარი შვილებივით გვზრდიდა. ძალიან პატივსაცემი პიროვნება იყო, ხშირად ვსტუმრობდით და ყველაფერს ვუყვებოდით.

- ბატონო თენგიზ, მეზობლის გოგო თუ მოგწონებიათ?

- როგორ არ მომწონებია (იღიმება). ჩვენი სახლის პირდაპირ მსახიობი მამაკაცი, გვარად ყარალაშვილი ცხოვრობდა. ეს კაცი პირველ მოკლემეტრაჟიან ფილმში "ვეფხისტყაოსანი" ტარიელის როლში გადაიღეს. ლამაზი კაცი იყო, ეზოში ჩამოჯდებოდა და სიგარეტს ეწეოდა. გადასარევი ქალიშვილი ჰყავდა და მთელი უბნის ბიჭები მასზე ვიყავით შეყვარებულები. მორცხვი ყმაწვილი გახლდით და ჩემთვის წარმოუდგენელი იყო გოგონასთვის ხელი მომეკიდა ან რამე მეთქვა, არც წერილი გამიგზავნია. შორიდან ვეტრფოდი... მერე გავიზარდეთ, დავიფანტეთ და ისიც გათხოვდა.

- რა ასაკში მიატოვეთ თქვენი ეზო?

- სამედიცინო ინსტიტუტის პარალელურად კონსერვატორიაში ვსწავლობდი. მესამე კურსზე სწავლისას საოპეროზეც ჩამრიცხეს და პირველი სემესტრის შემდეგ ვაკეში ბინა მომცეს, როგორც რესპუბლიკის დამსახურებულ არტისტს. მაშინ მხოლოდ 27 წლის ვიყავი, ვამბობდი, რა დავიმსახურე ამისთანა-მეთქი (იცინის). პირველ მეუღლესთან ერთად ვაკეში მოსაშვილის ქუჩაზე ვცხოვრობდი. მეორედ რომ დავოჯახდი, ბავშვები მყავდა, ცოტა ვიწროდ ვიყავი და ყოფილ წიგნების სახლთან დიდი ბინა მომცეს. მე იქ ვცხოვრობდი, ამ ბინაში კი მშობლები. ერთი სიტყვით, ბევრი ბინა გამოვიცვალე, მერე რაღაც მოხდა და 1985 წელს ისევ აქ დავბრუნდი. მეზობლებიდან ზოგი გარდაცვლილი დამხვდა, მხოლოდ რამდენიმე შემომრჩა.

- იმ წლებში, როცა ამ სახლში აღარ ცხოვრობდით და პოპულარული გახდით, ეზო ალბათ თქვენით ამაყობდა.

- რა თქმა უნდა, უხაროდათ. აქ რომ მოვდიოდი, ყოველთვის კარგად მხვდებოდნენ. მიყვებოდნენ ჩემს ამბებს, გუშინ გადაცემა იყო თქვენზე და ვუყურეთო. ამ დროს მე არ მახსოვდა ის გადაცემა.

- თქვენ შესა­ხებ ჭორებს თუ გი­ყვებოდნენ, თუ მაშინ პოპულარულ სახეებზე ამდენს არ ჭორაობდნენ?

- ჭორებს როგორ არ ავრცელებდნენ, მაგრამ ჩემი დადებითი მხარე ის იყო, რომ ჭორები არ მიყვარდა და ცხოვრებაში არ მისაუბრია იმაზე, რაც საჭირო არ იყო. ვთვლიდი, რომ ეს უხერხული იყო და არც პირადი გამომიტანია საჯაროდ.

- დღეს, როდესაც ეზოს უყურებთ, ისევ ისე თამაშობენ ბავშვები, როგორც თქვენ დროს?

- რა თქმა უნდა, ისევ ისეთი ჟრიამულია. ქვევით ჩემი მანქანა დგას და ხან რას აწერენ, ხან ჩხაპნიან. ბავშვები არიან და შენიშნვას ვერ მივცემ. ხანდახან კი ვყარაულობ და ვეძახი, ბავშვებო, მანქანიდან ჩამოდით-მეთქი. ზაფხულში ფანჯრიდან ვერ ვიხედები, ისეთი ჟრიამულია, მაგრამ ეს არის ჩვენი სიხარული. უნდა ითამაშონ, აბა, რა უნდა ქნან.

- თქვენი ბავშვობის მეგობრებიდან დღეს თუ არის ვინმე ცოცხალი?

- სამწუხაროდ აღარავინ. ამ სახლში ერთი ბეგლარიშვილი ცხოვრობს. ჩემზე ოცი წლით უმცროსია და ამ სახლიდან მხოლოდ ის მახსოვს. სტუდენტი რომ ვიყავი, ბავშვი იყო. როცა აქ დავბრუნდი, ის ბავშვი უკვე დაკაცებული დამხვდა და ოჯახი აქვს. დანარჩენები უცხოები არიან. დღეს ცხოვრებამ მოიტანა და უფრო ჩაკეტილია ურთიერთობები, ხალხიც ცოტა გაცივდა. ადრე კი არაფერი გვქონდა ერთმანეთისგან დასამალი და ხანდახან კარს ღიასაც კი ვტოვებდით.

ნინო გიგიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"