როცა ადამიანი ბევრს კითხულობს და მრავალმხრივ განვითარებული გონება აქვს, მასთან მრავალ თემაზე შეიძლება ხუმრობა. ჩვენი საზოგადოება კი ამ მხრივ მოიკოჭლებს, ამიტომ ჩემი არჩევანი შეზღუდულია, - ამბობს მსახიობი და იუმორისტი ბიძინა მახარაძე, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკას ხშირად სტუმრობს...
- ყოველ მეორე დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვარ. ასე რომ, არ ვეკუთვნი მათ რიცხვს, ვინც წიგნი დაივიწყა. ყოველდღე რაღაცას ვკითხულობ, ძირითადად - იუმორისტულ ლიტერატურას, მაგრამ მარტო იუმორისგან რომ არ გავგიჟდე, სამეცნიერო-ფილოსოფიურ და ხანდახან ეკონომიკურ ლიტერატურასაც ვეცნობი ხოლმე.
საზოგადოება წიგნს დაშორდა. ეკონომიკური წყობის შეცვლა გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკაზე. საბჭოთა პერიოდში თუ ცოტ-ცოტა ყველაფრის შესახებ უნდა გცოდნოდა, დღეს ამის აუცილებლობა არ დგას. ახლა მთავარია, სპეციალობით იცოდე ყველაფერი, იმის იქით რა ხდება, შენი საქმე აღარ არის.
ბავშვობაში რაც მაკლდა, ახლა ვინაზღაურებ, რადგან კითხვა ძალიან მეზარებოდა. ალბათ, იმიტომ, რომ ჩვენს ოჯახში ბიბლიოთეკა არ იყო, თუმცაღა მამაჩემი მოაზროვნე კაცი გახლდათ, ბიბლიოთეკაში სიარული კი მეზარებოდა. მეუღლესაც ვეუბნები, რაც ოცდაათი წლის წინ უნდა წამეკითხა, ახლა ვკითხულობ-მეთქი.
- რომელი მწერალი მოგწონთ?
- ბავშვობაში მაინ რიდი, მოპასანი, ემილ ზოლა მომწონდა... დღეს რომანისტებიდან ბალზაკს გამოვყოფდი, ქართველისთვის კარგად საკითხავი მწერალია. დოსტოევსკის ქება ყველგან ისმის: ნიცშე ამბობდა, ფსიქოლოგიაში ჩემი ერთადერთი მასწავლებელიაო; აინშტაინმა - ფიზიკის მასწავლებლებს ჩემთვის იმდენი არ უსწავლებიათ, რამდენიც დოსტოევსკიმ მასწავლაო. ამ ორი მაგალითიდანაც ჩანს, რამხელა მწერალია, მაგრამ მე მისი კითხვა მიჭირს... რაც შეეხება ქართულ მწერლობას, მიმაჩნია, რომ ქართველებს მსოფლიო მასშტაბის შედევრი გვაქვს, "დათა თუთაშხია", რომელიც თვეში ერთხელ მაინც უნდა გადავიკითხოთ.
- რომელი ლიტერატურული პერსონაჟია ბიძინა მახარაძე?
- ლიტერატურულ პერსონაჟებთან არა, მაგრამ ფიროსმანთან დიდ სიახლოვეს ვგრძნობ.
- ხომ არ ხატავთ?
- არა, ბავშვობაში ვხატავდი, უმთავრესად - ფეხბურთელებს, მაგრამ ხატვას არ გავყოლივარ. ფიროსმანის ცხოვრება რომ წავიკითხე, მის პიროვნებასთან ბევრი საერთო აღმოვაჩინე. დონ კიხოტიც მომწონს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ვგავარ.
- აუცილებლად წასაკითხ წიგნებად რომლებს მიიჩნევთ?
- უპირველეს ყოვლისა, ბიბლიას. ახლა მაგიდაზე ნიცშე მიდევს და ესეც აუცილებლად წასაკითხ წიგნად მიმაჩნია. ძალიან კარგია მონტესკიეს "კანონთა გონი". ყველა დამწყებ მსახიობსა და რეჟისორს ვურჩევ, მიხეილ თუმანიშვილის სამტომეულს გაეცნონ. რასაკვირველია, ყველა ადამიანი აუცილებლად უნდა იცნობდეს შექსპირს.
რაც შეეხება ჩემს პროფესიას, უდიდეს სატირიკოს-იუმორისტად მიმაჩნია ჟვანეცკი და ბედნიერი ვარ, რომ შინ მისი ხუთტომეული მიდევს.
- ინტელექტუალურ იუმორს ქართველი მაყურებელი როგორ იღებს?
- როცა ადამიანი წიგნებს კითხულობს და მრავალმხრივ განვითარებული გონება აქვს, მასთან მრავალ თემაზე შეიძლება ხუმრობა. ჩვენი საზოგადოება ამ მხრივ მოიკოჭლებს, ამიტომ ჩემი არჩევანი შეზღუდულია. ხუმრობა, სადაც ოდნავ ეროტიკული სიუჟეტია, ანდა ნახსენებია სიტყვები: "კუბო", "დასაფლავება", "ქელეხი" მოსწონთ. როგორც კი ამ თემებს გასცდები, მათი გაცინება უკვე ძნელია. არსებობს "ცხელი" თემებიც, მაგრამ წინათ თუ ისინი ერთი წლის განმავლობაში ინარჩუნებდა ტემპერატურას, ახლა ერთ თვეს თუ ძლებს. ახლა რა მონოლოგზეც ვმუშაობ, ვიცი, რომ სწრაფად წარმავალია, მაგრამ ცხელია... არსებობს მარადიული თემები, რომელთა შესახებ ხუმრობისას დიდი ოსტატობა გმართებს.
- ახალ წიგნებს თუ ეცნობით?
- რაც გამოდის, ვცდილობ, თვალი მაინც გადავავლო. საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ ხომ ვიცი, ვინც ვარ; გამოვიდა ქართული იუმორის ენციკლოპედია, სადაც ნახსენებიც არ ვარ. მინდა, ავტორს მადლობა გადავუხადო - ალბათ, რაღაცით გამომარჩია, იქ რომ ვერ მოვხვდი.
- ჩვენი სინამდვილე რომელ ნაწარმოებს გაგონებთ?
- მარკ ტვენის ას ორმოცდაათი წლის წინ დაწერილ მოთხრობებში დღევანდელ საქართველოს ამოიცნობთ. ძალიან კარგი მწერალია არკადი ავერჩენკო, რომელსაც რუს მარკ ტვენსაც ეძახიან. მისი შემოქმედებაც ძალიან მიესადაგება ჩვენს სინამდვილეს.
დავით ოქრუაშვილი
![]()
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)